სიტუაცია რუსთავის მე-16 საპყრობილესთან
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ოთხკაციანი ჯგუფი შეისწავლის. როგორც ჟურნალისტებს დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გუშინ საღამოს გენერალური ინსპექციის უფროსმა მირზა სუბელიანმა განუცხადა, ოთხკაციანი ჯგუფი 2 ნოემბრიდან შეიქმნება და თუ დადასტურდება ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტები, ისინი თანამდებობებს დატოვებენ, ხოლო უარეს შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მისივე თქმით, პატიმრებთან მიაღწიეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, თუმცა, პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც საპყრობილესთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ შიმშილობა ყველა პატიმარს არ შეუწყვეტია. რუსთავის ციხეში იმყოფებოდა ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს სამლოცველოში შესვლა ეკრძალებოდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია არა სამლოცველოში შესვლის აკრძალვაზე, არამედ სალოცავის მახლობლად მდებარე ობიექტზე, სადაც პატიმრები მუშაობენ და მათ გვიან ღამემდე მუშაობა შეეზღუდათ.
რაც შეეხება მე-16 დაწესებულებაში არსებულ ზოგად ვითარებას, მირზა სუბელიანის და მაია ხასიას განცხადებით, ციხეში გუშინ საღამოს 12 საათისთვის სრული სიმშვიდე იყო და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პატიმართა ახლობლები და ოჯახის წევრები საპყრობილესთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ასევე გუშინ, საღამოს საათებში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმარი ირაკლი ჯავახიშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ციხის გარეთ მყოფ პატიმართა ახლობლებს და ჟურნალისტებს საპყრობილიდან გამოსულმა ლალი მოროშკინამ განუცხადა, პატიმარს კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები აწუხებდა. ვიდრე პატიმარს სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, ციხის გარეთ ვითარება გარკვეულწილად დაიძაბა, რაც სასჯელაღსრულების ავტომობილის გამოჩენამ გამოიწვია. ავტომობილს პატიმართა ახლობლებმა გზა გადაუკეტეს და ციხის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე ლალი მოროშკინა მივიდა. ის სასჯელაღსრულების ავტომობილს ციხის ტერიტორიაზე შეჰყვა, იქიდან გამოსულმა კი გარეთ შეკრებილებს ირაკლი ჯავახიშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულება დედათა კომიტეტის წევრმა ქეთევან ადამიამ და მონიტორინგის ჯგუფის წევრმა გიორგი თევზაძემ გუშინ, დაახლოებით საღამოს 11 საათზე დატოვეს და განაცხადეს, ციხეში იმ დროისთვის სიტუაცია სტაბილური იყო და პატიმართა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
ქეთევან ადამიას თქმით, დედათა კომიტეტი სრულად უერთდება პატიმართა სამართლიან მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს ციხის დირექტორმა ლევან აბურჯანიამ. პატიმრები პირად საუბარში აბურჯანიას მხრიდან მათზე ზეწოლის ფაქტებს ადასტურებენ. მათი თქმით, აბურჯანია ციხეში მისვლისთანავე პატიმრებს "დაჰპირდა", რომ არ იქნება ახალაიაზე ნაკლები, სისასტიკის მხრივ.
პატიმრის თქმით, აბურჯანია მათ ელექტროშოკით და მსგავსი მეთოდებით დასჯით დაემუქრა.მისივე განცხადებით, ციხეში პატიმრების მხრიდან არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს, პროვოკაციაზე მოდიან თავად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მათი თქმით, იქამდე არ შეწყვეტენ შიმშილობას, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება და აბურჯანია თავის 22-კაციანი ჯგუფით, რომლებიც პატიმართა განცხადებით, ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილები, თანამდებობებს არ დატოვებს. მთელი ღამის განმავლობაში საპყრობილესთან იყვნენ პატიმართა მშობლები და ოჯახის წევრები.
"გლობალნიუსისა" და "ინტერპრესნიუსის" მიხედვით. "გლობალნიუსის" ფოტო.
კომენტარი