თბილისში საუკეთესო „მჯღაბნელს“ ხვალ გამოავლენენ
15 დეკემბერს 16:00 საათზე რუსთაველის 52-ში ძველი საბაგიროს შენობაში Red Bull Doodle Art –„ჯღაბნის ხელოვნების” კონკურსის შედეგად შერჩეული 100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა გაიმართება.
ფინალის დღეს კომპეტენტური ჟიური 3 საუკეთესო მჯღაბნელს გამოავლენს, რომლებიც „ბანკ კონსტანტას“ ინოვაციური პროდუქტის, INBOX-ის პრიზებით დაჯილდოვდებიან.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ სტუდენტის სტატუსი, ლექციების მსვლელობის დროს რვეულის ფურცლებზე ჯღაბნის სიყვარული და სურვილი გახდე საქართველოს საუკეთესო მჯღაბნელი. ამისათვის სტუდენტებს ეძლევათ დავალება დაჯღაბნონ თავისუფალ თემაზე კალმით ან ფანქრით სპეციალურ ქაღალდზე და მოათავსონ საკუთარი შედევრები ფანქრის ფორმის ყუთებში, რომლებიც განთავსებულია თბილისის 9 უნივერსიტეტში.
ამ მეთოდით ნამუშევრების შეგროვება მოხდება 23 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე, რის შემდეგაც კომპეტენტური ჟიური შემოსული ნაჯღაბნებიდან 100 საუკეთესოს აირჩევს. საუკეთესო ნამუშევრები 15 დეკემბერს რუსთაველის 52-ში საზოგადოების სამსჯავროზე გამოეფინება. გამოფენის დღეს ჟიური 3 გამარჯვებულ მჯღაბნელს გამოავლენს და მათ საინტერესო და ფასეულ პრიზებს გადასცემს.
კონკურსის მიზანი ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენაა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და მხატვრულ შესაძლებლობლებს ჯღაბნის საშუალებით გამოავლენენ.
Red Bull Doodle Art – რედ ბულის საერთაშორისო კონკურსია ჯღაბნის ხელოვნებაში (Doodle Art), რომელიც 2007 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება სტუდენტებს შორის. საქართველოში Red Bull Doodle Art პირველად 2010 წელს ჩატარდა და მასში 5000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. წელს პროექტი ბევრად მასშტაბურ სახეს იძენს.
კომენტარი