სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემმა მზემ“ მას არასდროს ჰყვარებია და მზეს ელოდება - „დრონი.ჯი“-ს ინტერვიუ გიორგი გილიგაშვილთან

„არ ვიცი, ვერ გეტყვით ჩემმა მზემ, თბილი გამოთქმაა და თავადაც ვივსები“, - ასე პასუხობს გიორგი გილიგაშვილი ბოლო დროს მის მიმართ ატეხილ ხმაურს. მისი სახელი ბოლო კვირაა ყველამ გაიგო. 29 წლის გიორგიმ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირკვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა "ჩემმა მზემ" კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა. გილიგაშვილი ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ "ტიფლისიდან" გაიცნო, სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა. გიორგი ჩოხოსანია, ამასთან ბავშვობიდან მღერის. სოციალური ქსელის მომხმარებელი კი არა. ამბობს, რომ ამისთვის დრო არ აქვს. „დრონი.ჯი“-მ გადაწყვიტა გიორგი გილიგაშვილი მკითხველისთვის უკეთ გაეცნო, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:


სხვა თანამედროვე ბიჭებისგან განსხვავებული ხართ თქვენი საუბრით, თქვენი ფრაზა „ჩემმა მზემ“ საზოგადოებამ აიტაცა. რატომ იყენებთ ასე ხშირად ამ ფრაზას ან რატომ მოგწონთ?

„შეიცან თავი შენი“- ძალიან მიყვარს ეს ფრაზა. როდესაც საკუთარ თავებს შეიცნობენ ჩემი ძმები და დები, და მეც თავად რომ შევძლებ უკეთ შევიცნო საკუთარი თავი, უფრო მეტს გავიგებ საკუთარი თავის, ჩემი წარსულის, იმ ყველაზე თანამედროვე უკვდავი ცოდნის და ინფორმაციის შესახებ რა ინტელექტიც დალექილია ქართულ გენში. ჩემმა ქალაქმა იმიტომ გაიგო ასე კარგად, რომ მათია ეს ფრაზა, გულის ჯიბით დამქონდა ყოველთვის. არ ვიცი, ვერ გეტყვით ჩემმა მზემ, თბილი გამოთქმაა. მზეში მოაზრებულია სიცოცხლე, სითბო, სიყვარული, ენერგია, სინათლე და როდესაც ამბობ ჩემმა მზემ, მე შენ მიყვარხარ კი არ ეუბნები, ეუბნები ამ გრძნობათა, სიტყვათა თაიგულს, ანუ სიყვარულს ეუბნები. შენ თვითონაც ივსები ამ ყველაფრით. მე ძმებმა მითხრეს, რომ გილიგ, აღარ ვიყენებთ ფრაზას - „შენ ძმობას ვფიცავარსო“, ვიძახით „შენმა მზემ“-სო. ძალიან მახარებს ეს. ყველაზე თანამედროვე ფრაზაა. არაფერი არ მითქვამს ახალი. მეც ვფიქრობ სიმართლე გითხრათ ამ ფენომენზე, რა მოხდა, მაგრამ ამის ფიქრით იმდენად არ ვარ დაკავებული, რამდენადაც იმაზე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში პასუხისმგებლობა გავითავისო, იმ ახალმა შეძენილმა ნაცნობებმა რაც მე მომცეს, მათთან არაფერი შემეშალოს“.

„პრაიმშოუს“ შემდეგ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვიე. როგორ რეაგირებ ხალხის რეაქციებზე, როდესაც ნაწილი მოიხიბლა თქვენით და ძალიან მოეწონა თქვენი აზრები, ნაწილისთვის კი ცოტა საქილიკო გახდა?

„არ წამიკითხვავს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან რაღაც ფაქტებს, მაჩვენებენ, მიკითხავენ ამონარიდებს. მე ფარნიანი ნოკია მაქვს და აქედან ვერ შევდრივარ ინტერნეტში. ეს ყველაფერი ჩემი შესაფასებელი არ არის. საკუთარი ნათქვამი სიტყვით გამართლდები ღვთის წინაშე და საკუთარი ნათქვამი სიტყვით გამტყუნდები ღვთის წინაშე. ვინც რას ამბობს, ღვთის წინაშე ის არის პასუხისმგებელი. რაც წამიკითხავს სიხარული მომგვარა. არ ვიცი, შეიძლება, არ მაკითხებენ ცუდს, მე მაინც მიყვარს ყველა, ჩემი ძმები და დები. „როცა ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად არიან, არ მადარდებს ამინდები, თოვლია თუ ქარია (მღერის)“.

ინტერნეტში არის რამდენიმე ინტერვიუ თქვენს შესახებ, რომ ცხენით დადიხართ ხოლმე თბილისის ქუჩებში, რომ კლუბში ჩოხით მიხვედით, ხართ ასევე ჩოხოსანი. რატომ გაქვთ ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ? ასე გამოხატავთ საქართველოს სიყვარულს თუ რისი გამოხატულებაა?

„მე ქვესკნელში რომ ჩამიშვა, იქაც გამოვხატავ საქართველოს მიმართ სიყვარულს. გამოხატვა ძალიან მაგარია თუ შეგიძლია. ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე წინასწარ, რომ მე რაღაცა დავგეგმო და მერე ამ გეგმას მივყვე, საკუთარი თავის მიმართ არ ვიქნები მაშინ მართალი. იმ წამს, როგორც ვგრძნობ და განვიცდი, ყოველი წუთი და წამი სიახლეა ჩემთვის. ყოველი ნაგრძნობი წუთი, ემოცია, ეს არის როგორც მოვქცეულვარ. მე ჩემს ავზეც და კარგზეც ვაგებ პასუხს და ვიღებ პასუხსიმგებლობას. მინდოდა რომ გამეჭენებინა ცხენი და გავაჭენე, მინდოდა რომ შევმოსილიყავი ქართული სამოსით და შევიმოსე. როდესაც შენი ნება სხვას არ აზიანებს, პირჯვარი გამოისახე, თქვი შენმა მზემ და გააჭენე ცხენი“.


მღერით და სიმღერები გაქვთ ჩაწერილი. როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი და მომავალში ამ კუთხით თუ გეგმავთ რამეს?

„ვმღერი ბავშვობიდან დედაჩემის დამსახურებით. მამაჩემს ჰამლეტ გონაშვილის შემდეგ ყველაზე თბილი ხმა აქვს. ახალგაზრდობაში უწმინდასთან მოუწია შეხვედრა, წინ წყარო იმღერა. პატრიარქს გადაუხედავს მამაჩემისთვის და სახელი უკითხავს. შემდეგ კი დალოცა. 15-20 წლის შემდეგ კიდევ მოხვდა პატრიარქთან მამა, უწმინდესმა იცნო, ბატონო ალექსი კიდევ ისე მღერით როგორც მღეროდითო? მამაჩემის ხმა იმდენად უნიკალური იყო, რომ დაამახსოვრდა. დედაჩემი ბავშვობიდან მატარებდა სიმღერაზე, მუსიკაზე. დედის მხრიდანაც მღეროდნენ და მამის მხრიდანაც. სიმღერები მაქვს ჩაწერილი. დათო ფორჩხიძე დამეხმარა. ღირსეული სიტყვები მითხრა. მადლობას ვეტყვი მას თქვენი საშუალებით“.

ვინ ხართ პროფესიით? და რითი ხართ დაკავებული?

„იურისტი გახლავართ და ვმუშაობ საქართველოს ტელე-რადიო ცენტრში“.

შენს შესახებ რომ მოგვიყვე. სად დაიბადე, რამდენი წლის ხარ?

„თბილისში დავიბადე, 29 წლის ვარ, საბურთალოელი ვარ. ახლა ვაჟა-ფშაველაზე ვცხოვრობ, თან მის დაბადების დღეზე დავიბადე“.

სამსახიობო გამოცდილება როგორი იყო, თუ მოგეწონათ თამაში?

„თუ ვინმეს იცნობთ კინოინდუსტრიაში, ჩემმა მზემ, გილიგას უნდა ფილმში თამაშიო უთხარით. იყო რაღაც შემოთავაზება, მაგრამ ისეთი არა, მე რომ დავთანხმებულიყავი. ტიფლისამდეც იყო რაღაც კინოკადრები, სადაც ვიყავი. ასევე კლიპები, რეკლამები. ტიპაჟურად მე თამაში არ მჭირდებოდა. არ ვიცი ჩემნაირ ტიპაჟს ეძებდნენ თუ მე ვქმნიდი ხოლმე ამ გმირს. თამაში არ დამჭირვებია მაქსიმე გასვიანის როლზე, არც ერეკლე მეფის შვილის ლევან ბატონიშვილის როლზე. ჩემი ჩოხით, ჩემი წვერ-ულვაშით ვიყავი, ყოველგვარი გრიმის გარეშე და ლამის ჩემი ცხენით მივედი. მეც მაინტერესებს ჩემი გარდასახვა როგორი იქნება, ამის გამოცდილება ჯერ არ მქონია“.

რატომ არ სარგებლობთ სოციალური ქსელით?

„ტელევიზორი როგორი არის მხოლოდ ფორმით მახსოვს. იმდენია საკითხავი და შესაცნობელია.. ინტერნეტი ძალიან მაგარია, მაგრამ სოციალური ქსელი იმდენ დროს მოითხოვს, რომ დროის ამაზე დახარჯვა არ მინდა. ყველაზე თანამედროვედ ვცხოვრობ ასე მგონია, დროს ვერ მართმევს სოციალური ქსელი და იმ დროს ვიყენებ ინფორმაციის მისაღებლად. ეს ჩემი ჰობი გახდა. იმაზე მეტს იგებ საკუთარ თავზე, გარემოზე, ზეცაზე, მიწასა და ყველაფერზე. ვინმემ თუ არ მთხოვა რაღაც ნახეო, არ ვნახულობ. სიცოცხლის მოყვარული ვარ, რეალური ურთიერთობების.

დაკავებულია თუ არა თქვენი გული?

„არა ჩემმა მზემ, სამწუხაროდ არასდროს მყვარებია“.

როგორი გოგონები მოგწონს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

„მაღალი უხვი მდაბალი, როგორც ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე. არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, „ის“ უნდა იყოს უბრალოდ. თავად სული მშვენიერი. როდესაც მე ვიტყვი, რომ ეი შენ, ჩემმა მზემ, მშვენიერი ხარ და ვაჩუქებ ჩემი გულის ნაწილს. მზეს ველოდები“.

თაყვანისმცემელი გოგოების რიცხვმა თუ მოიმატა?

„არა, არავის არ მოვწონვარ. არ დაუჯეროთ არავის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100