სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი პირველ სესიაზე: „საქართველო არასდროს გახდება სასაფლაო“

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, შემდეგ კი პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ რიგში იმ ფაქტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომ ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით მოხდა და არა ქუჩის აქციებით:

„როცა ჩვენ 2008 წელს პარლამენტში შევდიოდით, უკვე არჩეული პარლამენტარების ნაწილი (და, მათგან ზოგიერთებს დღეს ამ დარბაზში ვხედავ) იდგა ქუჩაში, რადგან მათ არ ისურვეს პარლამენტში შესვლა. დღეს თქვენ პარლამენტის წევრები ხართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ატმოსფერო, ეს კლიმატი, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქუჩაში დგომა, რადგან ეს იქნება ძალიან ცოცხალი დარბაზი. რაც მთავარია, ოპონირება უნდა იყოს კანონის ფარგლებში და ჯანსაღი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას თავისი სურვილები გაუმხილა:

„საპარლამენტო უმრავლესობას ვუსურვებ, რომ არათუ დაანგრიოს უკვე აშენებული, რისი სურვილიც მათ, მჯერა რომ არა აქვთ, არამედ კიდევ უფრო მეტი ააშენოს და შეასრულოს ის დაპირებები, რაც გასცა. უმცირესობას კი ვუსურვებ, რომ ყოველთვის დაეთანხმოს მთავრობას, როცა ის მართალი იქნება, ამავე დროს კი იყოს მუდმივი კონტროლის, მუდმივი ოპონირების რეჟიმში. ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს აქ, საპარლამენტო დარბაზში.

ფრანგი განმანათლებელი მონტესკიე ამბობდა: „ქვეყანა, სადაც მთავრობა და ხალხი, მთავრობა და ოპოზიცია მუდმივად ეთანხმება ერთმანეთს ყველაფერში, ქვეყანა კი არა, სასაფლაოა“. მე ზუსტად შემიძლია გითხრათ: საქართველო ნამდვილად არ გახდება სასაფლაო“.

მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი დაძაბული და გესლიანი იყო ორივე მხრიდან:

„გუშინდელი ოპოზიცია დღეს ხელისუფლებაში ხართ, ხოლო ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, ხვალ შეიძლება ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორც უნდა გაგიკვირდეთ. წინასაარჩევნო პერიოდი იყო დაძაბული და გესლიანი, ახლა კი საქმის კეთების დროა. თუკი წინასაარჩევნო პერიოდი იყო პროგრამებით შეჯიბრების, დაპირებების დრო, ახლა კონკრეტული დაპირებების ასრულების დრო უნდა დადგეს“.

ახალი ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ სურვილებში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტებსაც შეეხო:

„მე ვუსურვებ ახალ მთავრობას, იყოს ორიენტირებული ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ. ვუსურვებ აქტიურ მუშაობას დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის კუთხით, ვუსურვებ არასდროს წამოეგოს უკუპანტის ილეთებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს პირადად შევთავაზე მზადყოფნა, ჩავერთო იმ საკითხებში, რაც ევროინტეგრაციასა და ნატოსკენ სწრაფვას ითვალისწინებს, ასევე ამ საკითხებში ჩასართავად მზადაა უშიშროების საბჭოს თითოეული წევრი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიის პროცესის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის გადატანა თბილისიდან ქუთაისში ქვეყნის დეცენტრალიზაციის ნაწილია:

„ამასთან, უნდა ვთქვა, რომ როცა შენობაში შემოვდიოდი, გარეთ მიტინგს ატარებდნენ როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის წარმომადგენლები. ეს ასე იქნება: ჩვენი პარლამენტის შენობის კედლები შუშისაა, რომ მათი ხმა კარგად გაიგონოთ და მეტიც, უკანა მხარეს კედლების მოხსნაც იგეგმება, რომ საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს“, - თქვა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა პირველივე სესიაზე გააჟღერა ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც: პირდაპირი წესით არჩევნები გავრცელდეს ყველა ქალაქის მერზე და გამგებელზე და ასევე, გუბერნატორები აირჩიოს მოსახლეობამ, პირდაპირი წესით.

„დღეს არაა ბრაზის, სიმწრისა და შურისძიების დრო, დღეს ერთად მუშაობის დროა, რადგან ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ არა რაღაც ნაწილს, არამედ სრულიად საქართველოს ეთნიკურად მრავალეროვან მოსახლეობას, რომლის ინტერესებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა, გამოსვლა კი 1992 წელს საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის გახსენებითა და იმდროინდელი რეალობის დღევანთელთან შედარებით დაასრულა:

„1992 წელს მე წავაგე არჩევნები, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყრიდი კენჭს. მაშინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ვანო კიღურაძე, რომელიც დღეს წაიყვანს სხდომას, ხოლო ექსპერტი, რომელიც ყოველდღე ჩნდებოდა მაშინ არსებულ ერთადერთ არხზე, იყო დავით უსუფაშვილი. დავით უსუფაშვილიც კენჭს იყრიდა რესპუბლიკელების სიით, მაგრამ არ შეხვდა ადგილი. როგორ შეიცვალა მას შემდეგ ყველაფერი, იმის გარდა, რომ მაშინ საპარლამენტო არჩევნები მაშინ ჩემი დამარცხებით დასრულდა: ვანო კიღურაძე გაუძღვება დღეს სხდომას, რომლის შედეგადაც დავით უსუფაშვილი გახდება პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა წარმატებები გისურვოთ, გმადლობთ!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100