სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "აღლუმის ჩაშლა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით სურდათ"

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით" იყო მცდელობა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღსანიშნავი წლევანდელი აღლუმის ჩაშლის და "საბოტაჟის და მასობრივი არეულობების გამოწვევის“.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ჩვენთვის წმინდათა–წმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებ პირადად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები ან უკმაყოფილება ქონდეთ საშუალება თავისი აზრის გამოხატვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის თავისი პროტესტის გამოხატვის, მაგრამ იმას, რაც ხდებოდა ბოლო დღეებში - სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი საერთო არ აქვს“.

მიტინგის ორგანიზატორთა განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომლის გადადგომის მოთხოვნითაც სახალხო კრებამ ნინო ბურჯანაძის ლიდერობით დემონტრაციები 21 მაისიდან დაიწყო, აღლუმის მშვიდად ჩაბარების შესაძლებლობა არ მიეცათ.

"ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს თავის მცირერიცხოვანი ჯგუფებით, სურდათ სწორედ სიტყვის თავისუფლებაზე და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა. მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმის, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკებაში მომხდარიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ ლიდერებმა გაქუსლეს და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და სამწუხაროდ ორი მათგანი დაიღუპა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

"მე მინდა სამძიმარი გამოუცხადო მათ ოჯახებს და მე მინდა ყველას გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან ეს პროვოკაციები მზადდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა ქვეყნის შიგნით. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენ ხალხს ყველა ცოდნას და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გაგვაჩნია სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინფორმაცია“.

"მე მინდა კარგად გვესმოდეს რატომ უნდოდათ ამ ზეიმის ჩაშლა, იმისათვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება, იმისათვის, რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე, რომ მათ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს აგვისტოს დღეებში გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ მტრის ძალებს, მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ, რომელიმე ფრონტზე და რომელიმე ინტერვენციის დროს“

"ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ,“– განაცხადა მან თავის გამოსვლაში და დასძინა: "ვერაფერი ვერ ჩაშლის დღევანდელი დღის აღნიშვნას".

"ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტის, მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100