ახმედ იმამკულიევი: ქვემო სარალში ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერს „ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
”ევროპული საქართველო” ”ქართულ ოცნებას” მარნეულში ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ”ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „სოფელ ქვემო სარალში მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირქაზიმ აგუბოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ ის ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი იყო“.
”ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ სოფელ ქვემო სარალში 58-ე საარჩევნო უბანთან სიტუაციას აკვირდება პოლიციის მაღალჩინოსნის მამა, რაც დარღვევაა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრე გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერთა მობილიზებას, გიორგაძის თქმით, პარტიის მხარდამჭერები საარჩევნო უბნიდან მოშორებით იმყოფებიან, რაც პრობლემას არ წარმოადგენს.
კომენტარი