ვლადისლავ არძინბას ქვრივი ხაჯიმბას გუნდშია და „ვიცე–პრეზიდენტობას“ აპირებს
აფხაზეთის რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები ახლოვდება, რუსულმა პრესამ კი ერთ–ერთი ოპოზიციური კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერ გუნდში სვეტლანა ჯგერენაია აღმოაჩინა – აფხაზეთის პირველი „პრეზიდენტის“, ვლადისლავ არძინბას ქვრივი. ამის შესახებ ცნობა რუს კოლეგებს აფხაზმა ჟურნალისტმა, ინალ ხაშიგმა მიაწოდა.
როგორც ირკვევა, სვეტლანა ჯგერენაია აფხაზეთის „ვიცე–პრეზიდენტის“ თანამდებობაზეა წარდგენილი და მას ეს თანამდებობა სწორედ რაულ ხაჯიმბამ შესთავაზა. ზემოთხსენებული ინფორმაცია „ნაშა აბხაზიამაც“ დაადასტურა. გამოცემის თქმით, ხაჯიმბა და ჯგერენაია არჩევნებზე წარსდგებიან, როგორც პრეზიდენტობისა და ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატები.
სსრკ–ს სუკ–ის ყოფილი თანამშრომელი, რაულ ხაჯიმბა ჯერ კიდევ 2004 წელს ცდილობდა, აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გამხდარიყო. მაშინ მას ვლადისლავ არძინბას მემკვიდრედ და რუსეთის ფავორიტად მიიჩნევდნენ. ამის მიუხედავად, არჩევნებში მისმა მოწინააღმდეგემ, სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. რუსეთის შუამდგომლობის შემდეგ ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ: ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხოლო ხაჯიმბა – ვიცე–პრეზიდენტი.
მომდევნო „საპრეზიდენტო“ არჩევნები რაულ ხაჯიმბამ ისევ სერგეი ბაღაფშთან წააგო, 2009 წელს. როგორც ცნობილია, აგვისტოში დანიშნული არჩევნები რიგგარეშეა და სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო ტარდება.
კანდიდატების დასახელება აფხაზეთში 27 ივნისს დაიწყო. რაულ ხაჯიმბა უკვე რეგისტრირებულია, როგორც „პრეზიდენტობის კანდიდატი“. მოქმედი მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტობის რეალური კანდიდატები, სავარაუდოდ, ე.წ. ვიცე–პრეზიდენტი, ალერქსანდრე ანქვაბი და პრემიერ–მინისტრი, სერგეი შამბა იქნებიან.
ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი 1994–2004 წლებში იყო. იგი 2010წლის მარტში გარდაიცვალა.
კომენტარი