სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისი სამკაულები შეიძინეს კახი კალაძის ცოლმა და სიდედრმა ბითუმად?

უამრავი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში, სამწუხაროდ მათი არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებამ არ იცის. ამავდროულად შეიძლება ისეთ ადამიანს გაუკეთონ პიარი, რომ მას ნიჭთან საერთო არაფერი ჰქონდეს, ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა უნიჭოთა ,,აღლუმი”. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

ალბათ ბევრს არ სმენია თამუნა ლეჟავას სახელი, არადა მისი ნიჭი აშკარად დასაფასებელია. თამუნას უსაზღვრო და ულამაზესი ფანტაზიით შექმნილი სამკაულები გულგრილს ვერავის დატოვებს, მითუმეტეს მანდილოსნებს. სამკაული, ხომ ჩვენი სისუსტეა. ახლახანს გაიმართა თამუნა ლეჟავას გამოფენა გალერეა ,,ბაია” - ში და შეფასებებმაც არ დააყოვნა:

ირმა ხერგიანი (დიზაინერი): "იმის მიუხედავად, რომ ბისერი საკმაოდ ხშირი მასალაა მომხმარებლისთვის და შეიძლება ითქვას, ამ მასალამ თითქოსდა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ჩემდა გასაკვირად თამუნას ნამუშევრების დანახვისთანავე უკვე ათვისებული და ასე ვთქვათ მობეზრებული ბისერის ხილვა იქცა აღმოჩენად. ჩანს სითამამე, უაღრესად დიდძალი შრომა, ფერთა თამამი შერწყმა და საოცარი ოსტატობა. ასევე მისასალმებელია სხვადასხვა მასალის ერთმთლიანობაში წარმოდგენა! მინდა მივულოცო თამუნას წარმატება და რაც მეტი ასეთი ნიჭიერი ადამიანი გვეყოლება მით უფრო საინტერესოდ იქცევა თუნდაც მოდის სფერო”.

ლელა წურწუმია: "აღფრთოვნებული ვარ თამუნას ნამუშევრების ნახვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მე არ ვიცნობდი მის შემოქმედებას აქამდე და აი, ახლა კი ვაპირებ გავაკეთებინო სამკაული ექსკლუზიურად ჩემთვის”. ჩვენ თამუნა ლეჟავასაც გავესაუბრეთ:

- თამუნა რამდენი გამოფენა გაქვს გაკეთებული?

- ეს არის მესამე პერსონალური გამოფენა საქართველოში, მაგრამ იყო ასევე მოსკოვის ექსპოზიციაც, რაშიც დაუსწრებლად მივიღე მონაწილეობა. ვერც ნამუშევრების გაგზავნა მოხერხდა, რადგან რუსეთში არ შეიძლება ბიჟუტერიის შეტანა – გატანა, სამაგიეროდ წავიდა ფოტოვერსიები და კატალოგში შევიდა ჩემი ნამუშევრები. რამდენიმე თვეში ამერიკაში იქნება საკმაოდ სერიოზული კონკურსი მსოფლიოს მასშტაბით და ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.

- რა მასალებს იყენებ ბისერის გარდა?

- ძირითადი მასალა არის ბისერი, რითაც კეთდება მთავარი კომპოზიცია, ამას ემატება სვაროსვკის კრისტალები, მეტალის ფურნიტურა, ნახევრად ძვირფასი მასალები მაგ.: მარჯანი, ონიქსის ქვები, მორანოს მინდა, მეტალის ჯაჭვები. ზოგიერთი მასალა აქ არ იშოვება, ამიტომ ჩემი და მიგზავნის ამერიკიდან. ერთ-ერთი ასეთი მასალაა 14 კარატიანი ოქროს ბისერი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და მას მხოლოდ განსაკუთრებული, ექსკლუზიური შეკვეთისთვის გამოვიყენებ.

- რაც შეეხება ღირებულებას, ხელმისაწვდომია თუ თამუნა ლეჟავას სამკაულის ტარება ფუფუნების ტოლფასია?

- ღირებულება მერყეობს 200ლ-დან თითქმის 2000ლ-მდე, სირთულის, მოცულობისა და დროის მიხედვით, რომელიც სამკაულზე იხარჯება.

- თუ ატარებს ცნობილი ადამიანებიდან ვინმე თქვენს სამკაულს და ვინ?

- ქართველი ცნობილი სახეებიდან ჩემს სამკაულს ატარებს ნინო რამიშვილი, ასევე კახა კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე, ფაქტობრივად მეორე პერსონალური გამოფენის ძირითადი ნაწილი ანუკამ და დედამისმა შეიძინეს. ვაგზავნი: საბერძნეთში, აზერბაიჯანში და ამერიკაშიც მყავს დამკვეთები.

- სამკაულის შექმნისას ჯერ ესკიზს ხატავთ და მერე ასრულებთ ნამუშევარს თუ პირდაპირ ფანტაზიას ეყრდნობით?

- ესკიზს არასდროს ვაკეთებ, ერთადერთი გეომეტრიულ ფორმას ვხატავ, რომ ქსოვის დროს მძივების რაოდენობა არ ამერიოს.

- თქვენი ნამუშევარი ექსკლუზიურია და არ მეორდება?

- ერთადერთი ნივთი გავიმეორე, ეს არის ასლი ორიგინალისა, რომელიც ახლა უკვე ანუკა არეშიძეს ეკუთვნის, ამავდროულად ეს ნივთი არის ჩემი საიტის სახე და მისი არ ქონა, არ შეიძლებოდა...

- თუ გაქვთ ბუტიკი ან სალონი, სადაც შეიძლება თქვენი სამკაულის შეძენა?

- არ მაქვს, მსურველი უშუალოდ მე უნდა დამიკავშირდეს და შევთანხმდებით, მთავარია მითხრას რა ფერებში სურს და რისთვის უნდა ანუ სად აპირებს მის გაკეთებას, დანარჩენი კი ჩემი ფანტაზიის საქმეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100