პრესკონფერენციამდელი მინი–რეპორტაჟი ივანიშვილის სასახლიდან
აკრედიტირებული ჟურნალისტები და „აკრედიტაციის გარეშე“
როგორც ჩანს, „აკრედიტაციის გარეშე“ მათ რიგებშია, ვისაც ბიძინა ივანიშვილის სახლში, სადაც პრესკონფერენციია ტარდება, აკრედიტაციის გარეშე მიესვლება. როგორც ბიზნესმენის ოფისიდან პკ–ს დაწყებამდე ჩვენი კოლეგები იტყობინებიან, შალვა რამიშვილი და მისი გუნდი ოფისში წარმატებით მუშაობს. გამოდის, აკრედიტირებული ჟურნალისტების 14.00 საათზე დაბარებაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ მორიგი „აკრედიტაციის გარეშე“ შალვა რამიშვილმა შეუფერხებლად მოამზადოს.
მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა „აკრედიტაციის გარეშე“ დაიწუნა, როცა ერთ–ერთ წერილში მისი წამყვანის მისამართით განაცხადა, რომ შალვა რამიშვილს „ხელის ბიჭივით დაარბენინებენ“, მერე კი ახალი „დარდუბალას“ გადასაღებად დაფინანსება შესთავაზა. შალვა რამიშვილმა ეს შეთავაზება მაშინვე მიიღო, თუმცა, ჯერაც „აკრედიტაციის გარეშეს“ იღებს.
სიფრთხილის უპრეცენდენტო ზომები
რაც შეეხება პრესკონფერენციას, რომლის დაწყებაც 16.00 საათზეა დაგეგმილი, მასზე აკრედიტირებული თითქმის ყველა ჟურნალისტი უკვე ადგილზეა. ამასთან, ჟურნალისტები სიფრთხილის უპრეცენდენტო ზომების მიღების შესახებ იტყობინებიან:
მთელ ოფისში მობილიზებულია ივანიშვილის პირადი დაცვის შემადგენლობის ყველა ცვლა, ხოლო ჟურნალისტებს პკ–ს დარბაზში მოხვედრამდე ოთხი ბარიერის გავლა მოუწიათ, თითოეულთან მკაცრი ვიზულალური და დეტექტორული შემოწმების თანხლებით. მოწმდება ჟურნალისტის პირადობის მოწმობა, აკრედიტაციის ბარათი, პირადობის მოწმობის მიხედვით ხდება შედარება აკრედიტაციის ბარათთან, შემდეგ უკვე ჟურნალისტს ამოწმებენ მეტალოდეტექტორით და ვიზუალურ დათვალიერებას უტარებენ ყველა ნივთს, რაც ჩანთაში აქვს. ჟურნალისტების თქმით, ყველაფერი ეს სწრაფად და დაცვის მხრიდან გამოვლენილი თავაზიანობის თანხლებით მიმდინარეობს, უბრალოდ, ოთხჯერ ერთი და იგივე პროცედურის განმეორება ცოტა კომიკურს ხდის სიტუაციას და ყველაფერთან ერთად, პროცესი დამღლელია.
დარბაზი
ოთხბარიერგავლილი ჟურნალისტები ოფისის დიდ დარბაზში ხვდებიან, სადაც აპარატურის გადამოწმება მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი დიდია, ყველა ჟურნალისტისთვის საკმარისი დასაჯდომი ადგილები არ არის. იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ჟურნალისტების მოთავსებაა დაგეგმილი, დადგმულია მაგიდა, მიკროფონები და ორი სკამი. ჯერჯერობით უცნობია მეორე პირის ვინაობა, რომელიც ადგილს ბიძინა ივანიშვილის გვერდით დაიკავებს. სავარაუდოდ, ეს იქნება პრესსამდივნოს წარმომადგენელი, რომელიც ბრიფინგის წამყვანის ამპლუაში იქნება.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადება
ჟურნალისტების უპრეცენდენტო შემოწმების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
"საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს შემოწმების იმ უპრეცედენტო და შეურაცხმყოფელი ფაქტის გამო, რომელსაც ადგილი აქვს იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას უნდა დაესწროს.
გადამღებ ჯგუფებს არ აძლევენ კამერის ჩართვის უფლებას, რათა არ დაფიქსირდეს შემოწმების მიმდინარეობა. ამოწმებენ პირად ნივთებსაც, მათ შორის უბის წიგნაკებს გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად ივანიშვილის პრესკონფერენციაზე დასასმელი შეკითხვების შესახებ.
გვინდა მოვუწოდოთ პირადად ივანიშვილს და მის პრესსამსახურს, სასწრაფოდ დაინტერესდეს ამ პრობლემით და მედიასაშუალებებს მისცეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ვიდეომასალას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღის მთავარ გამოშვებაში წარმოგიდგენთ", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი