სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლადოიე ტალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ” – ნახეთ, როგორი შეურაცხყოფა მიაყენა ლადო აფხაზავას კოლეგამ და რას პასუხობს ის

ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თბილისში უცხოელი მასწავლებლის გარდაცვალებას ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა: “მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის.

მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე. მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით…”

ლანჩხუთელი პედაგოგის ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ერთმა კოლეგამ – ლელა ქინქლაძემ ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლიდან შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა:”ყაბალახი არ დაკარგო! ორი წიგნი არ აქვს წაკითხული, დატრენინგებული ენჯოშნიკია, ე, იმ ტრენინგებში რაც ისწავლა, აკეთებს! 2 წიგნი არ ექნება წაკითხული, შეამოწმეთ მაგის ინტელექტი! ასეთებს სპეციალურად ზრდიან, ბევრი გამოჩნდება, ბევრი ლადოიე ბავშვების ტვინებს გამოსარეცხად! ლადოიე ტალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!” – დიახ, ეს შეურაცხმყოფელი კომენტარი პედაგოგს ეკუთვნის!

თავის მხრივ, მას უპასუხა ლადო აფხაზავამ, რომელიც ორი წლის წინ, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა:

– ლელა მასწავლებელო, ღმერთმა დამიფაროს, შეურაცხყოფა მივაყენო იმ მასწავლებელს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ “ლადოიე” (როგორც თქვენ მომმართავთ), რას განიცდიდა იმ დროს, როცა თქვენ წერილს კითხულობდა, ალბათ, ვერასდროს გაიგებთ. ისედაც იცით, მაგრამ გავიმეორებ: კომპეტენცია არის ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომელებიც შემდეგ ქმედით ცოდნაში გადადის და ადამიანები ამ ყველაფერს ცხოვრებაში ავლენენ. ძალიან კარგია, როცა მასწავლებელი ცვლის საკუთარ თავს და შემდეგ ცვლის მოსწავლეთა ცხოვრებას, თუმცა გააჩნია ქმედით ცოდნაში რა გადაიტანა. თქვენ, მართლაც, გამოგივიდათ ადამიანის აგდება, შეურაცხყოფის მიყენება, აუგად მოხსენიება.

მინდა გთხოვოთ, რომ არასოდეს დაწყვიტოთ გული ადამიანებს და შეიყვაროთ ისიც, ვინც განსხვავებულად ფიქრობს.

პატივი ეცით მასწავლებლის პროფესიას, რომელიც სულაც არ ნიშნავს, კოლეგას ტალახი ესროლო. რაც შეეხება ყაბალახს, ძალიან ბევრი მაქვს და თუ დამეკარგება, მეორეს შემოვიხვევ, მთავარია ადამიანობა არ დავკარგოთ, რომლის ქმედით ცოდნაში გადატანა კომპეტენტურ მასწავლებელს ნამდვილად მოეთხოვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100