სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი უკეთ მკითხაობს ყავაზე - კლიმიაშვილი თუ სარიშვილი?

თბილისს უკვე ახალი საკრებულო ჰყავს. მერი იგივეა, მაგრამ უკვე არჩეული - პირდაპირი წესით. ოპოზიციის „თეთრი ოლარები“ ვერ აელვარდა.
ეჰ, აღარ გვექნება გაზი ათ თეთრად, შუქი - 5 თეთრად, არცა წყალს მოგვაწვდის ვინმე მუქთად პირის გასასვლებლად. სამაგიეროდ, სამივე გვექნება - ნამდვილად, ცოტა ძვირად, მაგრამ ნამდვილად. ნაგვის „ბუნკერები“ ისევ სახლის წინ იდგება და არა ისე როგორც ქრისტიან-დემოკრატები გვპირდებოდნენ ისევ სადარბაზოებში შემოგიტანოთო. ამ ხალხმა ერთი რამ ვერ გაიგეს, რომ „პადიეზდში“ ბუნკერები უხაროდათ მარტო ვირთხებს და ზარმაცებს. ვირთხები ხმას არ იძლევიან. ზარმაცი კაცი კიდე, ვისაც ნაგვის ეზოში ჩატანა და ჩაგდება ეზარება, საარჩევნო უბნამდე მოვა და ბიულეტენს ჩაგიგდებს?
საკრებულოში 39 ნაციონალი და 11 ოპოზიციონერი იჯდება. 49-ს მიკროფონი დასჭირდება, აი ინგა გრიგოლიას - არა.
საქართველოში ჩატარებული არჩევნებით ამერიკაც კმაყოფილია და საერთაშორისო საზოგადოებაც, უცხოური მედიაც. უკმაყოფილოა მხოლოდ კრემლი, და ისინი ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდნენ. რუსული პრესა და რამდენიმე ქართული გაზეთი. მხოლოდ ისინი გოდებენ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებზე. არადა, ვინც არჩევნებში მონაწილეობდნენ – „ალიანსიც“ და ქდკ-ც ჩატარებულ არჩევნებს არ სწუნობენ. ერთი ნოღაიდელია აღრენილი, მაგრამ მისი კუკავა და დავითაშვილი კი შევიდნენ საკრებულოში.
დგანან და უკვირთ რატომაა ალასანია კმაყოფილი. კმაყოფილია იმიტომ რომ თავის ძალებს რეალურად აცნობიერებს, ამ ეტაპისთვის 5 კაცის გაყვანასაც გამარჯვებად მიიჩნევს და როგორც ჩანს, ასევე რეალურად ფიქრობდა მაშინ, როცა დღეს უკვე „ალიანსიდან“ გამოქცეული სუბარი აგრესიული და რადიკალური კამპანიის ჩასატარებლად აქეზებდა.

სუბარი თავის მხრივ გულწრფელად აღშფოთებულია, ჩემი „ალიანსიდან“ წამოსვლა რა სკანდალურია, ხალხი ოჯახებს ტოვებსო.

ჰოდა მანაც დატოვა. არჩევნებმადე არ დავტოვე არ მინდოდა, „ალიანსი“ დამესუსტებინაო. არადა, ყველამ კარგად იცოდა რომ ჩემოდანი კაი ხნის ჩალაგებული ჰქონდა და ნეტა ვის უმალავდა? ალასანიას?

სუბარი ღიად ადანაშაულებს ალასანიას, გამარჯვება შეეძლო და გამარჯვებისთვის არ იბრძოლაო. ჩემი გამარჯვების ფორმულა არავინ ინდომაო. ამ გამოსვლებმა ლევან ბერძენიშვილი გააღიზიანა, ნეტა, რა იყო მაგის გამარჯვების ფორმულა, უნდა მივსულიყავით, გრეჩიხასთვის ხვეწნა დაგვეწყო, გვეთქვა, ალასანიას კი აქვს რეიტინგი, მაგრამ მოდი ლიდერი შენ იყავიო?

„ალიანსიდან“ კოკა გუნცაძეც გამოიქცა, ეტყობა მასაც დიდი გამარჯვება ეწადა. ამბობენ ეგეც და სუბარიც ნინო ბურჯანაძესთან გადავლენო. „ალასანიას“ ბურჯანაძეც უტევსო, რომ იძახდი, შევცვლით შევცვლით, მიდი და შეცვალე, ჩემები დაჭერილები არიან და გამოუშვითო.

ბურჯანაძე დიდ ამბებშია, ოქრუაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან აბამს კავშირს, თუ მათი გაერთიანება მოხერხდა, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება.

მოკლედ, ოპოზიცია ორ ფლანგად ლაგდება - სულწასულები და ისინი ვინც არ ჩქარობენ. ბურჯანაძე სულწასულია და სულწასულებს შემოიკრეფს გვერდით. უნდა რაც შეიძლება მალე დაამთავროს მიხეილი. უფრო სწორად, თვითონ უნდა რომ მალე ავიდეს ტახტზე, და მიხეილის ჩამოცილებაც ამიტომ უნდა, თორემ...

აი, ალასანიას კი არსად ეჩქარება. ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებს ბრძოლას და არანაირად არ ხიბლავს ხელისუფლების ძალოადობით შეცვლა. დამხობა-ჩამოგდებებზე ფიქრით არც ტვინის დაბინძურებას აპირებს და არც ამერიკული მხარდაჭერის დაკარგვას.

სიტუაცია, ცოტა არ იყოს და მართლა კომიკურია. თვითონ ალასანია კმაყოფილია და მეორე ადგილზე გასვლასა და საკრებულოში 5 კაცის გაყვანას გამარჯვებად აფასებს და სხვები კიდე ამ კმაყოფილებისთვის ამუნათებენ. რომის პაპზე მეტ კათოლიკეობაზე დებენ თავს, დავიჯერო მაგათ უფრო უნდოდათ ალასანიას გამარჯვება, ვიდრე თვითონ ალასანიას?
ალასანია კიდე, მზადაა ეროვნულ ფორუმთან ითანამშრომლოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე. ეროვნული ფორუმი თავის მხრივ ყველასთან აპირებს კონსულტაციების გამართვას, გარდა - ნოღაიდელისა.

მამრაძე ნაწყენია „ყველა მინუს ნოღაიდელი“ რა პონტია, ესაო, დესტრუქციული არისო. ყველამ ჩვენი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთო. კაი, კაცო და ყველამ კრემლში ვიტუსტუსოთ?

ზურიკელა ნოღაიდელს რომ თავი საქართველო ჰგონია, თუ იცოდით? მე არ ვიცოდი. მაგრამ ახლა უკვე „ვიცი“ და შეგვიძლია ვიკაიფოთ. არჩევნების მერე გამოხტა, და დაიძახა, „სამწუხაროდ გუშინდელი დღე საქართველოს დამარცხების დღე იყო“-ო. ცამპა-ცუმპა ლამპარიო, გზაზე ვნახე ლამპარიო, დავდგამ სოროს ბოლოსაო და გავინათებ კრემლისკენ სავალ გზებსაო. თურმე ნუ იტყვით და ეროვნულმა საბჭომ ხელისუფლების შესაცვლელად ახალი გეგმა უნდა შეიმუშაოს.

წუხს, „ნაციონალურმა მოძრაობამ გვაჯობა მხოლოდ ერთ რამეში - ხალხის დაშინებასა და მოსყიდვაში“-ო.

ელემენტარულია, ვერავინ გაჯობებს იმაში, რაშიც არ ეჯიბრები. თუ ამ მარტივ ლოგიკას მივყვებით, თურმე ნოღაიდელს ჩვენი მოსყიდვა და დაშინება სდომია. და ვერ დავუშინებივართ, ვერ მოვუსყიდივართ. ნაციონალებს უჯობნიათ მისთვის. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ვინც შენს დაშინებასა და მოსყიდვას ლამობს, ხმა უნდა მისცე თუ ყბაში მუშტი?

ეს ყბა-დასამტვრევი ნოღაიდელი კი კაი ხანია, იქით უპირებს ხელების დამტვრებას მიხეილ სააკაშვილს. არჩევნების მერე, პრესაში ჰკითხეს კიდეც, როდის დაამტვრევთ ხელებს სააკაშვილსაო.

„ეს აუცილებლად მოხდება, დიახ ეს აუცილებლად მოხდება... ჩვენ ვაპირებთ სხვა რეაგირებას, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელისუფლების შეცვლას!“

მაინც როდისა, როდისაო? „კიდევ ერთხელ გეუბნებით, ინსტიქტი მეუბნება რომ დღესვე დავიწყო მოქმედება, მაგრამ მაპატიეთ და ჩემი ხასიათის „გასასწორებლად“, მოუმზადებელი ხალხის ქუჩაში გამოყვანა არაფრით არ იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული“.

სტილი დაცულია, არ იფიქროთ მე რამე ამერიოს, არც ჟურნალისტზე მაქვს ეჭვი - რას ვიზამთ საკუთარ ინსტიქტებთან მოკამათე ნოღაიდელს ქართული დავიწყნია... ან რა ჯანდაბად სჭირდება ქართული, მე შენ გეტყვი და პუტინი და მედვედევი შაჰ-აბასი არ მყავდეს - უნიკალურად მოქართულე. ნოღაიდელი არც ქართულის არცოდნას ნანობს და არც ამ არჩევნებში მონაწილეობას. ამ არჩევნებშიდაო, ჩვენი ძალებიც შევამოწმე და ხელისუფლების უსინდისობის ხარისხიცაო.

ეს ძალები კი არ იტყვით რაში სჭირდება? „მოკლედ გეტყვით, ჩვენ სააკაშვილს გავაგდებთ!“. მაინც როგორო, ჰკითხეს. „აი, ასე გავაგდებთ!“. ეს კაცი თავისი პირით ამბობს, რომ ბრძოლის არც ერთ ხერხზე არ დაიხევს უკან, ის კი არა, თურმე ვალდებულიც ყოფილა ეს ქნას. და ისევ ინსტიქტებზე ლაპარაკობს, ინსტიქტი მეუბნება ეს სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა ვქნაო, მაგრამ გონება მკარნახობს, უკეთ მოვემზადოთ და დამატებითი შეცდომები არ დავუშვათო.

შე კაი კაცო, ჯერ შენი ინსტიქტები მოგეთოკა, კარგად მომზადებულიყავი და ისე გამოსულიყავით არჩევნებზე და ბრტყელ-ბრტყელი მერე გელაპარაკა. ახლა დამდგარა და იმაზე ბოდავს რომ ნაციონალებმა ხალხის დაშინება შეძლეს, იქვე კი თავის ნათქვამს უთხრის ძირს, ზოგ უბანზე ჩვენ 30 პროცენტი ავიღეთ, ნაციონალებმა 10-იო. ნეტა რათა, იქ მიშას ძალა არ სჭრიდა თუ გიგის ჯადო?

სააკაშვილს არც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია, არც ეკონომიკის წინ წამოწევა და არც სამუშაო ადგილების შექმნაო. ამ ინსტიქტებთან მოდუდღუნე ნოღაიდელს მგონი ისიც დაავიწყდა რომ ერთ დროს ჩვენდა საუბედუროდ თავად ბრძანდებოდა ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი და იქნებ ან ტვინმა უკარნახოს, ან ინსტიქტმა და გვითხრას, რა გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის წამოსაწევად? თუ ეს წამალი აქვს, მაშინ რა კრუხივით ზედ აჯდა და მალავდა?

არჩევნებით უკმაყოფილო კიდე იცით ვინაა? ქართული პოლიტიკის ცრუ-კასანდრა - რამაზ კლიმიაშვილი. დამდგარა და გოდებს რუსები მალე ყაზბეგის რაიონსა და გუდაურსაც აგვახევენო. თურმე ნუ იტყვით და მიშა გვატყუებს, როცა ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გველაპარაკებიან. და იცით რატომ? თურმე საფრანგეთიდან ერთი არალეგალი ბიჭი ძალით გამოუგდიათ, ისაო, კიოდაო, არ მინდა საქართველოში და მაინც გამოუშვესო.
მამაძაღლი, თვითონ ამბობს, არალეგალი იყოო და რა უნდა ექნათ? დეკემბრამდე შეენახათ და მარწყვი ეჭმიათ? თვითონ ამბობს, არალეგალები კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიანო. თუ კრიმინალები არიან, აბა რანაირად უნდა მოიქცნენ, ძალიან მაინტერესებს, მარაოთი დაუნიავონ? და ამასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას რა ხელი აქვს? ვინმემ უთხრა კილმიაშვილს რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება იმას გულისხმობს, მიდი მისდექ ევროპას და ძარცვე და ღლიტეო? ცრუ-კასანდრა კი დამდგარა და გოდებს, ამ არჩევნების შედეგები ვანოს კაბინეტში დაიწერაო. ამ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერავინ შეცვლის, მკაცრი ზომებია მისაღებიო.

სისხლი მოენატრა კასანდრას. მე კიდე, ირინა სარიშვილი. დედას ვფიცავარ, ირინა სარიშვილი ამ ექსპერტებზე უკეთესად თუ არ მკითხაობდეს ყავაზე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100