უკრაინის პროკურატურა ტიმოშენკოს მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულებს?
აშშ–ში უკრაინის ექს–პრემიერ მინისტრის, პავლე ლაზარენკოს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ერთ–ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკო ევგენი შჩერბანის მკვლელობასთან კავშირშია. ამის შესახებ გამომცემლობა „ფოკუსთან“ ინტევიუში უკრაინის მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, რინატ კუზმინმა განაცხადა.
„ლაზარენკოს წინააღმდეგ არსებული ამერიკული საქმის მასალებში საინტერესო ინფორმაციაა. ლაზარენკოს საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ერთ–ერთი მოწმე პირდაპირ ამბობს, რომ შჩერბანის ქილერმა ფული ლაზარენკოსა და ტიმოშენკოს საბანკო ანგარიშებიდან მიიღო. მოწმე ეყრდნობა დამკვეთთან საუბარს, რომელმაც უთხრა: „იულია გადაიხდის“ და ამ სიტყვებში იგულისხმებოდა, რომ იგი სწორედ მკვლელობისთვის გადაიხდიდა“, – ამბობს კუზმინი.
კითხვაზე, წაუყენებს თუ არა ბრალს უკრაინის მთავარი პროკურატურა ტიმოშენკოს მკვლელობასთან დაკავშირებით, კუზმინმა განაცხადა: „ეს მასალები, ისევე როგორც ის მოწმეები, რომლებიც ამერიკელ პროკურორებს აძლევდნენ ჩვენებას, აშშ–შია...“ – ასე რომ, გაურკვეველი რჩება, აპირებს თუ არა უკრაინის პროკურატურა, ტიმოშენკოს ბრალი დამატებით წაუყენოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ევგენი შჩერბანი 1996 წლის 4 ნოემბერს დონეცკში, თვითმფრინავის ტრაპთან მოკლეს.
კომენტარი