მთავრობის წევრების კომენტარები კირვალიძის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. მან უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. გადადგომის შემდეგ კირვალიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მარჩიელობა ცუდი საქმეა, ესაა კონკრეტული ძიების საკითხი, დაველოდოთ არანაირი ხელისშეშლა და ზეწოლა ამაზე არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ნუ ვიჩქარებთ, გავითვალისწინოთ ერთი რამ – უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ მიმდინარე მოვლენებზე ვიღებ ჩემს წილ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გამომდიმარე იქიდან, რომ ყველა ამ ადამიანს დიდი პატივს ვცემ, მათი უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარია, მასწავლებლებიც არიან. მოუთმენლად ველი, რომ დროზე დასრულდეს გამოძიების პროცესი, გაირკვეს სიმართელე“- განაცხადა კირვალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს. შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
დავით კირვალიძის გადადგომის ფაქტი, მედიასთან საუბრისას დღეს მთავრობის სხვა წევრებმაც შეაფასეს.
თეა წულუკიანი: დღეს ჩემთვის, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრისთვის არის მძიმე დღე, იმიტომ რომ, ჩვენ გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა - დავით კირვალიძე. ის ამბავი, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩემთვის, როგორც ამბავი ცნობილი იყო, მაგრამ რამდენიმე ჩინოსნის დაკავების შესახებ გუშინ მედიიდან გავიგე და არ ვიცნობ სისხლის სამართლის მასალებს, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია
მაია ფანჯიკიძე: კონკრეტულად რაშია საქმე, ამაზე ჯერჯერობით, საუბარი ნაადრევია, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავით კირვალიძე არაფერში გარეული არ იქნება, იგი დაელოდება გამოძიების შედეგებს და ალბათ, დასკვნები ამის შემდეგ იქნება გამოტანილი, როცა გამოძიება დამთავრდება. იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს, რომ დავით კირვალიძე არაფერში დამნაშავე არ არის და იგი შეძლებს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას.
ირაკლი ალასანია: მე მთავრობის სხდომაზე დათოსთან დალაპარაკება ვერ მოვასწარი. დღეს მივლინებაში მივდივარ და გამგზავრებამდე შემოვუარე. მომიყვა, როგორ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მართლაც ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მის გადაწყვეტილებას ყველანი განვიცდით, პრემიერ-მინისტრი კი პირველ რიგში, თუმცა დათო კირვალიძე გააგრძელებს ამ პერიოდში რჩევების მოცემას და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.
კახი კალაძე: თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები გამართლდებიან, დავით კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდება. მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე დასკვნების და შეფასებების გაკეთება რთულია, ამიტომ ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას და ამის შემდეგ გაირკვევა ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე. შეკითხვები, როგორც ირკვევა, არსებობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, დაკავებულია რამდენიმე პირი..
კომენტარი