"თავმდაბალი კაცია, ამის გამო გვიან გავიგე, რომ დიდი პოეტი იყო... ბევრს უკითხავს, არ გიჭირს, მამის ჩრდილში ყოფნაო?" - ბესიკ ხარანაულის ვაჟი მამაზე და "სხვა მუსიკაზე", რომელსაც თვითონ ქმნის
მისი მუსიკალური კომპოზიციები არაფერს ჰგავს რაც გარშემო გვესმის, ძალიან უცხოა. ჩემთვის ყოველი ნიმუში მინი სპექტაკლივითაა. ეს მხოლოდ მისია, მისი შემოქმედებაა. სადებიუტო ალბომს "დილით ამომავალო მზეო“ - ასე დაარქვა. ალბომში სულ 10 სიმღერაა. ფოლკლორს ძალიან დაუახლოვდა. თუ რატომ და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, როგორ მოვიდა აქამდე და ასეთი სათქმელით, ამაზე ალექსანდრე ხარანაული თავად მოგვიყვება. ცნობისთვის, ალექსანდრე შესანიშნავი პოეტის, ბესიკ ხარანაულის უმცროსი შვილია. - ბავშვობაში ფორტეპიანოზე 11 წელი დავდიოდი. კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული ათწლედი იყო. სერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს, მაგრამ სარეჟისოროზე ჩაბარება გადავწყვიტე. მიუხედავად ამისა, მუსიკასთან შეხება სულ მქონდა. პიანისტობა აღარ მინდოდა, უფრო კომპოზიცია მიზიდავდა, მუსიკის შექმნა მინდოდა. თან, ქართული მინდოდა რომ ყოფილიყო. ხალხური მუსიკა ხომ ჩვენი სავიზიტო ბარათიც არის და უნიკალური რამ. პოლიფონიის გარდა არის ამბის თხრობის ხაზი, მუსიკალურობასთან ერთად, ამბის თხრობა მნიშვნელოვანია. ეს ხაზი ქართულ ხალხურ მუსიკაში დიდად არ განვითარდა, რადგან პოლიფონიაა წამყვანი. ამიტომ, ფოლკლორულ ნამუშევრებში ვეძებდი ისეთ ნიმუშებს, სადაც ერთი კაცი მღერის და ჰყვება ამბავს. თან რაღაცნაირი სევდაა, როცა ერთი კაცი მღერის. მოკლედ, "დილით ამომავალო მზეო“ - იყო პირველი ფოლკლორული ნამუშევარი, რომელიც აღმოვაჩინე და მისი განვითარებით დავინტერესდი. არადა, სხვა ქვეყნის ფოლკლორში არის ამის მაგალითები, აქ იმის გამო, რომ პოლიფონიას ყურადღება მეტად მიექცა, ის არ განვითარებულა... მოკლედ, ასე დაიწყო ყველაფერი. - კინოსარეჟისოროზე სწავლობდით, მაგ სფეროში ტრიალებდით, მუშაობდით კიდეც, მაგრამ მუსიკაზე მაინც სულ ფიქრობდით, ხომ? - კი, ასე იყო, აქამდე მოსვლას დიდი დრო დასჭირდა. შარშან ისე მოხდა, რომ ეგ სიმღერა ვიმღერე. ჩემმა კლასელმა რომ მოისმინა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და რომლის მეუღლე ხმის ინჟინერია, შემომთავაზა, - სტუდია გვაქვს, ჩამოდი და რამდენი ხანიც გინდა, იყავი და ჩაწერეო. დავთანხმდი, მოვახერხე, რომ მიმეცა ჩემი თავისთვის იმის ფუფუნება, ერთი თვე იქ ვყოფილიყავი და რაც მინდოდა, ის მეკეთებინა. ასე ჩავწერე ალბომი, რომელშიც 10 სიმღერაა. ალბომში ორი ხალხური ლექსია, ერთი ლექსი მამაჩემისაა, დანარჩენი ჩემი და ერთი მარი აბრამიშვილის, რეპრესირებული პოეტის. - ე.ი. ლექსებსაც წერთ... - ლექსებს არ ვწერ, ბავშვობის მერე არ დამიწერია. ჩემი შეხედულებით და გაგებით სხვადასხვა რამ არის ლექსისა და სიმღერის ტექსტის შექმნა. სიმღერის ტექსტი ცალკე რომ აიღო, შეიძლება არანაირი პოეტური ღირებულება არ ჰქონდეს, თუმცა ბევრ კარგ ლექსზე სიმღერა არც გამოვიდეს. ისე, მე სულ ვწერ, მაგრამ უფრო პროზას. - ამდენი ხნის სურვილის, ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რას ნიშნავს თქვენთვის? - ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპს დაემთხვა, როცა გარკვეული ცვლილება მოხდა და მუსიკისკენ გადმოვერთე. რაღაცნაირად გაამართლა. ჰარვარდის გაცვლითი პროგრამაა (არასასწავლო), რომელშიც გავიმარჯვე, ჰოდა, ახლა ჩემი და ამერიკელი მუსიკოსის კოლაბორაციით ალბომი ჩაიწერება. ჰარვარდში მივდივარ. სრულიად სხვა სიმღერები იქნება. ჩემი ალბომიდან შეიძლება ერთი-ორი შევიდეს. მიხარია, რომ ალბომში ქართული სიმღერა მოხვდება. საინტერესოა მთის მუსიკის თანამედროვე სიტუაციაში გადამღერება. ჰარვარდის შემდეგ ალბომის ჩასაწერად ისევ საფრანგეთში მივდივარ აწ უკვე ჩემს განუყრელ მეგობარ ფადი სალიბასთან. - გამოვიდა, რომ პროფესია შეიცვალეთ, არადა, თავიდან რეჟისურაში წახვედით. საინტერესო არჩევანს ბოლომდე რატომ არ მიჰყევით? - ვერ ვიტყვი, რომ არ მივყევი, ან საერთოდ გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან. უბრალოდ, სკოლას რომ ამთავრებ, შეიძლება არჩევა შეგეშალოს, მაგრამ არ ვნანობ, რეჟისურამ ბევრი რამ მომცა. ჩემი პედაგოგი რეზო ესაძე იყო... მართლა პროფესიონალი ვარ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ალბათ ადამიანს რაღაცის ამბიცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე არ მქონდა. ტელევიზიებში ვმუშაობდი, კარგი სამსახურებიც მქონდა, უბრალოდ, ეს საქმე უფრო მიყვარს, რეჟისურა არის ის, რაც ვიცი. სიამოვნებას კი მუსიკა მანიჭებს. კინო მიყვარს, მაგრამ რეჟისურა არ არის ის, რაც მე ვარ. - ისე, მთის მუსიკა რატომ? - თუ დავაკვირდებით, ანსამბლები მთის მუსიკას არ მღერიან, უფრო მარტივ მუსიკად ითვლება, არ არის მრავალხმიანი. არადა, მასში არის ის ხაზი, რაც მე მაინტერესებს, - ამბის თხრობა. სვანურ, ხევსურულ, ფშავურ, მთიულურ ნატირალებში ეს ხაზი რატომღაც არ განვითარებულა. - მთაზე ვლაპარაკობთ, თქვენი გვარი კი მთიდან იღებს სათავეს. რა არის ფშავი თქვენთვის? - თიანეთში ბავშვობიდან დავდიოდი.იქ ცხოვრობენ ხევსურები, ფშაველები, მოხევეები... ჩვენი სოფელი, საიდანაც ხარანაულები არიან, კუჭეჭაა. მანამდე კიდევ საიდანღაც იყვნენ იქ მოსულები... იმის გამო, რომ ეთნოგრაფია ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა, ვიზუალური ანთროპოლოგია მესწავლა, "თეატრალურის“ პარალელურად უნივერსიტეტში ეთნოლოგიაზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ვეცნობოდი, ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ მთა მოვლილი მაქვს. ამიტომ მთასთან ემოციური ბმა ნაკლები მაქვს, უფრო გენეტიკური. თბილისში ვცხოვრობდი და თიანეთში ზაფხულში მივდიოდი... - ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ - "რაც გაინტერესებს, ის ხარ“... მომეწონა... - კი, ეგრეა, რაც გაინტერესებს, ის ხარ, მაგრამ ამისკენ სულ მივისწრაფვი. არ არის ცუდი ვარიანტი, რომ იმისკენ მიილტვოდე, რაც გაინტერესებს, მოგწონს, რისი კეთებაც გინდა. მერე კი ის ხდები. რაღაცნაირად ჩემს ცხოვრებაში ასეთი მიდგომა შემოვიდა - რაც საჭიროა, ის ვარ. ხომ ვამბობ, ამას ვცდილობ, ახლა მაგ გზაზე ვარ, მაგრამ არ ვიცი, ამას ჯერ რამდენად მივაღწიე. ფაქტია, ამ კუთხით ინტენსიურად ვმუშაობ, - ვაკეთო ის, რაც მომწონს. თუმცა ტელევიზიაში მუშაობა არ იყო უნაყოფო, ბევრი უნარ-ჩვევა შევიძინე. ვიყავი რეჟისორი ასისტენტი, "რადიო თავისუფლებაში“ "წითელ ზონაზე,“ გოგი გვახარიასთან პროდიუსერად ვმუშაობდი. ასევე დათო გურგენიძესთან, კარგი დოკუმენტური ფილმებზე ერთად დავიწყეთ მუშაობა. მერე რაღაც მომენტში მივხვდი, ახლა თუ არ გავაკეთე ის, რაც მინდა, თუმცა სამსახურებს არ ვემდური, მერე შეიძლება ვეღარ შევძლო... წყარო:ამბები.ჯი
კომენტარი