სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: ხალხს პოლიტიკური კულტურა აკლია და აკადემიური ტონი არ ესმის...

„ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სცადა, თითქმის ყველაფერზე ესაუბრა. როგორ გამოუვიდა, ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ ინტერვიუში მრავალი საყურადღებო დეტალია. მათ შორის ერთი ნაწილი ეხება საკითხს, თუ რა პრინციპით შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა მთავარ დასაყდრენად „რესპუბლიკური პარტია“.

რახან ინტერვიუერმა თვითონვე ბრძანა: „არის თემები, რომელთა გაშლაც და რომლებზე საუბარიც ჩემგან არც ეთიკური იქნება და არც - ჭკვიანური. ამიტომ, დავტოვოთ ასე! რასაც ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ იმ სიტყვებითა და ფრაზებით ვამბობ ჩემს სათქმელს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს“ - შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ სწორედ ქვემოთმოყვანილი სიტყვებითა და ფრაზებით ამბობს ივანიშვილი თავის სათქმელს რესპუბლიკელებზე, ეს სათქმელი კი, დაახლოებით ასე ჟღერს:

რესპუბლიკური პარტია ინტელექტუალი, საინტერესო ადამიანებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ მათი არაპოპულარობის მიზეზი ისაა, რომ ისინი ხალხს ვერ ელაპარაკებიან მათთვის გასაგებ ენაზე. რესპუბლიკელები ყოველთვის აკადემიური ენით ცდილობენ საუბარს, ეს ენა კი ხალხს არ ესმის...

ახლა კი ციტატა:

„მიმაჩნია, რომ ეს არის თანმიმდევრული, ინტელექტუალური პიროვნებებით დაკომპლექტებული პარტია. მათი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხალხს ვერ ელაპარაკებიან ხალხის ენით, გასაგები ენით... არადა, თუ ლიდერი ხარ და იმისთვის მოდიხარ, რომ ერს წარუძღვე, შენ ვალდებულიც ხარ, ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო! რესპუბლიკელები ყოველთვის აკადემიური ენით საუბარს ცდილობენ და ვერ საუბრობენ იმ ენით, რომლითაც მოიხიბლება საზოგადოება... აქ საზოგადოებაშიც უნდა ვეძებოთ მიზეზები... შესაძლოა, ჩვენ პოლიტიკური კულტურაც გვაკლია და, რა თქმა უნდა, საამისო მიზეზებიც არსებობს...“

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ამბობს: „იმიტომ არა, რომ სხვაზე უარესი ერი ვართ... არა!“ მაგრამ საბოლოოდ, ეს ნაწილი მთავრდება დასკვნით: „დიახ, ჩვენ განსაკუთრებულად ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოება ისეთია, როგორიც არის...“

ინტერვიუს მსვლელობის დროს, უფრო ქვემოთ, „ასავალ-დასავალი“ ბიძინა ივანიშვილს ახსენებს რესპუბლიკელების დამოკიდებულებას 1991-92 წლების გადატრიალებასთან და აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში, როცა სოჭში პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა „აშკარად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის დამოუკიდებლობას“.

ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი ლამის, შეიცხადა: „აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი? მსგავსი რამ არ მსმენია...“

ფაქტია, რომ ივანიშვილმა, რომელიც ინტერვიუში აღმაფრენით საუბრობს პრეზიდენტის გარემოცვის „რყევებზე“ და იმაზე, რომ სააკაშვილი თურმე საკუთარ გარემოცვას არ ენდობა, თავისივე გარემოცვის შესახებ არაფერი იცის ისეთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტალურ საკითხში, როგორიცაა აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი...

როგორც იტყვიან, „საიდან სადაო, წმინდაო საბაო?“ ხომ არ აჯობებდა, ჯერ გარემოცვის „აკადემიური“, არცთუ შორი წარსული შეესწავლა და პრეზიდენტის გარემოცვის „რყევებით“ შემდეგ დაინტერესებულიყო?.. იქნებ, ერთი-ერთზე როცა დარჩებოდნენ, მაშინ მაინც ეკითხა დავით უსუფაშვილისთვის, რატომ მოუნდა სსრ კავშირის კომპარტიაში შესვლა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ?...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100