„მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე წარუდგინა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობით და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი.
„ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნო მისი ხედვა დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ქაოტური განაშენიანება, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა, შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე, გაუმჯობესდეს და პოპულარული გახდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და განხორციელდეს ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროებას.
„მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და რაც შეიძლება, ნაკლები სოციალურად დაუცველი ჰყავდეს ქვეყანას. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის შანსი და მოახერხოს თვითრეალიზება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა მაჟორიტარები უკვე ათივე რაიონში წარადგინა.
კომენტარი