სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა გაფრინდაშვილი: „მარნეულის სასურსათო ქარხნის მთავარ მიზანს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება წარმოადგენს“

M ნიშნით გამოშვებული პროდუქცია მომხმარებელმა დიდი ხანია უკვე აღიარა. უგემრიელესი მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი მომწოდებელი „მარნეული აგროა“, სადაც ყოველწლიურად ხდება ახალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

„სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური მიდგომის გათვალისწინების გარეშე, ის პოტენციალიც განადგურდება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ შვიდწლიანმა საქმიანობამ ეს ნათლად დაგვანახა,“ – აღნიშნავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.

2014 წელი „მარნეულის სასურსათო“ ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება, ამის მაგალითია, სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობას ზრდის ტემპები, კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად კომპოტების გამოშვებაც დაიწყო.

„საწარმოს შექმნის დღიდან ჩვენი მიზანია ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას აირჩიოს 100 პროცენტით ქართული პროდუქცია. ამ დროისთვის ქარხანა 50–ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს. 2014 წელს პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი 15 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად იზრდება წარმოებაც. შარშანდელთან შედარებით, “მარნეულის სასურსათო ქარხანამ” ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა კიტრის მწნილების და ტომატ პასტსარეალიზაციო ქსელში შეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ტომატ პასტას ქართული ბაზრის 35% უკავია,“ - განმარტავს საწარმოს ხელმძღვანელი.

- -ნო ირინა, როგორც აღნიშნეთ მარნეულის სასურსათო ქარხნისმიზანი იყო იმპორტირებული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლება, ამისთვის კი აუცილებელია წარმოების მოცულობის გაზრდაც, როგორი იყო ამ მხრივ 2014 წელი?

- სულ მალე, იმპორტირებული პროდუქციას ქართული პროდუქციით სრულად ჩავანაცვლებთ. ეს მიღწევადია. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოვებთ. „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მათ უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ახალი პროდუქტი - ლეჩო. წელს მისი წარმოებაც გაიზარდა. 2013 წელს ქარხანა უკვე კომპოტებსაც უშვებს. 2014 წელს მართალია, ასორტიმენტში დიდი ცვლილებები არ შეგვიტანია, რადგან აქცენტები გავამახვილეთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე. თუმცა ვცდილობთ, ყოველწლიურად მომხმარებელს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ და 2014 წელს ვცადეთ სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმეტების ჩატარება. სამომავლოდ, „მარნეულის სასურსათო ქარხნისგან“ სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.

შეიძლება ითქვას, ჩვენ ჩვენი წილი იმპორტი ჩავანაცვლეთ. რაც უფრო მეტი ქართული საწარმო იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტად დაიკავებს ქართული პროდუქცია იმპორტირებული პროდუქციიის წილს ქართულ ბაზარზე.

ყოველწლიურად, ჩვენ ვცდილობთ მოსავლიანობა და ქარხნის წარმოება მაქსიმალურად გავზარდოთ. 2013 წელთან შედარებით, კიტრის მოსავლიანობა 45 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა წარმოებაც. ასევე გაორმაგებულია პომიდვრის მოსავლიანობა. შეიძლება ითქვას რომ ჩვენი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია - იმპორტირებული პროდუქციია ნაწილობრივ ჩანაცვლებულია. მომხმარებული ყიდვისას უპირატესობას ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.

მიუხედავად მაჩვენებლების ზრდისა, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება გრძელვადიანი და რთული პროცესია, დაკონსერვებული საკვები პროდუქტის 85% საქართველოში უცხოეთიდან შემოდის და მხოლოდ 15 % ია ადგილობრივი წარმოება, ამიტომ ჩვენ გვჯერა რომ ეროვნულ პროდუქტს ძალიან დიდი მომავალი აქვს საქართველოს ბაზარზე.

- თქვენი პროდუქცია 2013 წელს ექსპორტზეც გავიდა ანუ კომპანიამ უცხოურ ბაზრებზე ოპერირება ლონდონში პოზიციების გამყარებით დაიწყო? 2014 წელი თუ იყო ამ მხრივ გამორჩეული?

- მოცემულ ეტაპზე „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მაინც ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული. ამიტომაც 2014 წელი ამ მხრივ არ ყოფილა გამორჩული, თუმცა ექსპორტის მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ამისი მაგალიათია, ის საერთაშორისო გამოფენები, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია ათასობით უცხოელმა დააგემოვნოს.

2014 წელს სამ მნიშვნელოვან გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. თებერვალში ვიმყოფებოდით დუბაიში და ვმონაწილეობდით საერთაშორისო გამოფენაზე „Gulfood 2014“ . გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „წყალი მარგებელის“ პროდუქცია. Gulfood-ი კვების მრეწველობის სფეროში უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად 5 დღის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4500-ზე მეტი კომპანიის 20 000 ბრენდი, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 80 000-ს აღწევს. ჩვენი კომპანიები წელს პირველად ესწრებოდნენ გამოფენას საკუთარი სტენდით, სადაც დაინტერესებულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ მარნეულისა და წყალი მარგებლის პროდუქცია. გამოფენა წარმატებული გამოდგა, როგორც „მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის“ ასევე წყალი მარგებლისთვის, შეხვედრები გაიმართა მსხვილ სავაჭრო ქსელებთან და საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიებთან.

სექტემბერში ვიმყოფებოდით ლატვიაში RigaFood 2014-ზე ეს არის ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი გამოფენა კვების მრეწველობაში. ლატვია პოსტსაბჭოური ქვეყანაა. მათ ჯერ კიდევ, ახსოვთ ქართული პროდუქცია და გქონდათ კონკრეტული მოთხოვნები - ტყემალი, საწებლები, აჯიკა და მურაბები. ოქტომბერში ვმონაწილეობდით ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ქ. ჩენგდუში სასმელებისა და კვებითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში (The 15th Western China International fair). ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია ისეთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც „Western China International fair”. ამ გამოფენის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლება ჩვენი პროდუქცია 400 000 მდე ვიზიტორს გავაცნოთ, საიდანაც პროფესინალი თრეიდერების რიცხვი 20000 ზე მეტია. შესაბამისად, ბუნებრივად გამორჩეული ქართული პროდუქციის ხარისხისა და გემოს შეფასების საშუალება უფრო ფართო აუდიტორიას ეძლევა.

- რაც შეეხება წარმოებას, 2013 წელს კიტრის მწნილის წარმოების კუთხით მარნეულის სასურსათო ქარხანამ რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირდა - 2 მილიონი კიტრის მწნილის ქილა ერთ სეზონზე... როგორ შეაფასებდით 2014 წლის წარმოებას?

- 2014 წელს შარშანდელთან შედარებით, მიღებული ნედლეულის რაოდენობა და ქარხნის წარმოება საკმაოდ გაზრდილია. წელს განსაკუთრებით ყურადღება გავამხვილეთ კიტრის წარმოებაზე. საკმაოდ საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ტყემალი. გაიზარდა მისი ჩაბარებაც და წარმოებაც.

ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი 150-მდე ფერმერებიდან და საკუთარი მეურნეობა "მარნეული აგროდან" მარაგდება. „მარნეული აგრო“ მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია ფლობს მიწის საკუთრებასა და ჩითილების წარმოების სასათბურე მეურნეობას გარდაბანსა და მარნეულში. „მარნეული აგრო“ მოჰყავს ბოსტნეული და ჰოლდინგში შემავალ „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ნედლეულით ამარაგებს. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი არის ქართული მიწაზე მოყვანილი. ჩვენი პოლიტიკა ასეთია - პროდუქციის მიწოდება ჩვენივე მიწებიდან უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, დაგეგმარება აგროსა და ქარხანას შორის ერთობლივად იწყება. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ნედლეულით პროდუქციის წარმოება უპირველესად ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნატურალური 100 პროცენტით ქართული პროდუქცია შეიძინოს.

- 2014 წელი რამდენად იყო გამორჩეული მნიშვენლოვანი ვიზიტებით?

- „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ სტუმრპბდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩი. 2014 წლის დასაწყისში ქარხანას ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი ესტუმრა. სტუმარი ადგილზე გაეცნო ქარხნის მუშაობას, საწარმოში არსებული მდგომარეობას და დააგემოვნა ადგილობრივი პროდუქცია. ასეთი სახის ვიზიტები ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანია. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰოლანდიის საელჩოდან, წლის განმავლობაში არაერთხელ ესტუმრა ქარხანა შვეიცარიის საელჩოს დელეგაცია შვეიცარიის ელჩის ხელმძღვანელობით. 2014 წელს გაგრძელდა სოფლის მეურნეუბის ტურებიც. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით დაინახოს საწარმოო პროცესი - მიწიდან ქილამდე.

- 2013 წელს პირველად ჩატარდა ქვეყანაშიმწნილისა და მურაბის ფესტივალი, ამ მხრივ გამორჩეული იყო 2014 წელი, რადგან რეგიონებშიც გახვედით....

- ეს იყო მართლაც, პირველი შემთხვევა როდესაც დედაქალაქში „მარნეულის მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ გაიმართა. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, „მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია დაეგემოვნებინათ. წელს, ფესტივალი 12 დიდ ქალაქში გაიმართა, რომელიც „თბილისობის“ დღესასწაულზე დედაქალაქში დასრულდა. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია დაეგემოვნებინა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ახლოს მივსულიყავით მოხმარებელთან და მათთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პროდუქცია 100 პროცენტი ქართულ ნედლეულზეა დამზადებული. აღნიშნული ფესტივალი ტრადიციად იქცა და 2015 წელსაც გაგრძელდება.

- რა გეგმები გაქვთ 2015 წელს?

- მომავალი წლისთვის ვგეგმავთ მაქსიმალურად გავზარდოთ მიღებული ნედლეულის რაოდენობა და წარმოების მოცულობა, რათა ვუზრუნველყოთ ფართო ასორტიმენტისა და სტაბილური მიწოდების შესაძლებლობა. 2015 წელი იქნება გამორჩეული და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალიც. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგეგმება ტრადიციული რეცეპტით დამზადებული სხავადასხვა პროდუქტის წარმოებაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100