იულია ლატინინა - გოგა ხაჩიძემ მითხრა, რომ ოქრუაშვილმა ფუჭი ტყვია ესროლა
რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" აგრძელებს ჟურნალისტ იულია ლატინინას წერილების გამოქვეყნებას, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება. სტატიაში სახელწოდებით - "საქართველო: ომი და რეფორმა" ჟურნალისტი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთობების უცნობ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
"თუ ერთი ფრაზით განვავრცობთ სააკაშვილის გავლენიან მოწინააღმდეგეებს, მაშინ ეს ფრაზა ასეთი იქნება: ყველა მათგანს არ მისცეს. აი, ტიპური მაგალითი: ეროსი კიწმარიშვილი, ახლანდელი ოპოზიციონერი, ირაკლი ოქრუაშვილის "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი. "ვარდების რევოლუციაში" მის საკუთრებაში არსებულმა "რუსთავი 2"-მა უზარმაზარი წვლილი შეიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, ეროსი მის კაბინეტში კუბოკრული პერანგით შევიდა და ხელში გასაღებების აცმას ატრიალებდა. მისი საუბრის აზრი ის იყო, რომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მან მთავრობაში გააგზავნა საბუთი იმ საწარმოების მიღების მოთხოვნით, რომელთა მიღებაც ეროსის ქვეყნის გათავისუფლების სანაცვლოდ უნდოდა... "გაეთრიე", – უთხრა მას ბენდუქიძემ. "შენ კიდევ დაგელაპარაკებიან", – უპასუხა ეროსიმ", – წერს ლატინინა "ნოვაია გაზეტაში.
ჟურნალისტი აგრძელებს, რომ არანაკლებ ტიპურია თავად ოქრუაშვილის ფიგურა, რომელიც ლატინინას შეფასებით, არც ისე ცუდი იურისტი და სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო.
"ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა ადამიანს ძალაუფლებისგან ჭერი ეხდება. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი გართობა გულისხმობდა დანაღმულ ველზე ფეხბურთის თამაშს (მართალია, ნაღმები სასწავლო იყო) და სიგარეტს, რომლის თამბაქოსაც დენთი ჰქონდა დამატებული. სიგარეტს ოქრუაშვილი თავად უკიდებდა და შემდეგ წრეში ატრიალებდა. იმდროინდელმა გუბერნატორმა გოგა ხაჩიძემ მითხრა, რომ მეგობრული ქეიფის დროს ოქრუაშვილმა გასამხიარულებლად მას ფუჭი ტყვია ესროლა", – წერს იულია ლატინინა.
კომენტარი