სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე იოანე: ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს

ქუთაისელგაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ ეპარქიის ოფიციალურ გვერდზეფეისბუქისსოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

განცხადების თანახმად, „თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს. უფალი ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ.7,22-23). მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ანბანური ჭეშმარიტების საჯაროდ მოხმობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა.“

მეუფე იოანე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თხოვნით გელათის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ეპარქიის სამღვდელოება შეიკრიბა, რათა მოესმინა აქტივისტთა ექსპერტების საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაეგოთ, საფუძვლიანია თუ არა მათი მოსაზრებები მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ. „ვითხოვეთ მათგან გეომორფლოგიური მონაცემები რიონის ხეობაში მეწყრული ზონების შესახებ, ასევე ბოლო ათეული წლის ჰიდროდინამიკური დაკვირვებები და მექვენა-ჟონეთის ზონაში სეისმური აქტივობის ცნობები ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე. პასუხად კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ თავის განცხადებაში. მისი თქმით, უფალმა ჯვარი მოთმინებით და მორჩილებით იტვირთა, არა პროტესტით.

„უფალმა ჯვარი კაცობრიობის ხსნისათვის იტვირთა, ხოლო ჩვენ, მის მორწმუნეებს, გვიანდერძა: ვისაც უნდა იყოს ჩემი მოწაფე, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. უფალი არავის აიძულებს ჯვრის ტვირთვას; მხოლოდ უფლის მიმართ სიყვარულით, რწმენით, სულგრძელად განსაცდელების მოთმინებით და მშვიდობით ატანით, პირადი ცოდვების განცდით, სინანულით არის შესაძლებელი ამ უღლის აღება და ტვირთვის ზიდვა, რასაც უფალმა „ტკბილი და მსუბუქი“ (მთ.11,30) უწოდა. ჯვარს ძალა მიეცა არა კაცობრივი პროტესტით, არამედ იესო ქრისტეს ღვაწლით – ძალა ცოდვებისგან ხსნისა, ძალა მოთმინებით და სიმდაბლით ამპარტავნებაზე ძლევისა. იესო ქრისტეს ეკლესიის კურთხევით მორწმუნე ადამიანს ჯვრით ეძლევა მადლი კურნებისა, ბოროტი ძალისგან დაცვისა… ჯვარი კურთხევით აღიმართება იქ, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი, ან იმ ადგილას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით არის გამოყოფილი მისთვის. კურთხევა ამ შემთხვევაში ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ სრულდება. მის გარეშე თვითნებურად აღსრულებული კურთხევა, ეკლესიის კანონის თანახმად, ბათილად ჩაითვლება.“

განცხადებაში მეუფე იოანე ცალსახად მიუთითებს, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. თვითნებობა არის ძალადობა ეკლესიის სამართალზე, მისი იგნორირებაა და დაპირისპირება უფალთან. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე.

„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის. თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა. ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი. გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ახლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება,“ – აღნიშნავს მეუფე იოანე.

ქუთაისელ – გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს განცხადების სრული ტექსტი მოცემულია ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქის სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100