ბიზნესად ქცეული ,,ოდნოები’’
ხშირად ვიგებთ ისეთი ფაქტების შესახებ, როგორიცაა ,,ოდნოებით’’ დაქოწინებულები, ,,ფეისბუქით’’ გაიცნო, შეუყვარდა და ა.შ.
სოციალური ქსელის ამ კუთხით გამოყენება მისასალმებელია, თუმცა "გრუზინების" მიერ "ოდნოებად" წოდებულ ქსელში ხდება ისეთი ფაქტებიც, რომლის ვირტუალური სამყაროდან, რეალურში გადანაცვლებით ადამიანები ზარალდებიან.
,,ოდნოები’’ ჩვენს ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღემდე პოპულარულია. ეს არის მარტივი ურთიერთობის ფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებან, აფასებენ (ე.წ აცენკები) და უძღვნიან საჩუქრებს, მაგრამ ეს მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში. სოციალური ქსელი ,,ოდნოები’’ და ,,ფეისბუქი’’ უკონტროლოსთან ერთად, სახიფათოცაა.
ჩვენ მოგიყვებით ისეთ ფაქტებზე, რაც უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია ვირტუალურ სამყაროში. ამ ფაქტების შემდეგ, კი არავის აწყენს თუ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ უცხო ,,მეგობრების’’ მიმართ.
რამდენიმე დღის წინ ,,ფეისბუქის’’ ჩემ გვერდზე მწერდა ჩემი მოსახელე ქალბატონი, რომელიც თავის სიხარულს მიზიარებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მიეცა ამერიკაში წასვლის შანსი. ბუნებრივია ეს ,,ცხოვრებისეული გამართლება’’ სეხნიას მივულოცე და დაველოდე შემდეგ შეტყობინებას, ვინაიდან დავინტერესდი, რატომ მიზიარებდა ამ სიხარულს მხოლოდ მე? შუახნის ასაკის რუსთაველმა პედაგოგმა, (ყოველშემთხვევაში ასე გამაცნო თავი), საუბრის დასაწყისშივე გამაფრთხილა, არ გამკვირვებოდა ის ფაქტი, რასაც მთხოვდა.
წარმოუდგენელია, არ გაგიკვირდეს ადამიანისგან ,,სმაილების’’ თანხლებით მოსული შეტყობინება, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა. რუსთაველ პედაგოგს სჭირდებოდა ჟურნალისტის დიპლომის ასლი, რომელიც დაეხმარებოდა მას ამერიკაში წასვლისთვის.
,,რადგან ჩვენ ერთ სახელი და გვარი გვაქვს, ამავე დროს, შენ ჟურნალისტური განათლება, იქნებ შენი დიპლომის ასლი მათხოვო? ასეთი შანსი აღარასდროს მომეცემა და ძალიან გთხოვ დამეხმარე’’– მწერს ,,ფეისბუქში’’ ჩემი ფოტოების ,,დამლაიქებელი’’. მას შემდეგ, რაც ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო, გადაწყვიტა საერთოდ აღარ დამკავშირებოდა. ამით დასრულდა ჩვენი მეგობრობა სოციალურ ქსელზე.
იმის გარდა, რომ სამართალდარღვევის მთხოვნელი მრავლადაა სოციალურ ქსელში, ვხვდებით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ,,ოდნოკლასნიკების’’ საშუალებით.
,,ოდნოებში’’ რეგისტრირებულია თინეიჯერთა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა მთავარ მიზანს, სოციალურ ქსელზე ბიზნეს ინტერესების გატარება წარმოდგენს. ბიზნესი – სხეულით ვაჭრობაა. ხშირ შემთხვევაში თინეიჯერებს თავიანთ გვერდზე, სხვადასხვა ლამაზმანის ფოტო აქვთ. ეს მანევრი ბიჭებისთვის გადაგდებული ანკესია, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ,,თევზი’’ მოყვება.
მას შემდეგ, რაც ფოტოების შეფასება +5 –ით მოხდება, იწყება ახალგაზრებს შორის დიალოგი. თუ მოხდება ფასზე შეთანხმება, წყვილი ან ბინაში მიდის (ეს იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს), თუ არადა, ქალაქის რომელიმე ბნელ კუთხეში (თუ დარჩა ქალაქში ასეთი კუთხე). გოგონები გარკვეულ თანხას ითხოვენ ბიჭებისთვის სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ. "დავასებაზეცაა" დამოკიდებული. თუ ბიჭი მოგვეწონა, შეიძლება ჩიპსებისა და გამაგრილებელი სასმელის სანაცვლოდაც მოვემსახუროთ’’–ამბობს თიკა, რომელიც ,,ოდნოების’’ ერთ–ერთი აქტიური მომხმარებელია. მას გვარი არ აქვს მითითებული ქსელზე და ბუნებრივია, არც ჩვენ გაგვიმხილა ზუსტი ვინაობა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც თიკა ჰქვია.
ანალოგიური ბიზნესით არიან დაკავებული მამაკაცებიც. ისინი ქალბატონებს ემსახურებიან და ამაში სოლიდურ თანხასაც იღებენ. თანხა 50 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის. მამაკაცების მომსახურებაში ,,გამონაკლისები’’ არ ხდება და ისინი ,,დავასების’’ გამო, კლიენტებს არ ემსახურებიან. ეს მათთთვის მხოლოდ ბიზნესია, რომელიც თვეებია ერთადერთ შემოსავლის წყაროდ იქცა.
,,ოდნოებით’’ წამოწყებული ბიზნესის სპექტრი ფართოა. თუ აქამდე დიასახლისს სახლში გაფუჭებული ტექნიკის შესაკეთებლად ხელოსნის, ან შესაბამისი კომპანიის მხადაჭერა სჭირდებოდა, დღეს ასე აღარ არის. შეგიძლიათ მოთავსდეთ კომპიუტერთან, ,,ოდნოების’’ მოძებნაში ჩაწეროთ ვინმე გიორგი თოდაძე და ნებისმიერი სახის ტექნიკას შეგიკეთებთ ოჯახში. მართალია, ამაში სოლიდურ თანხასაც ითხოვს, მაგრამ, თუ სხვა გამოსავალი არ გრჩებათ, ბოლო გაჩერება ,,ოდნოები’’ და თოდაძის გვერდია.
სოციალური ქსელის გაკონტროლება ამ დრომდე არავის შეუძლია. ინტერნეტ საიტებიდან კი ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ სოციალურ ქსელს ჰყავს. თუ რაიმე პრობლემას წააწყდებით სოციალურ ქსელში, ვერავინ დაგიცავთ. ამიტომ თავიდანვე უნდა მიიღოთ პრევენციული ზომები და არ ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოთ მაღალი ,,აცენკების’’ ხარჯზე ცდილობენ თქვენთან დაახლოებას.
კომენტარი