საქართველოში „მიხეილის ზეობა“ და მის წინააღმდეგ შეთქმულება 12 წლის წინ იწინასწარმეტყველეს
მოდის ძველი სტილით ახალი წელი – მოაქვს დამდეგი წლის იმედიანი და ფორიაქიანი წინასწარმეტყველებანი – წინასწარმეტყველებანი მსოფლიოს აღსასრულის, საშინელი სამსჯავროსა თუ დიადი აღმშენებლობების შესახებ. გავიხსენოთ, რომ მსგავსი და კიდევ უფრო მრავალსახოვანი და წინააღმდეგობრივი იყო წინასწარმეტყველებები სულ 11–12 წლის წინ, მე–20 საუკუნის დასასრულს, როდესაც ახალი საუკუნეობრივი ათწლეულის დადგომის ჟამს ათასგვარ რადიკალურ ცვლილებებს ვარაუდობდნენ დედამიწაზე.
ჩვენს ხელთ არის იმ პერიოდში გამოცემული წიგნი „მართლმადიდებლობა და მონარქია“ (თბილისი, 1999 წ.), რომლის შესავალშიც აღმოვაჩინეთ ორი საინტერესო ფრაგმენტი ახალი დროების ესქატოლოგიურ თავისებურებებთან დაკავშირებით. აი, რა წერია იქ:
„ღვთისმეტყველების მკვლევარი ლევ რეგელსონი ასეთ შეხედულებებს გვთავაზობს: „...უნდა ვივარაუდოთ, რომ აპოკალიფსური ეპოქა დაიწყება 2000 წლამდე, ან ახალი საუკუნის დადგომისთანავე. პირველი 49 წლის მანძილზე კაცობრიობა სწრაფი აღმასვლით მიაღწევს შემოქმედებითი აყვავებისა და სულიერი სიმწიფის ხანას. ამ გზას უკვე ადგას რუსეთი. 49 წლის გასვლის შემდეგ გაერთიანებული კაცობრიობის სათავეში აირჩევენ ჭაბუკ თავადს მიხეილს, რუსეთის სამხრეთით მდებარე პატარა ქრისტიანული სახელმწიფოდან... იესო ქრისტე 420 წლით აღადგენს მიხეილის სამეფოს“.
ჩვენ გადავამოწმეთ ეს წინასწარმეტყველება ჟურნალ „ნევაში“ (2000წ. № 11) დაბეჭდილი მ. ბოგოსლოვსკის მასალიდან, სადაც რეგელსონის მსჯელობა უფრო ფართოდაა წარმოდგენილი და იქ, სადაც ქართულ წიგნში, ალბათ მკითხველის სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, სამი წერტილი დაუსვამთ, აღმოვაჩინეთ შემდეგი შინაარსის ფრაზები:
„მაგრამ მალე ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ შეთქმულები, რომელთაც სათავეში ეყოლებათ „კაცი იგი უშჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი“. სიცრუესა და ძალადობას უკვე მერამდენედ ჩათვლიან უმეტესი ადამიანები უფრო დამაჯერებლად, ვიდრე სიყვარულსა და თავისუფლებას, და ისინი ამ ანტიქრისტეს გააღმერთებენ. მიხეილს კი ხელს ვერ ააღებინებენ თავის მსახურებაზე და ის ბოლომდე იბრძოლებს მიუვალ მთებში. თვით ბუნება აღსდგება ამ ანტიქრისტეს წინააღმდეგ და იესო ქრისტეს მოსვლა აღადგენს მიხეილის სამეფოს 420 წლით!“
ასე რომ, გიხაროდენ მათ, ვისაც სათქვენოდ გენიშნათ ეს წინასწარმეტყველება და თუ რუსეთის სამხრეთით ქრისტიანულ სახელმეწიფოში სხვაგან არსად გეგულებათ ქვეყნის მეთაურად ვინმე „მიხეილი“, გიხაროდენ და მოერიდეთ „კაცს მას უშჯულოებისას“ (აქ სახელი არაა მითითებული, ასე რომ, ვინც გინდათ, ის იგულისხმეთ), ვიდრე იესო ქრისტეს მოსვლამდე, რადგან თქვენს სიფხიზლეზეა დამოკიდებული სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე...
ახლა ვნახოთ, რას ამბობენ ანარქისტები. იმავე წიგნში მოხსენიებულია კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი – აი, რა სახის:
„ნოსტრადამუსს ჰქონია შემდეგი წინასწარმეტყველება – აღმოსავლეთში გამეფდება აღმოსავლელი უფლისწული, რომელიც მანამდე ესპანეთში იცხოვრებს. იგი მოუტანს თავის სამეფოს კეთილდღეობას.“
წიგნში იქვე არის ასეთი მინაწერი: „დღეს ესპანეთში ბაგრატიონთა ოჯახთან ერთად ბულგარეთის სამეფო ოჯახიც ცხოვრობს“ – გვაუწყებს გაზეთ „ქართველ ერში“ სტატიის ავტორი (№2, 1991წ.) და დასძენს: „ღმერთმა ქნას, ეს წინასწარმეტყველება ჩვენზე ამხდარიყოს!“
ესე იგი, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების ციტირების შემდეგ 1999 წელს დაბეჭდილი წიგნი ეყრდნობოდა 1991 წლის გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას ზოგადად ბაგრატიონთა ემიგრანტული ოჯახის ცხოვრების შესახებ ესპანეთში. დღეისათვის კი ჩვენთვის ცნობილია, რომ ბულგარეთის უფლისწული სიმეონი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა 1951–2001 წლებში, ბულგარეთში დაბრუნდა არა მეფედ, არამედ პრემიერ–მინისტრად და აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობდა 2001 – 2005 წლებში, ხოლო 2009 წელს საერთოდ დაანება თავი სამსახურს. ამდენად, ესპანეთში ნაცხოვრები უფლისწულის გამეფება ბულგარეთში გამოირიცხა!
რაც შეეხება ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს, გასული წლის ჯვართამაღლებას, 27 სექტემბერს, დაიბადა და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს საქართველოს კანონიერი უფლისწული გიორგი, რომელიც დედითაც და მამითაც ბაგრატიონთა კანონიერი ქორწინების ნაყოფია.
ასე რომ, გიხაროდენ ქართველო მონარქისტებო – დავიცადოთ ორიოდე ათეული წელი და ნოსტრადამუსის ლოცვა–კურთხევით ჩვენც შეიძლება ვეღირსოთ გვირგვინოსანს გიორგი XIV-ის სახით, რომელიც მოუტანს ჩვენს სამშობლოს კეთილდღეობას!
კომენტარი