ნორვეგიელი ტერორისტის მამამ შვილზე უარი განაცხადა
ნორვეგიელი ტერორისტის, კუნძულ უტეიაზე სისხლიანი ტრაგედიის მომწყობის, ანდერს ბრეივიკის მამამ განაცხადა, რომ შვილის გამო ძალიან რცხვენია და არ იცის, ამის შემდეგ, როგორ უნდა იცხოვროს. ბრეივიკ-უფროსის თქმით, ის საკუთარ ვაჟზე უარს ამბობს და მიიჩნევს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
იენს ბრეივიკი, ამჟამად, პენსიაზეა და საფრანგეთში ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, ვაჟი მას უკვე 15 წელია არ უნახავს და, ამ ხნის განმავლობაში, პირველად, ტერაქტის დროს, ტელევიზიით იხილა.
„საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, შოკში ჩავვარდი და ვერ შევძელი გამეგო, ასეთი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის შემდეგ, მე თავს მამამისად აღარ ვთვლი. როგორ შეეძლო მას ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოეკლა“, - აცხადებს ბრეივიკის მამა.
შეგახსენებთ, რომ ორმაგი ტერაქტის შედეგად, რომელიც გასულ პარასკევს, ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელდა, 76 ადამიანი დაიღუპა. ორივე დანაშაულის ჩადენაში 32 წლის ეთნიკური ნორვეგიელი, ანდერს ბრეივიკი იმხილება. მას ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ. ნორვეგიული კანონმდებლობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა 21 წლით თავისუფლების აღვეთაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად ბრეივიკის სურს, სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრება ციხეში გაატაროს.
კომენტარი