სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაჩაღობა გურიაში, დაკავება საოკუპაციო ზოლთან და დღის მნიოშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 3 მაისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა. განხილვა მწვავე დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.პროექტზე მსჯელობის გაგრძელება 15 მაისის პლენარულ სხდომაზე შედგება. თუმცა, ამაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო მიიღებს. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა წინააღმდეგობას პოლიტიკური არგუმენტებითა და პროცედურული ფორმებით უწევს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს.

დღეს მეოცედ,პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" 1991 წელს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე დააარსა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კი თარიღი ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 15 პუნქტით გაუმჯობესდა და 111 ადგილიდან 96-ზე გადაინაცვლა, -ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აღნიშნავს. ყველაზე თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და ნიდერლანდები არიან.

"როზა ლუქსენბურგის ოცნება" - ასე აფასებს ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ შრომის კოდექსს.სოციალურ ქსელ "იუთუბზე" გავრცელდა ვიდეო - გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა "ჯიპას" სტუდენტებთან. "პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ", - აცხადებს, გიორგი მარგველაშვილი.

ყაჩაღობა გურიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილია ოზურგეთში ორი ადგილობრივი ბიზნესმენის დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.შსს განმარტავს, რომ ბიზნესმენებზე თავდასხმა არ მომხდარა და ისინი შელაპარაკების შედეგად დაწყებული სროლისას დაჭრნენ. შემთხვევა დღეს გამთენიისას, დაახლოებით დილის ოთხის ნახევარზე მოხდა. გელა კობალაძე და რევაზ მახარაძე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთი უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან - რუსმა შეიარაღებულმა პირებმა საქართველოს 2 მოქალაქე ამჯერად სოფელ ხვანში აიყვანეს.დაკავებულები ზნაურის რაიონის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან. მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთა ედებათ ბრალად.

8 არასრულწლოვანი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიიღეს, სადაც სულ 15 არასრულწლოვანის საქმე განიხილეს. საბჭოს წევრები არასრულწლოვან მსჯავრდებულებს გაესაუბრნენ და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები შეაფასეს.

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად რვა ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა. დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ცეცხლის ჩაქრობას ნაფარეულისა და თელავის სახანძროს სამი ბრიგადა ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებზე მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოწვია.

"პრესის თავისუფლების მტერთა" ახალი სია - ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მონაცემებს აქვეყნებს.ჩამონათვალში მოხვდნენ 40 სახელმწიფოს მეთაურები, სამხედრო დაჯგუფებები და მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებიც დამოუკიდებელ ჟურნალისტებს დევნიან. ისევ სიაშია ვლადიმერ პუტინი. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ რაც პუტინი კრემლში დაბრუნდა, ოპოზიციის აქციების მიუხედავად, ზეწოლა გაძლიერდა.

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მონაწიელობა არ უნდა მიიღონ, –ამ განხცადებას შალვა ნათელაშვილი აკეთებს."ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ოლიმპიადზე საქართველოს მონაწილეობა მაშინ, როდესაც ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ნათელაშვილი ამბობს, რომ ამ ქმედებით ქართული მხარე აღიარებს წართმეულ ტერიტორიებს, რაც, მისი აზრით, სამშობლოს ღალატის ტოლფასია. "ლეიბორისტები" მოუწოდებენ ოლიმპიურ კომიტეტს - არ გაითვალისწინოს პრემიერის გადაწყვეტილება და ქართულმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღოს სოჭის ოლიმპიადაზე.

დღეს წითელი პარასკევია. საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი სრულდება. დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100