„მრისხანების დღემ“ მოსკოვში პოლიციელები განარისხა: აქციის მონაწილეები დააკავეს
12 ივნისს მოსკოვში წინასწარ დაანონსებული „მრისხანების დღე“ უნდა გამართულიყო. შეგახსენებთ, რომ განაცხადი მოსკოვის მერიაში ორგანიზატორებმა წინასწარ შეიტანეს, თუმცა, აქციის ჩატარებაზე უარი მიიღეს. ოფიციალურ პასუხში განმარტებული იყო, რომ „მრისხანების დღის“ ჩატარება ხელს შეუშლიდა ხელისუფლების მიერ რუსეთის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას.
„მრისხანების დღის“ ორგანიზატორებმა მაშინვე განაცხადეს, რომ უარის მიუხედავად, შეკრებას მაინც აპირებდნენ. მათი განცხადებით, რადგან მიტინგის ჩატარებაზე უარი მიიღეს, მოაწყობდნენ სახალხო მსვლელობას: რუპორების, ტრანპარანტების, პლაკატებისა და მიტინგისთვის დამახასიათებელი სხვა დეტალების გარეშე. ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დღეს შეკრება დაიწყეს კიდეც მეტროსასდგურ „თეატრალურთან“, თუმცა, აქციის ჩატარების მცდელობა თავყრილობის დაშლითა და მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა.
მეტროს ამოსასვლელთან მოსკოვის პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ისინი დანარჩენებთან ერთად მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, მოსკოვის დროით 14.00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობას გეგმავდნენ.
დანიშნულ დროს მეტროდან აქციის ორგანიზატორები, „მემარცხენეთა ფრონტის“ მოსკოვის ორგანიზაციის კოორდინატორი, სერგეი უდალცოვი და კონსტანტინ კოსიაკინი ამოვიდნენ. „ჩვენ არ გვაქვს დროშები, ტრანსპარანტები და ლოზუნგები. მოგვეცით უფლება, ჩვენი კონსტიტუციური უფლებით ვისარგებლოთ“, - მიმართა უდალცოვმა პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩაწერა შეუდგა, თუმცა, პოლიციელებმა დაკავების ბრძანება მაინც მიიღეს და უდალცოვი და კოსიაკინი აქციის მონაწილეთა სკანდირების ქვეშ: „სირცხვილი პოლიციას!“ - სპეცმანქანაში გადაიყვანეს.
მათი დაკავების შემდეგ თავშეყრამ ქაოტური ხასიათი მიიღო: მოქალაქეთა გამოსვლებში გაისმა პოლიტიკური მოტივები, ისმოდა სკანდირება, აქა-იქ ასწიეს ტრანსპარანტები. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერებმა გაშალეს ტრაფარეტი წარწერით: „Независимость воняет мертвечиной!“, ხოლო „სოლიდარნოსტის“ ათამდე აქტივისტმა ბანერი: „Пора менять власть!“. ისინი რევოლუციის მოედნისკენ დაიძრნენ და პოლიციის კორდონიც გაარღვიეს. კარგა ხნის განმავლობაში პოლიცია ვერ ახერხებდა მათ შეჩერებას, სანამ დამატებითი ძალები არ მივიდნენ.
საერთო ჯამში, დაკავებულია დაახლოებით 35 ადამიანი, „მემარცხენე ფრონტისა“ და „სოლიდარნოსტის“ წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კარლ მარქსის ძეგლთან, მოედანზე ხელისუფლებას არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია. სწორედ ეს მოედანი იყო მითითებული თავშეყრის ადგილად მერიისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.
კომენტარი