სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Universalnews-ის ინტერვიუ droni.ge-ს რედაქტორთან

საქართველოში ბლოგოსფერო ჯერ მხოლოდ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა საინტერესო ბლოგერები უკვე გვყავს და ლელა შერაზადიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ბლოგერობასთან ერთად ლელა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული ინტერნეტ-ჟურნალის droni.ge-ს რედაქტორია.

Universalnews-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლელამ ქართულ მედიაზე, საზოგადოებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

U.N. ჟურნალისტად მუშაობა როგორ დაიწყე?

პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე წერა და მას შემდეგ სულ ვწერ: Eva.ge -ზე მოთხრობებს ვწერდი, გამოცემა Sarke-ში ვწერდი ეკონომიკაზე და ბიზნესზე, ტელეკომპანია „კავკასიაში“ პოლიტიკაზე ვმუშაობდი, Itv.ge-ში ისეთ თემებს ვაკეთებდი, როგორიც არის ხელოვნება, ისტორია, სოციალური თემები, ყვითელი თემები, ანუ რასაც რეიტინგი ჰქონდა ყველაფერზე ვმუშაობდი.

რომელ თემებზე გირჩევნია მუშაობა? პოლიტიკაზე, თუ უფრო განსხვავებულ თემებზე?

როდესაც პოლიტიკაზე ვმუშაობდი, პოლიტიკური თემები მომწონდა, ანუ იმ წუთას რაზეც ვმუშაობ ის თემა მომწონს ხოლმე. დღეს, ვფიქრობ, რომ ყველაზე ღირებულ პროდუქტს ვქმნიდი Itv-ში, როდესაც ისტორიულ სიუჟეტებს ვამზადებდი და ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო.

“კავკასიაში” მუშაობის პერიოდი როგორ გახსენდება?

კავკასია იყო ძალიან დიდი სკოლა და არა მარტო პროფესიული განხრით. ყოველდღიურად ათობით სხვადასხვა ტიპის ადამიანთან მქონდა ურთიერთობა და იმ პერიოდში ადამიანები გავიცანი ზოგადად. მაშინ 20 წლის ვიყავი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

Droni.ge-ს რედაქტორობა რომ შემოგთავაზეს რა განწყობით მოდიოდი?

მაშინ ჩვენი მედია ჰოლდინგის მეპატრონე გიორგი კაპანაძე კომპანიაში სერიოზულ ცვლილებებს ახორციელებდა, შემომთავაზა ან itv-ში დარჩი ჟურნალისტად ან droni.ge-ში გადადი რედაქტორადო. დრონის სასარგებლოდ არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ მეტი ხელფასი იყო, თუმცა მერე აზარტი გამიჩნდა, რომ რეიტინგი დამესვა მაღალი. ღამეები მაქვს გათენებული იმისთვის, რომ Droni.ge-ს ამხელა რეიტინგი ჰქონოდა. ღამის პირველ საათამდე სამსახურში ვყოფილვარ. პირველი ერთი წელი სულ ლეპტოპით დავდიოდი და 24 საათი ვმუშაობდი, ახლა რომ ვიხსენებ არც კი მჯერა, რომ იმ რეჟიმს გავუძელი, პირველი რვა თვე არაადამიანური შრომა გავწიე. ამასობაში ისე შემიყვარდა droni.ge სიტყვებით ვერც გადმოვცემ, დღეს დრონი ჩემთვის ყველაფერია.

ახლა აღარ გიწევს ამდენი შრომა? მაშინ ადაპტაციის პერიოდი იყო რთული?

ადაპტაცია არა, უბრალოდ მაშინ დიდი დრო იმ წყაროების მოპოვებაზე დაგვეხარჯა, საიდანაც დღეს Droni.ge საჭირო მასალებს მოიპოვებს.

Droni.ge საინფორმაციო სააგენტოების კატეგორიაში შედის თუ უფრო სხვა სტილით მუშაობს?

დიახ, სხვა სტილი გვაქვს. მაგალითად, Interpressnews.ge არ არის Droni.ge-ს კონკურენტი, იმიტომ, რომ ის არის მხოლოდ ახალი ამბების სააგენტო.

Droni.ge-ს პირველი მიზანი და ამოცანა რეიტინგია, იმიტომ, რომ ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რეკლამაა; და მეორე მიზანი არის ის, რომ ვიყოთ ორიგინალურები, ანუ სხვებს არ ვგავდეთ. ვიღაცამ თუ დაგვასწრო და რომელიმე ამბავი ჩვენამდე გააშუქა, ჩვენ იმ თემაზე უკვე აღარ ვმუშაობთ.

Ambebi.ge-ს თვლი კონკურენტად?

Ambebi.ge -ზე პალიტრა მედიას ყველა გამოცემის მასალა ქვეყნდება. ფაქტიურად Ambebi.ge -ზე ძალიან დიდი სტაფი მუშაობს, რადგან სხვადასხვა გაზეთების, ჟურნალების და საიტების სტატიები ქვეყნდება, დრონი კი თავად რასაც ქმნის იმას აქვეყნებს, ამიტომ არ ვთვლი Ambebi.ge-ს კონკურენტად.

Droni.ge-ს მაღალი რეიტინგი ორიგინალურობით და სხვებისგან განსხვავებულობით არის განპირობებული?

დიახ, სხვებისგან განვსხვავდებით ყოველთვის. Droni.ge -ს რეიტინგი უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენი მასალები რომ არ მიჰქონდეთ სხვა გამოცემებს. ჩვენზე მაღალრეიტინგული საიტებიც კი, ჩვენგან იპარავენ მასალებს. ეს რომ არ ყოფილიყო, Droni.ge -ს რეიტინგი იქნებოდა ორჯერ მეტი.

რას უპასუხებდი მათ, ვინც ამბობს, რომ Droni.ge „რაღაცეებს იგონებს“ და მხოლოდ სკანდალურ თემებზე მუშაობს?

2012 წლის დეკემბრიდან ვარ Droni.ge-ს რედაქტორი, გარწმუნებთ, რომ 2012 წლის 5 დეკებრიდან ერთ სტატიასაც ვერ ნახავთ Droni.ge-ზე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. მანამდე Droni.ge საერთოდ სხვანაირად მუშაობდა, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ Droni.ge თავიდან დაიბადა და საერთოდ სხვა სტილით ვმუშაობთ. პოლიტიკა აღარ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, იმიტომ რომ პოლიტიკას არ მოაქვს რეიტინგი. პოლიტიკას ვაშუქებთ იმიტომ, რომ ასეთი განყოფილება არის საიტზე და უნდა იყოს.

ე.წ. სერიოზული მედიიის წარმომადგენლები, რომლებიც არ მუშაობენ ეპატაჟურ სკანდალზე, აცხადებენ, რომ ისინი არ თვლიან Droni.ge-ს ჟურნალისტებს კოლეგებად. რას უპასუხებდი მათ?

ვინც მაგას ამბობს, მოვიდეს და შეეჯიბროს Droni.ge-ს ნებისმიერ თანამშრომელს, ნებისმიერ თემაზე გინდათ სტატიის და გინდათ სიუჟეტის მომზადებაში, ვნახოთ ვინ აჯობებს და მერე გამოვიტანოთ დასკვნები. დაახლოებით ვიცი ამას ვინც ამბობს და იცით რატომ ამბობენ? ჩვენ მათზე მეტი მკითხველი გვყავს და ეს შურთ. ვიმეორებ Droni.ge-ს მიზანი არის რეიტინგი და ამას ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივად ართმევს თავს.

რეიტინგზე მომუშავე გამოცემის ჟურნალისტური ეთიკის ზღვარი სადამდეა?

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გული არ ვატკინოთ იმ ადამიანებს ვისზეც ვწერთ და თუ ვინმეს არ მოეწონება მის შესახებ მომზადებული სტატია შეუძლია დაგვირეკოს, გვთხოვოს და მასალა რამდენიმე წუთში მოიხსნება საიტიდან.

თუმცა არის შემთხვევები, სტატია მოსწონთ მაგრამ არ აღიარებენ. ერთ მაგალითს გეტყვით: ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ქართველზე გავაკეთეთ სკანდალური სტატია, ის თავადაც გვეხმარებოდა მასალის მომზადებაში და გამოქვეყნების შემდეგ დიდი მადლობა გადაგვიხადა, მესიჯი მომწერა აუ რა მაგარიაო. მერე კი, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ამ სტატიასთან დაკავშირებით ვითომ „პრეტენზიას“ გამოთქვამდა.

შენი აზრით, არის ალბათობა, რომ მომავალში ინტერნეტი ტელევიზიასაც კი ჩაანაცვლებს?

დიახ. ეს გარდაუვალი ტენდენციაა მთელ მსოფლიოში. ტელევიზიებიც თავის საიტებს უკვე აქტიურად ამუშავებენ საქართველოში ხომ ხედავთ.

ქაღალდის პრესაც აღარ იქნება? ზოგს გაზეთის სუნი მაინც ენატრებათ...

„გაზეთის სუნის“ თაობა გადავა. მე მგონი დღეს მხოლოდ ბებიები კითხულობენ გაზეთს. დედაჩემის თაობაც კი უკვე კომპიუტერზეა გადასული და ტელევიზორსაც კი აღარ იყურებენ (საინფორმაციოებს).

გარდა იმისა, რომ ხარ დრონის რედაქტორი, გაქვს შენი ბლოგიც. მაინტერესებს საქართველოში ბლოგოსფეროს მომავალ პერსპექტივაზე რას ფიქრობ?

ქართულენოვანი ინტერნეტსივრცე ჯერ-ჯერობით ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. Google-ში სიტყვა, რომ ჩაწერო ქართულ ენაზე, რაღაც სასაცილო ახსნებს ამოგიგდებს ან საერთოდ ვერაფერს ვერ იპოვი. დრო სჭირდება ამ ყველაფრის განვითარებას, ისე კი ნიჭიერი ბლოგერები არიან საქართველოში; ბევრი მათგანი საკუთარ „ფეისბუქზე“ პოსტავს. მე ვიცნობ რამდენიმე ნიჭიერ ბლოგერს და ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ბევრი კარგი ბლოგი გვექნება ქართველებს.

პოსტებს თუ გიკრიტიკებენ?

კი ხშირად, მაგრამ ამაზე არ ვბრაზობ. მართლა არანაირი რეაქცია არ მაქვს. არც უარყოფით კომენტარებს არ ვშლი. ვისაც უნდა, გამოხატოს თავისი აზრი - წერა რომ არ ვიცი, მაგასაც წერენ, რომ აზრს ვერ ვალაგებ და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე არ მაქვს არანაირი პრეტენზა.

შენი პოსტების წაკითხვის მერე გამიჩნდა კითხვა: ფსიქოლოგიური განათლებაც ხომ არ გაქვს მიღებული? ფსიქოლოგიასთან შეხება გქონია?

ფსიქოლოგიური ლიტერატურა მაქვს წაკითხული ბევრი და დღემდე ვკითხულობ. მიყვარს ადამიანებზე დაკვირვებაც. შემდეგ დასკვნები გამომაქვს და ვწერ პოსტებს.

თუ გიფიქრია, რომ კარგი წიგნი დაწერო?

ადრე ვწერდი მოთხრობებს. ახლა ვეღარ ვწერ. წიგნი რომ დაწერო, ძალიან ბევრი სერიოზული ლიტერატურა უნდა იკითხო მე ჯერ არ მაქვს ამის დრო, თუმცა, იმედია სიკვდილამდე ერთი წიგნის დაწერას მაინც მოვასწრებ.

ლელ სნობიზმზე თუ გქონდა პოსტი? და საერთოდ რას ფიქრობ ასეთ ტენდენციაზე: ვიღავამ თქვა, რომ ჯენის ჯოპლინი მაგარია, ნინო ჩხეიძე ცუდი და ამას იმეორებს მერე ყველა

ამ თემაზე არაფერი არ დამიწერია... ჯერ-ჯერობით. ვფიქრობ მიმბაძველობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებას საკუთარი თავის რწმენა აკლია. ვიღაც „მაგარმა ტიპმა“ (სხვებს, რომ „მაგარი ტიპი“ ჰგონია) თქვა, რომ ჯენის ჯოპლინი მაგარია და ეს გაიმეორეა იმან, ვისაც საკუთარი თავის წარმოჩენის ეშინია. ვისაც საკუთარი თავი არ მოსწონს, ფიქრობს: მე თუ არ მომწონს საკუთარი თავი, ესეგი არც სხვებს არ მოვეწონები და ცდილობს მიბაძოს იმას, ვინც სხვებს მოსწონს.

კიდევ ერთი მაგალითი: საზოგადოების აქტიური წევრი (ჟურნალისტი) სოციალურ ქსელში წერს: „დილით ტაქსში ჩავჯექი და ძალიან მესიამოვნა, რომ ტაქსის მძღოლი სტინგს უსმენდა და არა „რადიო არ დაიდარდოს“... - ამ ადამიანზე რას იტყვი?

ეს განათლების და უსაქმურობის ბრალია. საქმეს რომ აკეთებ შენ სნობიზმისთვის აღარ გცალია და არც ტაქსისტების გემოვნებაზე ფიქრის დრო არ გრჩება. იმ ადამიანს სახლიდან გამოსვლის წინ რაიმე საინტერესო წიგნი რომ წაეკითხა იმ წიგნის პერსონაჟებით ექნებოდა ტვინი გამოვსებული და ვერც კი შეამჩნევდა რას უსმენს ტაქსისტი.

შენ რომ გქონდეს საზოგადოებაზე გავლენის შანსი ან საზოგადოების მენტალიტეის შეცვლის შესაძლებლობა, პირველ რიგში რას შეცვლიდი?

ბოღმას. სერიოზული ბოღმა აქვს საზოგადოებას. ბოღმა იმ დონეზეა, რომ ზოგს თავისზე უფრო უარესებისაც კი შურთ. ბოღმას თუ მოვიშორებთ, ძალიან წინ წავიწევთ. მაგრამ ეს ხალხის ბრალიც არ არის, 90-იანები, რევოლუციები, გაჭირვება, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი, ძალიან ბევრი ცუდი გადაიტანა ქართულმა საზოგადოებამ და ეს ყველაფერი ფსიქიკაზე მოქმედებს. ჩემი აზრით ეს ბოღმა არ არის გენეტიკური პრობლემა. ქვეყანაში სიტუაცია რომ დალაგდეს და 21-ე საუკუნისთვის სამარცხვინო ეკონომიკური პრობლემები გაქრეს, მერე ნელ-ნელა ბოღმაც წავა.

შენ, როგორც ლამაზი და წარმატებული გოგო, უფრო მეტ ნეგატივს თუ პოზიტივ გრძნობ შენს მიმართ საზოგადოებისგან?

მე ყოველთვის და ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნა და პოზიტივი მივაწოდო, შესაბამისად უკანაც კარგი მიბრუნდება. ზოგადად ვფიქრობ, ადამიანები ერთმანეთზე თუ ვიზრუნებთ, სამყარო უფრო კარგი იქნება.

ლელ, ხელოვნურ თუ სკანდალურ რეიტინგებზე რა აზრის ხარ? მაგალითად, თინა მახარაძის ფენომენზე და ა.შ.?

ყოჩაღ თინა მახარაძეს. მე არ მომწონს, მაგრამ თინა მახარაძემ ერთ დღეში მიაღწია იმას, რაზეც ქართული შოუ-ბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ოცნებობს. თვითონ თინა ამტკიცებს, რომ მას ეს ყველაფერი პოპულარობისთვის არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია რეიტინგი მოუტანა. თუმცა თინა მახარაძემ ამის მერე რაც არ უნდა კარგი როლი შეასრულოს, რაც არ უნდა მაგრად ითამაშოს, მას ძალიან გაუჭირდება თავის კარიერაში ისეთი რამის გაკეთება, რომ ის არ მოიხსენიონ როგორც „გოგო, რომელსაც მინეტი ევასება“.

შენ თუ გიფიქრია ხელოვნური რეიტინგის შექმნაზე? (სკანდალური ჟურნალისტებიც ხომ გვყავს...)

რაში მჭირდება? ეს რომ მჭირდებოდეს ახლაც შემიძლია რაღაც სისულელე გითხრა შენ.

იმ საინტერესო ტენდენციაზე რას იტყვი სზაოგადოებისთვის მიუღებელ სახეებს, რომ აპიერებენ ჟურნალისტები და ტელეშოუები? თუნდაც ეკა ყურშიტაშვილი

ჩვენც ძალიან აქტიურად გავაშუქეთ ეკა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რეიტინგი მოუტანა გამოცემას. შეიძლება სულ არ მინდოდა მისი გაშუქება, მაგრამ გავაშუქეთ. ძალიან ბევრი ადამიანია ვინც არ მინდა, რომ გავაშუქო, მაგრამ მე მჭირდება რეიტინგი. იგივე პრინციპია ტელეშოუებშიც, მაია ასათიანი და სხვები, კი არ გიჟდებიან იმათზე ვისაც იწვევენ სტუმრად, უბრალოდ არჩევენ ხალხისთვის საინტერესო სახეებს. შეიძლება შოუში მოიწვიო ძალიან მაგარი მწერალი, მაგრამ მას არ ექნება რეიტინგი, მიიწვევ ეკას და გიყურებს ყველა.

გლამურულ გამოცემაში თუ იმუშავებდი?

საქართველოში გლამური არ არსებობს. აქ საზოგადოებას სულ სხვა ინტერესი აქვს. თუმცა მე რომ ვცხოვრობდე ამერიკაში, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი Vogue-ში.

მატერიალურად უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყავი, ანუ ხელფასი რომ არ გჭირდებოდეს, რით დაკავდებოდი?

საშუალება რომ მქონდეს გავაგრძელებდი სწავლას, წავიკითხავდი ბევრს, ვაწარმოებდი ჩემს ბლოგს, წიგნებსაც დავწერდი...

და რა თემებზე დაწერდი?

ყველაფერზე აბსოლუტურად. ჩემი კარიერული წარსულიდან გამომდინარე, შემიძლია ვწერო ბევრ თემაზე. სხვადასხვა სფეროებში მიმუშავია და არ ვარ მარტო ერთი განხრის ჟურნალისტი, რომელსაც შეუძლია წეროს მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემაზე.

რომელ წიგნზე შეგიძლია თქვა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ შენს აზროვნებაში გარდატეხის მომენტი იყო?

მთლად გარდატეხის მომენტი არ იყო, მაგრამ ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული“ რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ძალიან დამახინჯებულად არის ჩვენამდე ისტორია მოსული. ამ ნაწარმოებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწავლას თუ გავაგრძელებ, მინდა ისტორიულ ფაკულტეტზე ჩავაბარო და ისტორიაზე რაღაცეები დავწერო სხვანაირად. საქართველოს ისტორიაში არის ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც სკოლაში არ ისწავლება და რომელზეც შეგიძლია ძალიან კარგი რომანი ააწყო.

ლელ, შენისთანა ეფექტური გარეგნობის გოგო ფსიქოლოგიაზე, ისტორიაზე და სხვა რთულ თემებზე წერს... მე მეგონა ყველა ლამაზმანს „ფეისომანია“ სჭირს და მსახიობობაზე ოცნებობს...

და რას დაინახავდნენ ჩემში? კაცებისთვის სასურველ ქალს? ბევრად უფრო სასიამოვნოა როდესაც ჩემს გონებას აფასებენ.

ეკრანზე გამოჩენის „ფეისომანია“?

პოპულარობაზე არ მიფიქრია მართლა. ინტერნეტში არის 50-მდე ესე და ჩანაწერები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ არავინ იცის, რომ მათი ავტორი ვარ მე. პოპულარობა რომ მინდოდეს ჩემს სახელს და გვარს დავაწერდი.

საქართველოდან წასვლაზე თუ გიფიქრია ოდესმე?

სტუდენტობის დროს ვაპირებდი სასწავლებლად წასვლას და მაშინ ვერ წავედი. პატრიოტი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლაც წავიდოდი, იმიტიმ, რომ იქ უფრო დიდი პუბლიკა, უფრო ფართო აუდიტორია, უფრო მეტი მკითხველი მეყოლებოდა. ანუ სხვა ენაზე წერის პერსპექტივაზე არ ვიტყოდი უარს.

Youtube-ზე ვნახე შენი ვიდეო სადაც ზოდიაქოს ნიშნებზე საუბრობდი. მართლა კარგად ერკვევი ამ სფეროში?

არა, ჰოროსკოპებში ვერ ვერკვევი. ეს არის ჩემი მეგობრის დაბადების დღისთვის გადაღებული სახუმარო მილოცვა, ძალიან დიდი ვიდეო იყო, მაგრამ ჩემი მონაკვეთი რატომღაც ცალკე ამოჭრეს. ვიდეოზე არ ჩანს, მაგრამ „შპარგალკიდან“ ვკითხულობდი ყველაფერს. საერთოდ ვერ ვერკვევი ზოდიაქოებში.

და არც გჯერა ჰოროსკოპის?

ხანდახან მჯერა. თვე რომ იწყება მთელი თვის ჰოროსკოპს ვკითხულობ ხოლმე, მაინტერესებს როგორი თვე იქნება, მაგრამ რომ გითხრა რომ მიხდება, ასე არ არის.

შენი დახასიათება თუ ემთხევევა შენი ზოდიაქოს ნიშანს?

მერწყული ვარ და 90%-ით ემთხვევა.

თავისუფალი და მკაფიო აზროვნების ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. ასეთებად იბადებიან, თუ ეს განათლების, წიგნების და გარემოს გავლენაა?

მე თავიდანვე ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში. შეიძლება ზოგადად გამოცდილების გავლენაც არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100