სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთზე მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ

რიკოთის უღელტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში გრძელდებოდა სპეციალური სამუშაოები, რომელთაც მობილიზებული ტექნიკით, მუშახელითა და სამაშველო ჯგუფებით ატარებდნენ. პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის მოწყობილობების დახმარებით მუშაობდნენ გეოლოგები, რომლებიც წინაღამეს მომხდარი ტრაგედიის ახლომდებარე მთის ფერდობებს სწავლობდნენ, იქ ადრე არარსებული მდინარის აღმოჩენის მიზნით.

ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ უკვე დასრულებულია სპეციალურ თხრილებში სანიაღვრე მილების ჩაწყობა. მათი საშუალებით ახლადწარმოქმნილი მდინარე სურამულას შეუერთდა, რამაც საავტომობილო გზისთვის ძირის გამოცლის შესაძლებლობას აღკვეთა. დილიდან დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა ისე, რომ ტრანსპორტმა გადაადგილება შეძლოს.

რიკოთის უღელტეხილზე ჩატარებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

რიკოთის უღელტეხილზე, ასევე სურამიდან სოფელ ხევამდე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის საფარი დაახლოებით 25 ადგილასაა დაზიანებული, აქედან ოთხი განსაკუთრებით რთულ მონაკვეთადაა მიჩნეული. საერთო ზარალმა ათ მილიონ ლარს გადააჭარბა.

ხაშურში, სურამსა და ჩუმათელეთში სპეცტექნიკა დილამდე მუშაობდა, ამოიტუმბა წყალი მაღაზიებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან. ხაშურსა და სურამში მოსახლეობა, ძირითადად, მდინარე სურამულას ადიდების გამო დაზარალდა, რაც შეეხება ჩუმათელეთს, აქ სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, რადგან მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ამ დრომდე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოში მიედინება. სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებს ეტაპობრივად აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა, ბევრ სოფელში ეს პროცესი გაჭიანურდება, რადგან მოვარდნილმა ნიაღვარმა დენის ტრანსფორმატორები გაიტაცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100