საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით პირველი რეისი 9 ივნისს შესრულდება
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. აღნიშნული საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ჩინეთის ავიაკომპანიის „China southern airlines“-ის დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი დავითაძე შეხვდნენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის პირველი ავიარეისი 2011 წლის 9 ივნისს შესრულდება. ფრენებს ზემოთხსენებული ჩინური კომპანია განახორციელებს.
„China southern airlines“ სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. რეისი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 საათი იქნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, პირდაპირი რეგულარული ავიარეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების სამომავლო თანამშრომლობას და საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
“საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისები უფრო ინტენსიურს გახდის ორ ქვეყანას შორის ტურისტულ ურთიერთობებს.”-განაცხადა ვერა ქობალიამ.
როგორც გიორგი კარბელაშვილმა აღნიშნა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვამი რეისი იქნება საქართველოს ისტორიაში, რადგან ქვეყანა კიდევ ერთხელ შეასრულებს სატრანზიტო ფუნქციას.
მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმაც – ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ხინძიანის ფილიალის ვიცეპრეზიდენტის, კან იუნგ ჯანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე ტურისტული სფეროების მხარდაჭერის კუთხით.
კომენტარი