საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება - ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათის შემდეგ ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება
საქართველოს მთავრობის გდაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.
კომენტარი