გილაური გვინდაძის დაწინაურებას "მის მიერ ქვეყანაში 4,5 მლრდ დოლარის შემოტანით" ხსნის
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი გვინდაძის დაწინაურებას "მის მიერ ქვეყანაში 4,5 მილიარდი დოლარის შემოტანით" ხსნის.
"გვინდაძე ფინანსთა სამინისტროში ბევრი წელია, მუშაობს. მას ჩაბარებული ჰქონდა საგარეო ვალის პრობლემატიკა. მოგეხსენებათ, ამ კუთხით საქართველო წელს ყველაზე წარმატებული იყო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, რაც სწორედ დიმას დამსახურებაა. გარდა ამისა, მას ებარა ძალიან რთული მისია, 4,5 მილიარდი დოლარის შემოტანა ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 2008 წელს ჩატარდა კონფერენცია, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარი იქნა გამოყოფილი, მაგრამ ამის ათვისება რომ ადვილი იქნებოდა, არავის ეგონა. პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ამას ვერ შეძლებდა. სწორედ დიმას დამსახურებაა, რომ ამ პერიოდში 4,5 მილიარდი დოლარიდან 2 მლრდ პრაქტიკულად ათვისებულია, დარჩენილი თანხა კი - დაკონტრაქტებული და მას საქართველო ეტაპობრივად მიიღებს. სწორედ ამ წარმატებული სამუშაოს გამო გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე დიმას დაწინაურება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე კახა ბაინდურაშვილი მისმა მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ ჩაანაცვლა. თავად ბაინდურაშვილი საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
კომენტარი