სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მოეწყო რომლის მიზანს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ევროპა დონა საქართველო - პაციენტები პაციენტებისთვისმადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომისთვის - რეგიონებში HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანისთან მიღწეული შეთანხმებით საქართველოს რეგიონებში, ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა-ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

პრესკონფერენციაზე მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა, კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები. სიტყვით გამოვიდნენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი და მოწვეული პაციენტები.


პრესკონფერენციაზე ასევე მოწვეული იყვნენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერები და პაციენტები.

არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები 15 ოქტომბერს დაწყებულ კამპანიას #ნუგანმასხვავებ, რომლის მიზანს რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს (მე-4 სტადია) მქონე ქალბატონების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა. კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში განთავსდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული რამდენიმე პაციენტის ისტორია. მათი ღია წერილები კი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში დაეგზავნათ, რათა პაციენტების სათქმელი ადრესატამდე მისულიყო.

ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობით მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც განხორციელდა ადრეული ძუძუს კიბოს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა მკურნლობა. ადრე და დროულად ჩატარებული მკურნალობა ეს არის ბოლომდე განკურნების დიდი ალბათობა. დღეს სასიხარულო ამბავია ის, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ძუძუს მეტასტაზური კიბოს, ყველაზე აგრესიული ფორმის მქონე ქალბატონებისთვის მკურნლობა გახდება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა მაკა ასათიანმა.

როგორც ჩანს კამპანია წარმატებული აღმოჩნდა, და სათქმელი ადრესატამდეც მივიდა. 12 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება და საქართველოში დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება.

„2019 წლიდან ამოქმედდება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას. სამკურნალო მედიკამენტები პერჯეტა-ჰერცეპტინი, რომელთა ღირებულებაც სააფთიაქო ქსლეში შეადგენს 7200 ლარს, პროგრამის დაწყებიდან მისი ღირებულება იქნება 5000 ლარამდე. ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. 2016 წელს პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 10 პროცენტი, პროგრამა გაფართოვდა და მისი ამოქმედების შემდეგ პროგრამაში ჩაერთვება დაავადების მქონე პაციენტების 80 პროცენტი,“ - განმარტა ჯანდაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩაჩავამ.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ აუცილებელი თარგეთული პრეპარატების დაფინანსება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივაღწიეთ, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებას. ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია. დღეს მიღწეული შეთანხმებით, გაიზრდება პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ ერთმანეთის გვერდში დგომითა და თანაგრძნობით! მთავარია, ბრძოლის უნარი და გამძლეობა არ დავკარგოთ. ჩვენ დაავადებასთან სწორედ მაშინ ვმარცხდებით, როდესაც სიცოცხლის უფლებას გვართმევენ ან გვიზღუდავენ! გარკვეული ნიშნით განგვასხვავებენ - #ნუგანმასხვავებ, ეს აღარ უნდა განმეორდეს“ აღნიშნავს კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის, რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა, საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაში იყო.

„ევროპა დონა საქართველო“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100