„სამშობიაროში მითხრეს, შვილი დაგეღუპაო, სახლში ცეკვა-სიმღერა გამართა დედამთილმა“ - მორიგი ტრაგიკული ისტორია
ვრცელდება მორიგი ტრაგიკული ისტორია კიდევ ერთი დედის, რომელმაც იცის, რომ შვილი ცოცხალი ჰყავს, მაგრამ არ იცის როგორ მოძებნოს.
„1990 წლის 21 აგვისტოს ვიმშობიარე მე-4 სამშობიაროში, მეორე დღეს მითხრეს, რომ ბავშვს ფილტვებზე აქვს პრობლემა და რკინიგზის მეორე საავადმყოფოში გადაიყვანესო. 6 დღეში მეც იქ გადამიყვანეს და ყოველ კვებაზე ვაწვდიდი რძეს, ბუნებრივ კვებაზე მყავდა.
ერთხელ დედამ ამიყვანა ბავშვის სანახავად და მაშინვე ვუთხარი, ვერ ვიცანი ბავშვი, ჩემი დათუნა თეთრი და ბუთქუნა იყო მეთქი. ეს შავი და გამხდარი იყო-თქო, მაგრამ დედამ დამამშვიდა, ალბათ გახდაო და მეორე დღეს 12-საათიანი კვება რომ მივაწოდე ექთანს, მითხრა, თქვენი შვილი დაიღუპაო. გავითიშე..
დავრეკე მეუღლესთან და როდესაც მოვიდნენ დედამთილი და მეუღლე, ვტიროდი. დედამთილმა გამარტყა ორჯერ, შვილს ნუ მინერვიულებო, ხალათითვე ჩამაგდეს მანქანაში და წამიყვანეს.. არც ბავშვი მანახეს, არც დაკრძალეს და სახლში რომ მომიყვანეს, ცეკვა-სიმღერა გამართა დედამთილმა, ჩემს ოთახში არც შემოუხედავს, როგორ ვიყავი.
იქ დიღმის მე-2 კლინიკაში ახალშობილთა განყოფილების გამგე დედას ყოფილი თანამშრომელი იყო და რომ მივედით მასთან, ჯერ კიდევ იქ მუშაობდა. მოუყვა დედამ ჩვენი ამბავი. ძალიან შეწუხდა, ეს შენ იყავი, მთელი კლინიკა მაგას იხსენებს, როგორ დაარტყა 14 წლის გოგოს დედამთილმა,შვილს რომ ტიროდაო და მხოლოდ ის უთხრა დედას, ბავშვი ცოცხალია, მაგრამ მაგის მეტს ვერაფერს გეტყვიო, მე მაშინ მშვებულებაში ვიყავიო.
გავიდა წლები, მესამე შვილი მყავდა უკვე, როცა ჩემს მეუღლემ მეტროში მითხრა, როდესაც მათხოვარმა ჩაიარა მგონი ჩვენი შვილი ამათ შორის არისო და რომ ჩავაცივდი მარტო ეგღა მითხრა, თუ შეგიძლია მოძებნეო...“ - ვკითხულობთ ანონიმურ პოსტში, რომელიც ჯგუფში „ვეძებ“ გავრცელდა.
კომენტარი