ცხინვალში ისვრიან
ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე სროლა დე-ფაქტო მთავრობის შენობაში მომიტინგეთა შეჭრის მცდელობას მოჰყვა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ერთ-ერთი ოპოზიციური ვებგვერდის ინფორმაციით, ამ წუთებში ალა ჯიოევას მომხრეებმა დე-ფაქტო მთავრობის შენობის შტურმი დაიწყეს. კოკოითის ადმინისტრაციის განცხადებით, სწორედ ამის გამო ე.წ. სახელმწიფო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. თავად მოქმედმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავა.
ჯიოევას მომხრეები ქალაქის სხვა ქუჩებზეც იკრიბებიან და მოედნისკენ მიემართებიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 29 ნოემბერს არშემდგარად გამოაცხადა. დე-ფაქტო სასამართლომ მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ალა ჯიოევას მისი მომხრეების მიერ ჩადენილი დარღვევების გამო ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
მოგვიანებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ალა ჯიოევა ძალოვნებმა დე-ფაქტო მთავრობის შენობაში შეუშვეს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
შენობაში, სადაც ასევე განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჯიოევასთან ერთად ყოფილი დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩიც შევიდა. ალა ჯიოევას მომხრეები კოკოითის გადადგომას და ხელისუფლების ჯიოევასთვის გადაცემას მოითხოვენ. შენობაში პარალელურად მიმდინარეობს მოქმედი დე-ფაქტო პრეზოდენტის ედუარდ კოკოითის პრესკონფერენცია.
კომენტარი