სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეა წულუკიანი ინგლისის დედოფალს, ელისაბეტ მეორეს შეხვდა

ლონდონში თავისუფლების დიდი ქარტიის (Magna Carta Libertatum) 800 წლისთავისადმი მიძღვნილი სამართლის გლობალური სამიტი დასრულდა.

ლონდონში შეკრებილ სამართლის სფეროს წამყვან სპეციალისტებს ბუკინგემის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ უმასპინძლა. დედოფალმა ისტორიული დოკუმენტის 800 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული საზოგადოების გამორჩეულმა ნაწილმა მოიყარა თავი.

მიღებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად დაესწრო.

ლონდონში სამართლის გლობალური სამიტის მსვლელობისას თეა წულუკიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის, ირლანდიის, ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კატარის იუსტიციის მინისტრებს და, ასევე, იუსტიციის საქმეთა ევროკომისარს შეხვდა.

დაიგეგმა ტრენინგები და ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში სამართლებრივი რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს და სამართლის სფეროს სპეციალისტებს სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

მინისტრმა შეხვედრა გამართა, ასევე, ბრიტანეთის უმსხვილეს იურიდიულ კომპანია „ომნიას“ (Omnia Strategy LLP) პარტნიორ ჩერი ბლერისთან, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მეუღლეა. აღნიშნული კომპანია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შემოდგომაზე საარბიტრაჟო დავასა და მედიაციის საკითხებში სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს.

სამართლის გლობალური სამიტი ლონდონში 23 თებერვალს გაიხსნა. ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები; სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ.

თავისუფლების დიდი ქარტია − მაგნა კარტა (ლათ. Magna Carta Libertatum), ინგლისში 1215 წელს გამოიცა. აღნიშნული დოკუმენტი ისტორიული პროცესის წინაპირობად ითვლება, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა.

„Magna Carta Libertatum“ აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“ და, მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვა წინაპირობები საზოგადოების ცხოვრებაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცებისათვის. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100