სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ მურეი მაკკალის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ზელანდია, წყნარი ოკეანის ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებით, რისი დასტურიც არის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის დეკლარაციის გაფორმება.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობების გააქტიურებაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მანვე მადლობა გადაუხადა მურეი მაკკალის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100