სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინანსთა მინისტრის მორიგი ახირება ქვეყნის ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდება

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ხარჯზე ექსპერიმენტებს აგრძელებს: ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს - უალკოჰოლო სასმელები ელექტრონული მარკირების წესს დაექვემდებარება. საფასურს ბიუჯეტი გადაიხდის.

მეწარმეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი არგუმენტებით ასაბუთებენ, რომ ახალი რეგულაცია აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს და ქვეყნის ბიუჯეტს. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები არ აქვს, მინისტრი კი მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სავალალო შედეგით მთავრდება. ნოდარ ხადურის რამდენიმე გადაწყვეტილება ბიუჯეტს უკვე ძვირი დაუჯდა.

ახალი ექსპერიმენტი, უალკოჰოლო სასმელების მარკირება, ბიუჯეტს ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაუჯდება. სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახური მარკირებაში სწორედ ამდენს გადაიხდის საკუთარი შემოსავლებიდან. ფინანსთა სამინისტრო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა გადაიხადოს შემოსავლების სამსახურმა მილიონები რეგულაციაში, რომლის აუცილებლობის არგუმენტები არ აქვს. ვერც შემოსავლების სამსახური და ვერც სამინისტრო ვერ ასახელებენ რა შემოსავალს ელოდება ბიუჯეტი გაღებული მილიონების სანაცვლოდ. ერთადერთი არგუმენტი, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების სურვილია. მეწარმეები კი მთავრობას ფაქტობრივად უდანახარჯო ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობენ, რომელიც აღრიცხვიანობას მარკირებაზე უკეთ უზრუნველჰყოფს.

ხადურის გადაწყვეტილება ლუდის აქციზის გაზრდის და სიგარეტის ადვალური გადასახადის გაზრდის თაობაზე საქართველოს ბიუჯეტს უკვე ძვირი დაუჯდა.

გაზრდილი აქციზი ლუდზე და სიგარეტზე გადაიხედება და შესაძლოა კვლავ შემცირდეს

ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას მეწარმეების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პროტესტი. "არ გამიძვირო ლუდი" - სწორედ ამ სახელის კამპანიით, საზოგადოება განაკვეთის 50 პროცენტიან ზრდას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, 1 მარტიდან ლუდის აქციზის განაკვეთი გაიზარდა. დღეს კი მეწარმეები შემცირებულ რეალიზაციაზე საუბრობენ.

ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირთან ვალდებულებით ხსნიდნენ. თუმცა, დღეს მთავრობაში აღნიშნული რეგულაციის გადახედვაზე საუბრობენ. ბიზნესომბუდსმენი, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდას უკუშედეგი ჰქონდა, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე მეწარმეებისთვის.

„ლუდის აქციზის გაზრდის შედეგის პირველადი მონაცემები არასახარბიელოა“

"თუ დავინახეთ, რომ აქციზის 50%-იანმა ზრდამ იქონია უკუშედეგი და შეამცირა როგორც გაყიდვები ასევე საბიუჯეტო შემოსავლები, მერწმუნეთ, რომ ჩვენ კომპანიების გვერდით ვიქნებით მოთხოვნით, რომ ლუდის აქციზი ხელახლა არის გადასახედი. ჩვენ გვჭირდება რიცხვები, უნდა ვნახოთ რა ეფექტი ჰქონდა ამას ბიზნესზე და ბიუჯეტზე. პირველადი მონაცემები გვაქვს და არც თუ ისე სახარბიელო. არის იქ გარკვეული პრობლემები და ვფიქრობ გარკვეული ქმედებების განხორციელება მოგვიწევს", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია.

„სიგარეტზე ადვალური გადასახადის დაწესება არ იყო საუკეთესო გამოსავალი“

კიდევ ერთი რეგულაცია, როლის სისწორეში ბიზნესომბუდსმენს ეჭვი შეაქვს, თამბაქოზე ადვალური გადასახადის შემოღებას უკავშირდება. აღნიშნულ რეგულაციას ევროპის არაერთ ქვეყანაში აუქმებენ, საქართველოში კი ადვალური გადასახადი ძალაში 1 ივლისიდან შევიდა. "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას - საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით. "თამბაქოზე გადასახადები რომ გაიზრდება ფაქტია, მაგრამ ამის ფორმები უნდა იყოს კომფორტული და მისაღები ბიზნესისთვის, ეს საკითხი სამსჯელოა. ადვალური გადასახადის მიღება არ იყო საუკეთესო გამოსავალი. ევროპაში ადვალური გადასახადის შემცირების და შემდგომ საერთოდ გამოსვლის ტენდენციაა. ფინანსთა სამინისტროს ამ მიმართულებით ჰქონდა არგუმენტი, ადგილობირვი წარმოების კუთხით, მაგრამ ვთვლი, რომ ამ თემაზე სამუშაოა და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად", - აცხადებს გიორგი გახარია "აიპრესთან" საუბრისას. მისივე თქმით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მარკირების ფასი

უალკოჰოლო სასმელების მარკირება წინა ხელისუფლების პროექტია, რომლის საეჭვო პირობებზე მაშინვე საუბრობდა მედია და შემსრულებელთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებში კორუფციის ნიშნებს ხედავდა. ნაციონალებმა რეგულირების შემსრულებლად შვეიცარიული კომპანია „სიქპა“ შეარჩიეს. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების ფავორიტ კომპანიასთან ნოდარ ხადურმაც გამონახა საერთო ენა...

წინა ხელისუფლების მთავრომაბ, შვეიცარიული კომპანიის სასარგებლოდ, მარკირების საფასურად მაღალი გადასახადი დააწესა - 1000 ბოთლზე 5,5 ევრო. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც სიქპას უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა. ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „სიქპასთვის“ დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა - 1000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე. ამჟამად „სიქპა“ 100-ჯერ მეტს მიიღებს ბიუჯეტიდან, ვიდრე მას ეს დაუჯდება.

ხადურმა გადაწყვიტა შვეიცარიულ კომპანიას ფული ბიუჯეტის ხარჯზე მოაგებინოს. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ელექტრონული მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური გადაიხდის.

თუ თავად შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას დავეყრდნობით, წელიწადში ბაზარზე დაახლოებით 500 მილიონი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული არაალკოჰოლური სასმელი ბრუნავს. ხადურის მიერ დადგენილ ფასზე თუ გადავამრავლებთ, ბიუჯეტს სღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 6 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს „სიქპასთვის“ წელიწადში.

ფინანსთა მინისტრის მცდარი გადაწყვეტილებებით გაფლანგული ბიუჯეტი

ლუდის აქციზთან დაკავშირებული ექსპერიმენტი ჩავარდა - აქციზის გაზრდის შედეგად მიღებულ შემოსავალს ლუდის ბაზრის შემცირების გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი გადასახადის კლებამ ბევრად გადააჭარბა. ქვეყნის ბიუჯეტმა წააგო.

თამბაქოზე გადასახადის ზრდა და ადვალური გადასახადის დაწესება რომ საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ უკვე აღიარა. ეკონომიკური საბჭო ფინანსთა მინისტრის მორიგი შეცდომის გამოსასწორებლად უკვე მუშაობს. ბიუჯეტს თანხა დააკლდა.

ამასობაში ნოდარ ხადური ახალ ავანტიურას იწყებს - უალკოჰოლო სამელების მარკირებისთვის მილიონობით ლარის გადახდას აპირებს და სამაგიეროდ რას მიიღებს ბიუჯეტი, საზოგადოებამ არ იცის.

შეიძლება საკუთარ შეცდომებზე სწავლა დასაძრახი საქციელი არ იყოს, მაგრამ ხადურის შეცდომები ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100