სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ვიზიტის დროს სარკოზი განცხადებას თავისუფლების მოედანზე გააკეთებს?

ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომლებიც უკვე აკეთებენ აქცენტს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტზე თბილისში, იმაზე საუბრობენ, რომ მან „ძალიან მნიშვნელოვანი“ განცხადება უნდა გააკეთოს. სავარაუდოდ, ამ განცხადებას მოსახლეობისთვის მიმართვის ფორმა ექნება.

როგორც დღეს თბილისის ამბასადორიალზე დადასტურდა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ოქტომბერში, თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩამოვა. საფრანგეთის პირველი პირის ვიზიტის მნიშვნელობაზე, ალბათ, საუბარი არც ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი სიტყვით უნდა შევეხოთ იმ მოლოდინს, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მის ვიზიტთან დაკავშირებით უკვე არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ ნიკოლა სარკოზი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც წესი, არც განრიგი და არც სიტყვით გამოსვლის ტექსტი ასე ადრე არ იწერება, მაგრამ გარკვეულ წრეებში უკვე საუბრობენ საფრანგეთის პრეზიდენტის სავარაუდო გეგმაზე.

ამ გეგმიდან, პირველ რიგში ისაა აღსანიშნავი, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სავარაუდოდ, სააკაშვილი და სარკოზი რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეუსრულებლობაზეც იმსჯელებენ: საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები არ დაბრუნებიან იმ პოზიციებს, რომლებზეც 2008 წლის 7 აგვისტომდე იყვნენ. როგორც წესი, ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს ამას ხშირად ახსენებს და გამონაკლისი არც სარკოზი იქნება.

მაგრამ ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომლებიც უკვე აკეთებენ აქცენტს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტზე თბილისში, იმაზე საუბრობენ, რომ მან „ძალიან მნიშვნელოვანი“ განცხადება უნდა გააკეთოს. სავარაუდოდ, ამ განცხადებას მოსახლეობისთვის მიმართვის ფორმა ექნება და ნიკოლა სარკოზი სპეციალურად მასთან მისულ ხალხს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეხვდება. ეს უკვე საინტერესოა – მით უმეტეს, რომ ნიკოლა სარკოზიმ 2008 წლის აგვისტოში უარი თქვა საქართველოში მყოფ დანარჩენ პრეზიდენტებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხთან გასვლაზე.

მაშინ ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯერაც არ იყო სრულყოფილი, ხოლო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირს ხან მოსკოვთან უწევდა საუბარი, ხან ვაშინგტონთან და ხანაც თავის ქართველ კოლეგასთან.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ზუსტი პასუხი წინასწარ, რას იტყვის ნიკოლა სარკოზი, მაგრამ სავარაუდოდ, განცხადება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით გაკეთედება, რაც, რა თქმა უნდა, ახალი სტიმულია საქართველოს ეკონომიკისთვის...

ჩვენს ჩრდილოელ „უფროს ძმას“ კი სარკოზის ვიზიტიდან დაახლოებით ერთ თვეში კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი ელის: საქართველოს დედაქალაქს უკვე ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100