სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა - დაკავებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული 14 წლიდან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატის, კლარა შუკვანის განცხადებით, ბრალდებული 14 წლიდან ნარკოტიკებზეა დამოკიდებული.

ადვოკატის თქმით, მკვლელობა გენდერის ნიშნით არ მომხდარა.

"პირველ რიგში, მშობლებს და ახლო ნათესავებს ვუსამძიმრებ, ძალიან ცუდი ტრაგედია მოხდა, ეს არის ტრაგედიაა. სამწუხაროდ, დღეს ნარკოტიკული საშუალებები ნებადართულია, რის შედეგადაც ასეთი შედეგი მივიღეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამწუხაროდ, 14 წლიდან ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, ახლა ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, დიდი დოზაც არ ჰყოფნიდა, ამ ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად, ნორმალურ მდგომარეობაში არ იყო და ეს უბედურება დატრიალდა. პროკურატურას შეთხზული აქვს ისე საქმე, თითქოს, გენდერული ნიშნით მოხდა მკვლელობა. არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით მოხდა. სასჯელს არავინ გაურბის, ოჯახის წევრებიც ხელს უწყობდნენ, რომ ჩაბარებულიყო",- განაცხადა შუკვანმა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100