სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21- საუკუნეში" გაიხსნა.

ღონისძიება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით ტარდება. ფორუმის მიზნებია: ცოდნის გაღრმავება იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც იღწვიან ღია, ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ; საუკეთესო მაგალითების და სამომავლო გამოწვევების ანალიზი - თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია ეკონომიკური, სოციალური და საჯარო სექტორების რეფორმების გზით, რათა ეს მოდელი იყოს გადაღებული სხვა, მსგავს კურსზე მდგარ სახელმწიფოებში.

ღონისძიება გახსნა სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტმა სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროში ფრენსის ფუკუიამამ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. ,,ის, რომ ეს ფორუმი საქართველოში ტარდება, ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა. ყველა მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, არის ხალხის მიღწევა, პირველ რიგში ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ თავისუფალი ერი, ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ჩვენი ოცნება ნაწილობრივ შესრულდა - რამდენიმე ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროპასთან. ეს დოკუმენტი ჩვენთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ შეთანხმება, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი აკონკრეტებს ჩვენს მიზანს - გავხდეთ დემოკრატიუი სამყაროს ნაწილი. ეს არის ის ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ასევე მზად ვართ, რომ ვისწავლოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას. დავით უსუფაშვილმა ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელ დისკუსიაში თემაზე ,,სახელმწიფოს მშენებლობა საქართველოში”.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან და გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ გამოჩენილი საერთაშორისო ექსპერტები, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

,,დღევანდელი გადასახედიდან ბევრი საკითხი არის ხელახლა გასააზრებელი, კერძოდ ის, რომ მსოფლიომ უნდა გამოძებნოს სრულიად ახალი მეთოდება და საშუალებები, იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები დაიცვას იმპერიალისტური ზეწოლისგან და აგრესიისგან, იმისგან, რასაც დღეს კიდევ ერთხელ ვაწყდებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან და ის, რაც საქართველოში გრძელდება. ასეთი შეხვედრა ერთი წლის წინ კიევში ჩატარდა და იქ გადაწყდა საქართველოში ჩამოსვლა. ეს მოხდა სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების ფონზე, რაც საყოველთაო მოსაზრებით ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების. სტუმრები აშშ-დან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წამყვანი სპეციალისტების სტენფორდის უნივერსიტეტიდან სწორედ იმიტომ ჩამობრძანდნენ, რომ ჩვენი გამოცდილებაც გაიზიარონ - როგორ მოხერხდა ის, რომ საქართველო არის რეფორმისტული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, მიუხედავად მრავლმხრივი გამოწვევიბისა მყარად დგას ფეხზე და მიდის დასავლური ინტეგრაციის გზით. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ კიდევ უფრო საინტერესო გახდა”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში მსოფლიოს 13 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე ესტუმრა. სამდღიანი ლიდერთა ფორუმი Omidiar Network-ის, ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს", საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100