ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს... გრცხვენოდეთ - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას გმობს და ბოლო დღეების განმავლობაში, თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მოძალადეს არ ემიჯნება და პირიქით, მას აგულიანებს:
"შემაშფოთებელია ჩვენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენ ტრადიციებთან, ჩვენ ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეუძლია მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.
ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას, თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა" განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარი