2017 წელს საქართველომ, შესაძლოა, რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს
2017 წელს საქართველომ, შესაძლოა, რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. საქართველოს რაგბის კავშირს განაცხადის გაკეთებაზე თანხმობა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე მისცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რაგბის კავშირი შესაბამის განაცხადს 27 ივნისს წარადგენს.
„ჩვენ გვაქვს რაგბის საერთაშორისო ფედერაციის დიდი მხარდაჭერა, რომ აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ქართული სპორტისა და კულტურის პროპაგანდის, ასევე რაგბის პოპულარიზაციის მიმართულებით,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმაც წარუდგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, საქართველო უძლიერესი გუნდით წარსდგება, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები ქართული კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
კომენტარი