გიგა ბოკერიამ ირაკლი ალასანიას „საიდუმლო დოკუმენტს“ „უპასუხისმგებლო სისულელე“ უწოდა
ოფიციალურ თბილისს ირაკლი ალასანიას მოთქმა-გოდებისა არ სჯერა, სამაგიეროდ, ივანიშვილის მარჯვენა ხელის განცხადებები ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაიჯერა და შეშფოთება-აღშფოთებაც გამოთქვა.
საქართველოს უშიშროების საბჭოში დასავლეთ საქართველოში, თითქოსდა ხელისუფლების მიერ ფორმირებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის დამადასტურებელი ე.წ. საიდუმლო დოკუმენტის გაგზავნა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე დაანონსა და მიანიშნა, რადგან საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ამ დოკუმენტს საჯაროს ვერ გავხდი და უშიშროების საბჭოს სწორედ ამიტომ ვუგზავნიო.
უშიშროების საბჭო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ოპერატიულად გამოეხმაურა და პასუხი იმით გასცა, რომ ალასანიას მიერ სტრუქტურაში გაგზავნილი დოკუმენტი სრულად გამოაქვეყნა. მიზეზი მარტივია: უშიშროების საბჭომ ჩათვალა, რომ დოკუმენტში არანაირი საიდუმლო არ არის და, შესაბამისად, არც მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ იგი დახურულ ფორმატში განიხილონ.
მოკლედ რომ ვთქვათ, უშიშრიოების საბჭომ დაასკვნა ის, რაც ირაკლი ალასანიამ, სავარაუდოდ, კარგად იცოდა მანამ, სანამ უშიშროების საბჭოში ამ „დოკუმენტურ მტკიცებულებებს“ გაგზავნიდა. თუმცა, ალბათ, ალასანია ყველაზე ნაკლებად ელოდა ისეთ პასუხს, რაც მას უშიშროების საბჭომ გასცა. ირაკლი ალასანიას დიპლომატად უმუშავია და ალბათ, გაიხსენებს, რომ მსგავს ნაბიჯს დიპლომატიაში სილის გაწვნასაც უწოდებენ.
არადა, ივანიშვილის კოალიციის ერთ-ერთმა მთავარმა სახემ სულ სხვა რამეზე გათვალა:
„გამოვთქვამ თქვენთან შეხვედრის მზადყოფნას, რათა ობიექტურად მოხდეს აღნიშნული საკითხის გამოძიება“ - ასე მთავრდებოდა მისი წერილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიასადმი და ამ წერილს თან ექვსგვერდიანი დანართი მოსდევდა, სადაც თითქოსდა საიდუმლო ინფორმაცია იყო ჩამოწერილი: შეიარაღებული ჯგუფების შემადგენლობა, პირადი შემადგენლობის ანაზღაურება და პრემიები, დისლოკაციის ადგილები და ასე შემდეგ.
უშიშროების საბჭომ ეს დოკუმენტი საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ „დოკუმენტი ქვეყნდება სრული სახით, რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს საშუალება იმსჯელოს, რამდენად ღირებულია წარმოდგენილი მონაცემები“.
უშიშროების საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირაკლი ალასანიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულს, არამედ მასში, უბრალოდ, ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები. მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რაიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები.
ირაკლი ალასანიას „საიდუმლო დოკუმენტში“ აღწერილია თორმეტი ე.წ. დაჯგუფება. ამ წერილის მიხედვით პირველი დაჯგუფება ყველაზე მრავალრიცხოვანი, 350 კაციანი გამოდის, რომლის დისლოკაციის ადგილად მითითებულია: „ზუგდიდი, კერძო სახლები“, ხოლო, მაგალითად, მესამე დაჯგუფება, ყველაზე შთამბეჭდავია თავისი შემადგენლობით. თავად გადახედეთ:
„მე-3 დაჯგუფება (ბაჩო ახალაია)
სარეზერვო ჯგუფები. ჩართულობა: ეროვნული გვარდიის სარდალი მამუკა იოსავა; დასავლეთის მიმართულების სარდალი ზაზა ჯანჯალია; სენაკის მეორე ბრიგადის მეთაური ზვიად გაგუა; ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე; სპეციალური დანიშნულების რაზმების მეთაური კობა ახვლედიანი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით დარსმელიძე (ყოფილი კუდ-ის უფროსი); თენგიზ გუნავა (პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი, - ლ.ბ); რუსლან შამახია (პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს უფროსი, - ლ.ბ.).
ბოლო, მეთორმეტე დაჯგუფება კი ასეა აღწერილი:
„მე-12 დაჯგუფება
100 კაციანი სპეციალური დანიშნულების რაზმი (ვანო მერაბიშვილის კონტროლი)
მეთაური კობა ფაჩულია (100 ეული დაკომპლექტებულია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელებისგან“ (სტილი აქაც და სხვაგანაც დაცულია.- რედ.)
თავად განსაჯეთ, რამდენად სერიოზული და ღირებული ინფორმაციაა. დანარჩენი დაჯგუფებების ჩამოთვლას აზრი არა აქვს, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, ამ ბმულზე ნახავთ.
ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოში გაგზავნილ დოკუმენტთან და ირაკლი ალასანიას ადრინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამაც გააკეთა:
„ასეთი უპასუხისმგებლო სისულელის ვრცელდება მათი მხრიდან, სირიაზე, სამოქალაქო ომზე, დაღუპულ ბავშვებზე და ქალებზე და შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ამ სისულელის გამო ბოდიში მოეხადათ და ამით ამოწურულიყო ეს ინციდენტი, კიდევ უფრო დიდ სისულელეს იგონებს, რათა გაამართლოს ადრე ნათქვამი აბსოლუტურად გაუგებარი და სამარცხვინო სისულელე და საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ან შინაგან საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს ამ უაზრო დოკუმენტში მოიხსენიებს, როგორც არალეგალური ფორმირებების რაღაც ნაწილს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უპასუხისმგებლო სისულელე“.
სამაგიეროდ, ალასანიას განცხადებას სისულელედ სულაც არ მიიჩნევს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მას დღეს გამოეხმაურა:
"მსგავსი შეარაღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერორის პოლიტიკას არძელებს როგორც თავად საქართველოში ასევე მოსაზღვრე გალის რაიონში. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ფორმირებები რეგიონში სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ომისშემდგომ წლებში საქართველო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს გალის რაიონში სიტუაციის დაძაბვისათვის იყენებდა.
ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ უშიშროების საბჭოში გაგზავნილ დოკუმენტს და ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პათოსს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევენ ექსპერტები. მიხეილ თავხელიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, აფხაზური მხარის განცხადებას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება. „ეს ძალოვანი სტრუქტურების, ზოგადად, სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა“, - აცხადებს ექსპერტი.
ირაკლი ალასანია ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. მის დაბრუნებამდე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მოიფიქრებს, თუ რა ფორმით გასცეს პასუხი იმას, რომ ოფიციალურ თბილისს ალასანიას შეშფოთების არ სჯერა.
კომენტარი