სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათელაშვილი: „ორი კურდღლის მადევარი გამიგია, მაგრამ სამის, კაცო?!“

დათო ზურაბიშვილი: „ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დათო გამყრელიძემ და სხვა „მემარჯვენეებმა“ გამაოგნებელი არჩევანი გააკეთეს. ისინი მივიდნენ პარლამენტში 23 ნოემბერს, კვორუმი შეუვსეს შევარდნაძეს და ამით ძირმომპალ კორუფციულ რეჟიმს დაუჭირეს მხარი, ზურგი აქციეს ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს, რეფორმებსა და ქვეყნის პროდასავლური კურსით განვითარებას. არადა, რომ ჰკითხოთ, პროდასავლური პარტიაა“.
ირაკლი ოქრუაშვიული: „გამყრელიძე ბრტყელ-ბრტყელებს რომ ლაპარაკობს, იქნებ ერთხელ ჩასულიყო შიდა ქართლში და საკუთარი თვალით ენახა, რა ძალისხმევის ფასად ებრძვიან რეგიონის ადმინისტრაცია და სამართალდამცავები კორუფციას? უსინდისობაა კონტრაბანდისტობა დააბრალო იმ დამიანებს, რომლებიც დღეებია ოჯახში არ მისულან და კონტრაბანდისტებს დღედაღამ ებრძვიან“.
მიხეილ ქარელი: „დავით გამყრელიძეს თუ რაიმე პირადი ინტერესი აქვს იმ კონტრაბანდულ ტვირთთან, რომელსაც ვაკავებთ, თქვას პირდაპირ. არანაირი სუპერმარკეტი ტყვიავში ჩემს სიძეს არ გაუხსნია და ცხადია, კონტრაბანდული სიგარეტი არ იყიდება იმ სუპერმარკეტში, რომელიც არ არსებობს.
რეგიონში კი არის კონტრაბანდული სიგარეტი და სხვა პროდუქციაც, მაგრამ თუ მუშაობას გვაცლიან „მემარჯვენეები“, კარგი იქნება. ცოტა ხანში ამასაც აღმოვფხვრით“.
თინა ხიდაშელი: „დავით გამყრელიძემ რაც 2003 წლის 23 ნოემბერს გააკეთა „მემარჯვენეთა“ დეპუტაციასთან ერთად, ეს იყო სირცხვილი, თუმცა ის იმდენად დავალებულია შევარდნაძისგან, ეტყობა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა“.
თეო ტლაშაძე: „ეს არ არის არანაირი მოჭიდავეთა ბუნტი და სახალხო მღელვარება, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური ოპერაცია და სირცხვილი დავით გამყრელიძეს, ძმებ ბერძენიშვილებს და სხვა დეპუტატებს, რომ ამ აქციას მხარი დაუჭირეს და ჩვეულებრივი კრიმინალის პოლიტიზირება სცადეს“.
სოსო შატბერაშვილი: „დავით გამყრელიძე არის მედროვე პოლიტიკოსი. ჯერჯერობით, ყველა დროს და ხელისუფლებას ერგება“.
ზვიად ძიძიგური: „რას მიუსკუპდა გამყრელიძე შევარდნაძეს? უიმისოდ ვერ აგროვებდა კვორუმს ხომ? ხომ მოიჭრა საქვეყნოდ თავი? ასეა! აბა ექსკლუზივი რომ გაქვს ბიზნესის კეთებაში და კახა თარგამაძეE გყავს მეწილედ, ასე დაასრულებ კარიერას. მორჩა, გამყრელიძისთანა ხალხის ადგილი აღარაა ქართულ პოლიტიკაში, ისინი შევარდნაძეს უნდა გაჰყვნენ შინ. დასხდნენ და იმუსაიფონ – მოსაგონარი კი ექნებათ ბევრი“.
ლევან ბერძენიშვილი: „მემარჯვენეები“ და „აღორძინება“ დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ორივე ამ დრომოჭმული ნაძირლებით გარშემორტყმული შევარდნაძის რეჟიმის მხარდამჭერი იყო. გამყრელიძეს არ ეყო ვაჟკაცობა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში საღად ეაზროვნა და რევოლუციის მხარეს დამდგარიყო“.
შალვა ნათელაშვილი: „ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ, ეგ კაცი მეწარმეა, პოლიტიკოსი თუ ექიმი? ორი კურდღლის მადევარი გამიგია, მაგრამ სამის, კაცო?!“
ნოდარ ნათაძე: „მემარჯვენეები“? ეგენიც ჩვეულებრივი პრორუსული პარტიაა, რომლის მსაგვსსაც კრემლი შევარდნაძის შეკვეთით კიდევ ბევრს დაჩეკს. შეიძლება პირიქითაცაა – კრემლი უკვეთავს, შევარდნაძე აკოწიწებს, თუმცა ამით არსი არ იცვლება.“
თეო ტლაშაძე: „დათო გამყრელიძემ იქნებ ჯერ იმ მილიონების შოვნის ისტორია და რაოდენობა გაგვიმხილოს, რომელიც კახა თარგამაძესთან ერთად იშოვა და მერე ილაპარაკოს ირაკლი ოქრუაშვილზე?“
შალვა ნათელაშვილი: „ალდაგის“ ოფისები გამყრელიძეს სულ კაპიკებად აქვს ნაყიდი თბილისის საუკეთესო უბნებში, რაიონებშიც, სადაც კარგი შენობაა, მაგან ჩაიგდო ხელში. მოვა დრო და ეს ქონება ხალხს დაუბრუნდება - ყველა ოლიგარქს ჩამოერთმევა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, აუქციონზე გაიყიდება და ის ფული უფასო განათლებას, უფასო სასწრაფო დახმარებას, პენსიებს და სხვა სოციალურ პროექტებს მოხმარდება“.
გია თორთლაძე: „გაერთიანებულ ოპოზიციაში დათო გამყრელიძე და კიდევ ორი პოლიტიკოსი ამ საბჭოდან არავის არაფერს ეკითხებოდნენ, როგორც სურდათ, ყველაფერს ისე წყვეტდნენ და თუ ვინმეს რამეს ჰკითხავდნენ, მხოლოდ ფორმალურად. გამყრელიძეს თავი ლიდერი კი არა, ბელადი ჰგონია და თუ ძალიან უნდა, თავის პარტიაში იბელადოს.“
ირინა სარიშვილი: „დათო გამყრელიძე არის კახა თარგამაძის ხელის ბიჭი, რომელსაც თავისი ბიზნესიდან ყოველთვიური წილი მიაქვს თარგამაძესთან, გარდა იმისა, რასაც შსს ოფიციალურად იღებს „ალდაგისაგან“, როგორც პარტნიორისგან.
რაც შეხება ხელის ბიჭს, როცა ცნობილია, რომ თარგამაძე საქართველოში ნახევარზე მეტ ბიზნესს აკონტროლებს და გამყრელიძისთანა დანიშნული ბიზნესმენები მრავლად ჰყავს, აბა, სხვა რა უნდა ვუწოდო?“
ირაკლი წერეთელი: „რას აღარ იგონებენ, კაცო, ამ წინასაარჩევნოდ, რომ როგორმე ხალხი „დააბოლონ“ და ხმები დააგროვონ. არა, დავით გამყრელიძეა მაგარი – „ექიმი მეწარმე, პოლიტიკოსი“ თუ როგორ არის? რა, ლეონარდო და ვინჩია თუ ალფრედ ნობელი?
ისე, ცუდი ბიჭი არ ჩანს, მარა, დალოცვილო, მე პოლიტიკოსს ვირჩევ და ის მითხარი, პოლიტიკაში რას წარმოადგენ და რას მიაღწევ, რომ მოხვალ რას გააკეთებ, თორემ გრიპი თუ შემხვდა, გამყრელიძესთან ნაღდად არ მივალ, არც ბიზნესში წავიყვან პარტნიორად.“
შალვა ნათელაშვილი: „დათო გამყრელიძე რა პოლიტიკოსია? ეს არის ჩვეულებრივი ოლიგარქი. გინახიათ კაცი, ოპოზიციაში ვარ და ხელისუფლებას ვებრძვიო, იძახდეს და თან მილიონებს შოულობდეს? კახა თარგამაძესთან იყო შეკრული, ერთად ატყავეს ხალხი იმ „ალდაგით“ და ახლა ოპოზიციონერობს? გამყრელიძე ოპოზიციაში არასდროს ყოფილა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100