სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? ..."

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცეტრალური საავადყოფოს ექიმი ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქოცთა ვარამი

და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? ხალხმა, რომელმაც გულში ჩაიხუტა შევარდნაძე, ვინც მართლა დაკარგა (იგულისხმე ჩააბარა) ტერიტორიები და ლამის თავის ხელით მოხსნა საკეტები ქვემეხებს სოხუმში, მერე მუხლმოდრეკილი ევედრენ - არ დაგვღუპო, არ დაგვტოვოო. აიტანეს იოსელიანი, რომელმაც მთელი თაობა გაანადგურა - ზოგი დაასამარა, ზოგი გააყაჩაღა და ზოგიც წამალზე დასვა. ჩუმი თანხმობით დაანგრევინეს თბილისი გონებასუსტ კიტოვანს.

აპატიეს 6 ბორკილდადებული ბიჭის საკუთარი ხელით დახვრეტა ქვირაიას (სხვათაშორის შევარდნაძე იქვე, ხუთ ნაბიჯში იდგა)იგუეს თარგამაძე რომელსაც ყველაფერთან ერთად გატაცებული ადამიანების გამოსასყიდიდან წილი მისდიოდა. არ გაუპროტესტებიათ ალავიძეს მილიციის უფროსობის დროს წესად ქცეული, სამართველოს მე-5-ე სართულიდან გადმოყრილი ბიჭების სიკვდილი და არც განყოფილებებში „ბოთლზე დასმის“ უძველესი ტრადიცია...

ის კიარა და 9 აპრილის შემოქმედი პატიაშვილ-გუმბარიძე რაღაცნაირად უყვარდათ კიდეც...

მაშ ასე - 2003 წელია, საქართველო ყველაზე მეტად სომალის ჰგავს. ადამიანები ტოტალურად შიმშილობენ, ენერგეტიკის მინისტრი სინათლის 2 საათიანი გრაფიკის გარანტიასაც ვერ იძლევა. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა მთელს ვერტიკალში.

თბილისიდან ბათუმამდე მანქანით ჩასვლა დაახლოებით 70 ლარი ჯდება (ინსპექტორებზე დასარიგებელი). მიუხედავად იმისა დაარღვევ რამეს თუ არა. ეგ კიდევ არაფერი, აჭარის საბაჟოზე (დიახ არ მოგესმათ) ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარი ამბალი ფეისკონტროლს ატარებს და თუ არ მოეწონე აუღელვებლად დაგაბრუნებს უკან. თუ მაინც შეაღწიე ბათუმში, არანაირი გარანტია არ გაქვს რომ რომელიმე გოგიტიძეს არ შემოელახები, ისე უბრალოდ - გასართობად, ან რესტორანში შესულს სადილობას მშვიდად დაგამთავრებინებენ, მთავარია მაგ დროს ქეიფი არ მოუნდეს ასლანას ბიჭს...

ადამიანის გატაცება სოლიდურ შემოსავლიან ბიზნესად ქცეულა, რომლის წილიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. იტაცებენ ყველას: ბიზნესმენებს, მათ შვილებს, ტურისტებს, გაეროს თანამშრომლებს...ბავშვები გაყინულ საკლასო ოთახებში სხედან, ბოლომდე ჩაცმულ დახურულები, ზოგიერთმა ინიციატივიანმა დირექტორმა თუნუქის ღუმელები აყიდინა მშობლებს და მათივე მოტანილი შეშით თბება თბილისის ელიტარული სკოლები...

რეკეტი ახრჩობს ბიზნეს ყველა დონეზე, უბრალო ჯიხურიდან დაწყებული ბენზინის ბაზებით დამთავრებული. იკრიბება ქურდული „ობშიაკი“ ციხე ცალსახად შავებისაა, იქ მათი „წესრიგია“ დამყარებული. თანამშრომლები მორიდებულად, ლანდებივით დაიპარებიან დერეფნებში, რომ უნებურად ვინმეს მყუდროება არ დაარღვიონ...

ქვეყნის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია, სეკვესტრი - 400 მილიონი. პენსია 14 ლარი 1წლის დავალიანებით. მასწავლებლები, ექიმები, გამგეობის თანამშრომლები პრაქტიკულად უხელფასოდ მუშაობენ და კაცი არ არის მათი გამკითხავი, ამ პირობებში კორუფცია ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად ქცეულა...და მერე იყო ნოემბერი, გიორგობა...

4წლის მერე კი ამ სომალს შეგუებულმა ხალხმა პირდაპირ შვეიცარია მოითხოვა, გალიებით გაავსეს თბილისი და მკვდარ ქალაქად გადაქცევა დაუპირეს. ჯაბას ფეხებნალოკმა ინტილიგენციამ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩაშლა დააპირა...

და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? მათ ეგონათ ამქვეყნის მარილი იყვნენ, და მათი თანხმობის გარეშე ფოთოლი ვერ ჩამოვარდებოდა ხიდან. ამ „გიჟმა“ კი ჩამოიყვანა ბიჭები სამეგრელოდან, მესხეთიდან, კახეთიდან და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლეს, ძალიან მოკლე ხანში დრამატულად შეცვალეს ქვეყანა. მათ ეგონათ განათლებულები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „დასტაევსკის“ ჩარბენით ჩაკითხული ორი რომანით, ნახევრად გაგებული „ულისეთი“ და ბროდსკის სამი გაზეპირებული ლექსით ვეღარავის გააკვირვებდი.

მოვიდა ხალხი ვისაც ბევრ დარგში ფუნდამენტალური ცოდნა დაუგროვდათ დასავლეთში. ეგონათ უცხო ენა იცოდნენ და თავის გარემოცვას ხშირად პირს აღებინებდნენ 1000 სიტყვიანი მარაგის ინგლისურით, უცბად გამოჩნდენ ვიღაც ლაწირაკები და 3-4 ენაზე მშობლიურივით ალაპარაკდნენ. დიპლომები ჰქონდათ ნაწვალებ ნაჩალიჩარი: მიმო, მგუ, პატრიცა ლულუმბა, მაგრამ როცა საქმე კონკურსებამდე მივიდა, აღმოჩნდა რომ ბოლომდე და ღრმად არც არაფერი იცოდნენ...

გადაირიენ, სამყარო ჩამოექცათ თითქოს, ყველაფერი რაც თავად, მათმა „კაი პურის მჭამელმა“ მამებმა და „ტროიკის’“ წევრმა ბაბუემა ბოლო 50 წელი მამაძაღლობით აშენეს უცბად სადღაც ქრებოდა. ამას კი ვერ დაუშვებდნენ. ამისთვის ძალიან ბევრი სხვისი სისხლი დაღვარეს, ძალიან ბევრი იქურდეს, ძალიან ბევრი იპირფერეს, სამშობლო გაყიდეს ძალიან ბევჯერ ამითვის... აიჯაგრნენ, გაერთიანდნენ, სიცოცხლის მიზნად დაისახეს. ერთ ადამიანში მოახდინეს თავისი დილეტანტიზმის, უზნეობის, ფარისევლობის და მანქურთობის მიზეზების იდენტიფიცირება...

და მაინც გიკვირთ რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100