სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ანონიმუსის" ჰაკერებმა ნიუ–იორკის საფონდო ბირჟა დაბლოკეს

ნიუ–იორკის საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით სენსაციური ცნობა გავრცელდა: ჰაკერთა ჯგუფმა უოლ–სტრიტზე მდებარე ეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა დაბლოკა. ფონდის მუშაობა კარგა ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული.

პარალელურად, ინტერნეტით გავრცელებული ცნობების თანახმად, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერთა ჯგუფმა აიღო. ამ ჯგუფში გაერთიანებული ჰაკერები თავიანთ თავს „ანონიმუსებს“ უწოდებენ.

ბირჟის დაბლოკვის შესახებ მუქარა მათ სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელეს. ნიუ–იორკის საფონდო ბირჟამ ჩათვალა, რომ ჰაკერები ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, კიბერტერორისტებმა მუქარის შესრულება შესძლეს.

შეგახსენებთ, რომ „ანონიმუსის“ ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ „გადამწყვეტი და მომაკვდინებელი დარტყმის“ მიყენების შესახებაც გაავრცელეს და მიზეზად ის დაასახელეს, რომ „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს სპეცსამსახურებს აწვდის. „ფეისბუქის სიკვდილის“ დღედ ჰაკერებმა 2011 წლის 5 ნოემბერი დაასახელეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის მწარე გამოცდილებას ცუკერბერგის კანტორა ან მიიღებს თუ არა დამატებით ზომებს კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად.

დაახლოებით ორი კვირის წინ აშშ–ში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰაკერთა ჯგუფი დააკავა, რომელთა შესახებ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ისინი „ანონიმუსები“ არიან. მოგვიანებით, „ანონიმუსებმა“ დაადასტურეს, რომ მათი წევრები ნამდვილად აიყვანეს, მაგრამ იქვე დაამატეს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო „დამრტყმელ ძალაზე“ გასვლა და ხელთ მხოლოდ ახალბედები და ნაკლებად გამოცდილები შერჩა. როგორც ჩანს, „ანონიმუსები“ მართლები იყვნენ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100