"უცნობს" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარებენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძეს, იგივე "უცნობს", გამოკითხვაზე დაიბარებენ.
მას თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ გაჩეჩილაძეს დღეს დაუკავშირდებიან.
"უცნობის დაბარება მოხდება კი, გამოიკითხება აუცილებლად. დღეს უნდა დავუკავშირდეთ", - თქვა კაციტაძემ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტები, რომლებიც "უცნობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში ფიგურირებენ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული. "მთავარი არხის" იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიების ლოგიკურად დასრულების იმედი არ აქვს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
კომენტარი