სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეთქმულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ...

საზოგადოებისთვის დღემდე ბოლომდე გაურკვეველია ის კულუარული მიზეზები, რამაც მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ოქროუაშვილს შორის დაძაბულობა გამოიწვია და კარიერის ზენიტში მყოფი თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტმა მოულოდნელად ეკონომიკის მინისტრად ჩამოაქვეითა, 2 კვირაში კი ოქრუაშვილი საერთოდ წავიდა ხელისუფლებიდან. „დრონი.ჯი“-ს დაუკავშირდა სენაკის მე-2 ბრიგადის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც მეტად საინტერესო ისტორია გაიხსენა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი და შესაძლოა ერთადერთიც პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის განხეთქილებისა, ეს ისტორიაა. ცხადია, თადარიგის ოფიცერმა ვინაობის გამხელა პრესით არ ისურვა, მაგრამ დაგვპირდა - თუ უსაფრთხოების გარანტიებს მომცემს ხელისუფლება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის, მაშინ ვინაობასაც გავამხელ და იმაზე მეტსაც მოგითხრობთ, ვიდრე ამ ჯერზეო. ეს უცნაური ისტორია კი ასეთია:

ყველას კარგად გვახსოვს, ირაკლი ოქრუაშვილმა რომ დაიქადნა, 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში შევხვდებიო. მოგვიანებით, როცა ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, აღიარა კიდეც ინგა გრიგოლიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში - 2006 წლის ბოლომდე გვქონდა ცხინვალის დაბრუნების შანსი, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური, სხვა სახის ფაქტორებიც საამისოდ ხელსაყრელი იყო, მერე კი ამის შანსი აღარ გვქონდაო.

აქედან, ალბათ, ძნელი სავარაუდო აღარ არის, რომ ოქრუაშვილის - თავდაცვის მინისტრის გონება ცხინვალის დაბრუნებაზე იყო კონცენტრირებული. თუმცა, მის გარდა, უმაღლესი ხელისუფლების ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტიც, ხმამაღლა აცხადებდნენ - ძალისმიერი მეთოდით არც ცხინვალსა და არც აფხაზეთის დაბრუნებას არ ვაპირებთ, თუ რუსეთი ამ რეგიონების ძალისმიერ ანექსიას არ შეეცდებაო.

2006 წლის ოქტომბერში, სენაკის მე-2 ბრიგადის 4 ბატალიონი, საჩხერის სამთო და კოჯრის ბატალიონები, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის სპეცრაზმები რაჭაში გადაისროლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს ის სამხედრო ნაწილებია, რომელთა წარმომადგენლები პირადად ნახა რაჭაში, თუმცა, მისი ინფორმაციით, იქ იყვნენ სამხედრო დაზვერვის ბატალიონი და კიდევ მისთვის უცნობი რამდენიმე სპეცრაზმი.

„გამოცდილი სამხედრო ვარ და ვგრძნობდი, რომ ჩვენს გარდა, იქ სხვა სპეცნაწილები იყვნენ, სამხედრო დაზვერვა რომ მუშაობდა, ეს ნამდვილად ვიცი - რაჭის ერთ-ერთ სოფელში თავად დავაკავეთ 4 „გლოები“, რომლებიც ბაზაზე მიყვანისთანავე გავათავისუფლეთ. ეს რაღაც კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავდა. თითქოს, ყველამ ვიცოდით, იქ რისთვის ვიყავით, მაგრამ ყველას რაღაცას გვიმალავდნენ. საჩხერის ბატალიონის იქ ყოფნის ამბავი, მაგალითად, წამოსვლამდე ორი დღით ადრე გავიგე - შემთხვევით გადავეყარე ნაცნობს და... - ასე იგონებს ინკოგნიტო ოფიცერი ამ საიდუმლო სპეცოპერაციას.

მისი თქმით, სენაკიდან ზოგი - ვერტმფრენით, ზოგი კი სამხედრო მანქანებით გადმოიყვანეს რაჭაში. წამოსვლამდე მიიღეს ინსტრუქტაჟი, რომ ეს იყო ნახევრად ფორსირებული თავდაცვითი სამხედრო სწავლება. სპეციალურად გაახმაურეს, რომ გამორიცხული არ იყო, ჯავიდან რაჭის მიმართულებით ოსური, რუსული და ჩრდილოკავკასიური სამხედრო ფორმირებების შემოტევა და წვრთნები პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

ოფიცერი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით, ანალოგიური ინფორმაცია ჰქონდა უმაღლეს მთავარსარდლობას - პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მუდმივ წევრებს. სწორედ ფორსირებული პრევენციული თავდაცვითი წვრთნების აუცილებლობაში დაარწმუნა ოქრუაშვილმა პრეზიდენტი, სანქციაც მიიღო წვრთნების დასაწყებად: მან, ეტყობა, დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ ჯავიდან რაჭაზე თავდასხმა რეალური თუ არა, რეალობასთან ახლოს იყო. თან, იმ დროს, დაძაბული იყო ურთიერთობა კონფლიქტის ზონაში (ცხინვალის რეგიონი). ცხინვალში მოხდა ტერაქტი, რომელიც ქართველებს გადააბრალეს, აგვისტოში გაიტაცეს ქართველი მწყემსები. სოფელ ქურთაში კი ცხინვალიდან მორიგი იერიშისას დაჭრეს სოფელ ქურთას მცხოვრები კახნიაშვილი.

ოფიცრის ნაამბობიდან: `ვიცოდით, რომ თავდაცვითი წვრთნები უნდა ჩატარებულიყო. არადა, წვრთნებს შემტევი ხასიათი ჰქონდა. ჩვენ, სენაკის მე-2 ბრიგადის ბატალიონები, შაორის წყალსაცავის სიახლოვეს ვიყავით დაბანაკებულნი. ჩვენც და სხვა ბატალიონის წევრებმაც დეტალურად შევისწავლეთ ყველა გადასასვლელი გზა და ბილიკი ჯავის რაიონში რაჭიდან, სპეციალისტები ლამის თითოეული კვადრატული მეტრის რუკას ქმნიდნენ, ატანილი გვქონდა მსუბუქი არტილერია და მსხვილკალიბრიანი იარაღი - პკ-760, ნაღმტყორცნები, დე-30 - ჰაუბიცა... რა ვიცი, ყველაფერი, რისი წაღებაც ფორსირებულად შეიძლებოდა. მოინიშნა ყველა გზა, ბილიკი - სად რომელი სახის ჯავშანტექნიკა, რა სახის სამხედრო მანქანის ან საარტილერიო საშუალების გადატანა-გატარება იყო შესაძლებელი. წვრთნებიც შეტევითი ხასიათისა იყო: ჩასაფრება, თავდასხმა, ტყვედ აყვანა, მოწინააღმდეგის განადგურება, ალყაში მოქცევა, პარაშუტით სპეცრაზმელების გადასხმა, მტრის მზვერავების აღმოჩენა-განეიტრალება და ა.შ. თანაც, ინფორმაციას ერთმანეთს ვუცვლიდით.

აშკარა იყო, ომისთვის ვემზადებოდით, რაჭიდან ჯავის რაიონზე შეტევისთვის. მაგრამ რა უნდა გვექნა - სამხედროები ვიყავით, ფიცი გვქონდა მიცემული და ბრძანებას უსიტყვოდ ვემორჩილებოდით. მეორეც - შინაგანად შეგუებულნი ვიყავით, რომ ამგვარი რამ, ადრე თუ გვიან, მოხდებოდა. ჩვენს ბრიგადაშიც და საერთოდ, თავდაცვის სისტემაში მუდმივად მუსირებდა აზრი - ოქრუაშვილი ხვალ-ზეგ აუცილებლად შეუტევს ცხინვალს, ეგ სიტყვას არ გატეხს და აუცილებლად შეხვდება ცხინვალში ახალ წელსო.

ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ ერთ დღესაც, მოულოდნელად, რაჭაში თავმოყრილი სამხედრო ნაწილების მეთაურებს გამოუცხადეს - მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდითო.

ოფიცრის ნაამბობიდან: „ყველა მივხვდით, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. დილაუთენია წამოგვყარეს, თან კატეგორიულად გაგვაფრთხილეს - ყველგან თქვით, რომ თავდაცვითი ხასიათის წვრთნებში მიიღეთ მონაწილეობაო. კი იცოდა მეთაურობამ, ბავშვები არ ვიყავით და ვიცოდით, რა სახის წვრთნები იყო. ჩვენი ბატალიონები სენაკში დაბრუნდნენ.

ცხადია, ამის მერე მქონდა კონტაქტები როგორც სხვადასხვა სამხედრო ნაწილების ოფიცრებთან, ასევე თავდაცვის სამინისტროს საშუალო დონის ხელმძღვანელობასთან. ზოგი პირში წყალს იგუბებდა, ზოგი მინიშნებებით რაღაცებს მახვედრებდა. როცა ოქრუაშვილი მთავრობიდან წავიდა, მერე ამოიღო ხმა ოფიცრობამ, იმ ხალხმა, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა დღემდე მედიაში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა. იმ ცნობების, ინფორმაციის მიხედვით, რომელიც შევკრიბე, ასეთი სურათი იხატება. ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო ნებართვა თავდაცვითი წვრთნებისა რაჭის ტყეებში, კერძოდ, ჯავის მიმართულებით, მაგრამ რეალურად ჯავაზე დასარტყმელად ემზადებოდა. ეს არ იცოდა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს, მინისტრთა კაბინეტის არცერთმა წევრმა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თუ ოქრუაშვილს ჯიუტ და თავნება ხასიათს გავითვალისწინებთ, დამაჯერებელია, სარწმუნოა და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. მერე მეტიც გავიგე. ოქრუაშვილი ჯავაზე თავდასხმას მაშინ აპირებდა, როცა პრეზიდენტი უცხოეთში იქნებოდა ვიზიტით, საამისო საბაბი კი, მოგახსენეთ უკვე, ჰქონდა. აი, ეს საბაბები მიზეზად რამდენად გამოდგებოდა, ეს უკვე არ ვიცი. ჩვენ, ვინც რაჭაში ვემზადებოდით, ჯავას ავიღებდით - იმ დროს ჯავაში იდგა კოკოითის 500-კაციანი „ომონი“, ფსკოვის დივიზიის სპეცრაზმი, აფხაზეთიდან გადმოსული მოხალისეების 150-კაციანი ჯგუფი, კაზაკებისა და ჩრდილოკავკასიელების 400-კაციანი რაზმი. ამათი განადგურება ელვისებური დარტყმით ჩვენ გვევალებოდა.

პარალელურად კი, ერგნეთიდან ცხინვალში შეიჭრებოდნენ გორის სატანკო ბატალიონი, სენაკის მე-4 ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, სხვა სპეცრაზმები და ბოლოს, როცა ყველა დაინახავდა, რომ ომი დაიწყო, ცხადია, ყველა სამხედრო, გასამხედროებული სტრუქტურების შესაბამისი სამსახურები ჩაებმებოდნენ ბრძოლაში.

ჰო, სენაკში ჩასულმა გავიგე, რომ ჩვენი ბრიგადის დარჩენილი ნაწილების რაჭაში გადმოსროლა იყო დაგეგმილი - ეს, ალბათ, ბრძოლის დაწყებამდე, რომ ბრიგადას სრული შემადგენლობით ებრძოლა. მერე ისიც გავიგე, ჯერ 3 სპეცრაზმი უნდა შესულიყო ჯავაში, მერე ჩვენ - სენაკის II ბრიგადა. ისე, ეს გეგმა რომ განხორციელებულიყო, ცხინვალის რეგიონს 2 დღეში ავიღებდით, მაგრამ მერე რაც მოხდებოდა, კი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. მე ვიყავი აგვისტოს ომში და თამამად შემიძლია ვთქვა - ოქრუაშვილის 2006 წლის გეგმა პროვოკაცია იყო.

ჩვენ ოს მებრძოლებსა და გადამთიელებს დედას ვუტირებდით, გავანადგურებდით, ორი დღე გავიხარებდით, მაგრამ რუსული ავიაცია იმავე დღეს დაგვაწევდა, რაც 2008 წლის აგვისტოში გვაწვნევინა. რუსეთი 2006 წელსაც იგივე იყო, რაც - 2008 წელს“.

ჩვენი წყარო დარწმუნებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ვა-ბანკზე ღირსების შენარჩუნების გამო მიდიოდა, რათა თავისი დანაქადნები აესრულებინა - 2006 წელს ცხინვალი დაებრუნებინა. თუ ოქრუაშვილი ამას მოახერხებდა, მაშინ ის დაფნის გვირგვინს დაიდგამდა თავზე, მით უფრო, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას, პრეზიდენტი უცხოეთში უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის კი, თანამდებობის მიუხედავად, გავლენით, ოქრუაშვილი მესამე პირი იყო ქვეყანაში და გადაწყვეტილებაზე ხელს კონსტიტუციით მასზე მაღლა მდგომი პირები - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი ხელს ვერ ააღებინებდნენ.

სადღეისო გადასახედიდან, საეჭვო არ არის, რომ ოქრუაშვილი მიზანს ვერ მიაღწევდა. ბრძოლაში რუსეთის ჯარები ჩაებმებოდნენ და ყველაფერი იმაზე უარესად დასრულდებოდა, ვიდრე 2008 წელს. მოკლედ, ოქრუაშვილი თუ საწადელს მიაღწევდა, სააკაშვილის არათუ საპირწონე ლიდერად იქცეოდა, გადაწონიდა კიდეც მას და პრეზიდენტობასაც შეეცილებოდა, მით უფრო, გამარჯვებული ჯარი გამარჯვებულ სარდალს ბოლომდე უერთგულებდა. თუ ოქრუაშვილი ჩაფლავდებოდა, მაშინ ომის დაწყება მიხეილ სააკაშვილს დაბრალდებოდა - ის ვერ დაარწმუნებდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ მისი ნებართვის გარეშე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები მისმა თავდაცვის მინისტრმა.

თუ დაარწმუნებდა, ესეც მეორე უბედურება იქნებოდა სააკაშვილისთვის - მას სუსტი პრეზიდენტის იმიჯი გარანტირებული ექნებოდა ამავე საზოგადოების თვალში, რომელიც თავის თანამოაზრე, თანაგუნდელ გენერალს ვერ აკონტროლებს. მოკლედ, ირაკლი ოქრუაშვილი წაუგებელ თამაშში აპირებდა ჩართვას - თუ მიზანს მიაღწევდა, გმირად იქცეოდა და სააკაშვილის რეალური ალტერნატივა გახდებოდა. სააკაშვილი კი, ოქრუაშვილის ორივე შემთხვევაში წაგებულ თამაშში აღმოჩნდებოდა ჩათრეული. ოქრუაშვილის გამარჯვება მას რეალურ კონკურენტს გაუჩენდა, მარცხი - საერთაშორისო რეპუტაციას შეულახავდა და ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერასაც დაკარგავდა. ფაქტია, უცხოეთის ძლიერი ქვეყნები სტაბილურ ლიდერებს ეხმარებიან, რომლებიც საშინაო პოლიტიკას და მეტადრე, ჯარსა და პოლიციას აკონტროლებენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შეთქმულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საინტერესო ახლა ის არის, ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის გეგმა იყო თუ რუსეთის სპეცსამსახურებიც მუშაობდნენ ჩვენს თავდაცვით სისტემაში, რათა ოქრუაშვილი ამ პროვოკაციას წამოგებოდა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100