ლევან კობერიძის კომენტარი
რომ არა ნაციონალური მოძრაობა, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა! საპარლამენტო კომისიის შექმნას თავისი სამართლებრივი ჩარჩო აქვს. საერთოდ, რა კომისიაზე ვსაუბრობთ, როცა საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა.
მას მერე, რაც პარლამენტი შეიკრიბება, შეიქმნება კომისია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს. ვერ ვხედავ საჭიროებას, ხელოვნური მექანიზმები მოვიგონოთ.
ოპონენტებსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც შევახსენებ, რომ წინ არჩევნების მეორე ტურია, რომელშიც მოსახლეობას ვთხოვ, იგივე აქტივობით მიიღოს მონაწილეობა. თუმცა განსაკუთრებით ირონიულია, ნაციონალური მოძრაობისგან ვისმინოთ შეფასება, რომ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
რატომღაც, დღეს არავის ახსენდება, რომ მრავალპარტიულობა პარლამენტში სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესი იყო. ამ თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრის დონეზე მიდიოდა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან.
ჩვენი გუნდი სთავაზობდა ოპოზიციას, საარჩევნო ბარიერი 3 %-მდე დაგვეწია და სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩადგა ბოიკოტის რეჟიმში და ჩაშალა ეს პროცესი. დღეს კი სწორედ ისინი ვიშვიშებენ, რომ პარლამენტში სამ ძალაზე მეტი არაა წარმოდგენილი.
ეს წარსულის პარტია სხვადასხვა თემებით სპეკულირებს და ცდილობს, ასე დარჩეს პოლიტიკური ტივტივის რეჟიმში. რომ არა ნაციონალური მოძრაობა, დღეს პარლამენტში სამის ნაცვლად შვიდი პარტია შევიდოდა, მათ შორის ირაკლი ალასანიას, შალვა ნათელაშვილის, პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის პარტიები, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა პარლამენტში გაცილებით დაბალი იქნებოდა და საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა საერთოდ ჩახსნილი იქნებოდა.
(რეკლამა)
კომენტარი