სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი თურქულ ფეხბურთში

ჟენევაში „უეფას“ ოფისში სპეციალური საფეხბურთო სამიტი გაიმართა, რომელიც თურქეთში მომხდარ საფეხბურთო სკანდალს დაეთმო. “უეფა” ევროპული ტურნირებიდან დისკვალიფიკაციით ემუქრება იმ კლუბებს, რომელთაც ბრალეულობა დაუმტკიცდებათ. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას შვეიცარიაში ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლუტფი არიბოგანი ხელმძღვანელობდა.

ბატონი არიბოგანი საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა. მან განაცხადა, რომ ფედერაცია სიტუაციას აკონტროლებს და ის ყოველ ღონეს იხმარს, რომ კორუფცია აღმოიფხვრას და თურქული ფეხბურთის რეპუტაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

„უეფას“ შეშფოთება თურქეთის წამყვანი გუნდების ხელმძღვანელების დაპატიმრებამ გამოიწვია. პოლიცია ბოლო სეზონის 19 მატჩის ჩაწყობის ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს. საქმესთან დაკავშირებით 60 ადამიანზე მეტია დაკავებული.

გასულ კვირას გამარჯვებულმა სტამბოლის გუნდმა -„ბეშიქთაშმა“- ქვეყნის თასი უკან დააბრუნა, სანამ თამაშის ჩაწყობის ფაქტები ბოლომდე გამოძიებული იქნებოდა. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ერთ-ერთმა ფეხბურთელმა პოლიციას ქრთამის აღების შესახებ ჩვენება მისცა. მან აღიარა, რომ ფინალში ცუდად მხოლოდ იმიტომ ითამაშა, რომ მას მეტოქეები საჩუქრად დოღის ცხენს დაპირდნენ.

„უეფას“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გუნდი „ფენერბახჩე“, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია. კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე მატჩის ჩაწყობისთვისაა დაპატიმრებული. აყვანილია „ტრაპზონსპორის“ და „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობაც.

ვეტერანი საფეხბურთო მიმომხილველი ასათ ილმაირი ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ „უეფამ“ „ფენერბახჩე“ ევროპის ჩემპიონთა ლიგიდან არ გარიცხოს:

სიტუაცია უამრავ კითხვას ბადებს. ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მასალა იმისთვის, რომ გუნდები დაისაჯონ. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. შეიძლება ეს სწორი გამოსავალი იყოს, რადგან არავინ იცის, მართლაც, ვინ არის დამნაშავე და ვინ-არა“ - ამბობს გამოცდილი ჟურნალისტი, საფეხბურთო მიმომხილველთა ასოციაციის წევრი.

მეორეს მხრივ სასამართლო პროცესი შეიძლება რამდენიმე წელიწადი გაგრძელდეს. პოლიციის ძიება ფართოვდება და დაპატიმრებულთა რაოდენობაც იმატებს. შესაბამისად იზრდება „უეფაზე“ ზეწოლაც. მისგან მოითხოვენ თურქული კლუბების დასასჯელად რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.

„სკანდალმა მედიაში ყველა პოლიტიკური ამბავი გადაწონა. ქუჩებში, ტელევიზიაში, ყველა ამაზე ლაპარაკობს. ქვეყანა შეშლილია ფეხბურთის ნიადაგზე“- ამბობს სპორტული ჟურნალიტი, თურქული გაზეთის „დეილი მილეთის“ მიმომხილველი -ასლი ადინთასბასი.

ქვეყნის ჩემპიონის -„ფენერბახჩეს“- მხარდამჭერებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივი დემონსტრაცია მოაწყვეს. პროტესტი ძალადობაში და პოლიციასთან შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ფანებმა სტამბულის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

თურქულ კლუბებს მდიდარი და გავლენიანი მეპატრონეები ჰყავთ და კორუფციაზე და მატჩების ჩაწყობაზეც უკვე რამდენიმე წელია ლაპარაკობენ. თუმცა ამით ხალხში ფეხბურთის ქომაგობა არ შემცირებულა და ფეხბურთელთა ფანების რაოდენობაც დღითი-დღე იზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100