"ძაღლისთვის მოქნეული დანა მიშოს მოხვდა... გიორგიმ სასწრაფოში სამჯერ დარეკა..." - ნახეთ, რას ყვება გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის მამა
"კურიერის" ექსკლუზივი - ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით და ოჯახური ტრაგედიით დასრულდა.
მამამ მომხდარის დეტალების გახსენება "კურიერთან" მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
მამის ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. მისი თქმით, ძაღლისთვის მოქნეული დანა 19 წლის მიშო ახლოურს მოხვდა. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ ჩხუბის დროს მას ეძინა და დაჭრილმა შვილმა გამოაღვიძა.
"9 საათზე, როდესაც უკვე იწყებოდა კომენდანტის საათი, მე მოვედი სახლში. მიშიკო იყო "ზალაში", ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და დივანზე იყო ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და, დაახლოებით, 10 საათზე უკვე დავიძინე. უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და საძინებლის წინ დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო. უცებ სისხლი რომ დავინახე, არ ვიცი რა გავაკეთე, წამოვხტი.
გიორგი სამზარეულოდან გამოვიდა და იძახდა ცუდად ვარო. მერე გავიგე, რომ ტელევიზორის კაბელზე ყოფილა ჩხუბი. გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი, მეძინება და დილით წასასვლელი ვარო. არ ვიცი რა მოხდა მაგ დროს, არ გამორთო თუ რა იყო, რა წაილაპარაკეს, მე ის არ გამიგია და არ ვიცი. რაც შევხედე, არ იყო ღრმა ჭრილობა, როგორც ჩემმა თვალმა ნახა. რატომ ჰქონდა ეს დანა და მერე აუღია დანა, რომ გადაეჭრა მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი. მანდ მოხდა შემთხვევით, მიშიკოს თავის ძაღლი ჰყავს, ამ ძაღლმა რაღაც ქნა და ამ ძაღლზე მოქნეული მოხვდა მიშიკოს,"-ყვება მარად ახლოური.
მარად ახლოური დარწმუნებულია, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.
"გიორგი რეკავდა სასწრაფოში, დარეკა ერთხელ, ველოდებოდით. მერე კიდევ ერთხელ, ორჯერ. ეს განმეორდა, როგორც მახსოვს, სამჯერ. მოვიდა სასწრაფო და ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ, გულზე არ არის და სწრაფად ჩავიყვანოთო და ჩავიყვანეთ მე, გიორგიმ.
განზრახ მკვლელობა არ მომხდარა, მანდ იყო შემთხვევითი უბედურება, შემთხვევითი უბედურება მოხდა. ყველგან ხდება რაღაც შელაპარაკება, მაგრამ რამე ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა. შემთხვევით მოხდა, კი. მე მაგაში ვარ დარწმუნებული. შემთხვევითი უბედურება დაემართა ჩემს ოჯახს. გიორგი აქ დაუკავებიათ, მაშინვე,"-აცხადებს მარად ახლოური.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, მომხდარი წინასწარ განზრახული არ ყოფილა.
6 იანვარს გიორგი ახლოური ძმის მკვლელობისთვის დააკავეს. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. 19 წლის მიშო ახლოურს გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: რუსთავი2
კომენტარი