ივანიშვილი საზოგადოებას 9 მაისს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების
დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.
„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კაცობრიობის ისტორიაში. ყველას გილოცავთ ამ დღეს! ფაშიზმის დამარცხებით ცივილიზაციამ გაიმარჯვა ბარბაროსობაზე და ეს დღე იქცა უკლებლივ ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღედ და ყველა იმ ადამიანის კუთვნილებად, ვინც ამ ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ერთნაირი თავდადებით იბრძოდა.
საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში - ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს ფაშიზმის წინააღმდეგ. საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ომში, მარტო ქერჩის ბრძოლებს 120 ათასი ქართველი შეეწირა. ჩვენ სამშობლოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს, ბევრის თავდადება კი დღემდე უცნობია. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, გმირების უკვდავ სახელებს.
განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე.
ჩვენი, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოს, ვალია განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებზე, სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის. სწორედ ამით იზომება ქვეყნის კულტურა - როგორ ექცევა იგი სამშობლოსათვის თავგანწირულ ადამიანებს.“-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქ განცხადებაში
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო 9 მაისი, აღინიშნება რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.
კომენტარი